გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#080310117001824443
#3/207-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - დ--–- ბ-------ე
წარმომადგენელი - ნ-----------–---ი
მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ე-----------–-–---–ი
მესამე პირი - ზ-----------–----
წარმომადგენელი - ა-----–---–-----ე
დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4956 ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის №4956 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა №24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. ბრძანების გამოცემა მოხდა კანონის დარღვევით, ვინაიდან სამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ჯ-----–---–ის ქუჩაზე ანუ, ტერიტორია მიეკუთვნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №127 დადგენილებით განსაზღვრულ მეორე ზონას. ხოლო, საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ მე-3 ზონაში. აღნიშნული მშენებლობით ირღვევა მოსარჩელის უფლება, ვინაიდან ავტოგასამართი სადგური მდებარეობს მის საცხოვრებელ სახლთან იმდენად ახლოს, რომ შეუძლებელია იქ ცხოვრება, ობიექტი საფრთხის შემცველია და, ამასთან დარღვეულია სანიტარული ნორმები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირის ზ-----------–----ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ-----------–----მ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოიპოვა ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქმის მასალების თანახმად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, 1. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ორ ძირითად ეტაპად, რომლებიც აისახება უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში. 2. უფლებრივი ზონირების პირველი ეტაპი - ზოგადი უფლებრივი ზონირება ეფუძნება მოქმედი გენერალური გეგმით დადგენილ ქალაქმშენებლობით ზონირებას და ასახავს გენერალურ გეგმის მოთხოვნებსა და ზოგადი უფლებრივი ზონირებისათვის, ამ წესებით განსაზღვრულ პირობების შედარება-შეჯერების შედეგებს. 3. ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები ისახება უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში). 4. ზოგადი რუკა შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე გრაფიკული ნახაზის ფორმით. 5. უფლებრივი ზონირების მეორე ეტაპი - დეტალური უფლებრივი ზონირება, მოქმედი გენერალური გეგმით დადგენილი ცალკეული ქალაქმშენებლობითი ზონებისათვის, ადგენს ამ წესებით განსაზღვრულ ქვეზონების შესაძლო სახეობებს და მათი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრებს. 6 დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები ისახება უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში. მე-11 მუხლის თანახმად, 1. უფლებრივი ზონირების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და ნორმატივების, მათ შორის წინამდებარე წესების საფუძველზე განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის /ან ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი ზონირება, რომელიც ახდენს ერთი ან რამდენიმე ფაქტორით, ერთგვაროვანი ტერიტორიული ერთეულების - ზონების იდენტიფიცირებას. 2. უფლებრივი ზონირების განხორციელებისათვის ქალაქ ქუთაისის ტერიტორია, როგორც წესი, იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს: ა) ფუნქციური დანიშნულების მიხედვით - ფუნქციური ზონები; ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით - ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონები; გ) გეგმარებითი შეზღუდვების მიხედვით - გეგმარებითი შეზღუდვების ზონები; დ) ქალაქმშენებლობითი ღირებულების მიხედვით - სხვადასხვა - ქალაქმშენებლობითი ღირებულების ზონები.
ასვე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2, N3-ის, ხოლო, ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა-დანართი N4-ის შესაბამისად.
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 დანართის თანახმად, განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. კერძოდ: დადგენილების N2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ,,ზონალურ ნებართვას’’: ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; ბ) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები; გ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები; დ) მოხუცთა ინტერნატები; ე) საავადმყოფოები; ვ) საცურაო აუზები; ზ) თეატრები; თ) საქალაქო ბიბლიოთეკები; ი) არქივები; კ) მუზეუმები; ლ) საცეკვაო დარბაზები-დისკოტეკები; მ) რესტორნები; ნ) ჯიხურები, დროებითი პავლიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის; ო) ბანკები; პ) მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები; ჟ) ოფისები და კანტორები; რ) სასამართლოები; ს) საეკლესიო ობიექტები; ტ) პოლიციის განყოფილებები; უ) სახანძრო დეპოები; ფ) სასტუმროები; ქ) საზოგადოებრივი ტუალეტები; ღ) ავტოგასამართი სადგურები;
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტში და სიტყვები: ,,ავტოგასამართი სადგურები’’ შეიცვალა ფრაზით: ,,ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური.
დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილება, დანართი 1, დანართი 2 (ტომი 1, ს.ფ. 30-72)
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 73).
4.1.2. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა N1 დანართის შესაბამისად. მე-2 მუხლის თანახმად, ასევე დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური N2 დანართის შესაბამისად.
დანართი N1-ის თანახმად, ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით - 9 აპრილის ქუჩის გავლით - მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–ის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–ის ქუჩას. ჯ-----–---–ის ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩას, იოანე პეტრიწის ქუჩის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა-ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას, შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანეყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე, შემდეგ გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამებას ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა – ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს. ამასთანავე, მეორე ზონის საზღვარში მოქცეულია ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიანი ზოლით.
დანართი 2-ის შესაბამისად, მეორე ზონა /შუალედური/ ა. პირველი ქვეზონა - ტერიტორია, რომელიც მოქცეულია შემდეგ საზღვრებში: ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდიდან, ჩრდილო-დასავლეთით - 9 აპრილის ქუჩის გავლით - მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–ის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–ის ქუჩას. ჯ-----–---–ის ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით ერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის გამზირიდან დასვლეთით შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე, შარტავას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირამდე და ზვიად გამსახურდიას გავლით სრულდება გზაგამტარ ხიდთან. ასევე რუსთაველის გამზირი სხირტლაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით გზაგამტარ ხიდამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანების ზოლი მდინარე რიონამდე. ნოდარ დუმბაძის ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირამდე, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანცთელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, ცენტრალური სტადიონი მიმდებარე ქუჩებით /აკ. ხორავას ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი/, კუპრაძის ქუჩა სოლომონ პირველის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩამდე, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ლონიძის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის გადაკვეთიდან ახალგაზრდობის გამზირამდე, 26 მაისის ქუჩა საფიჩხიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან საფიჩხიის მოედნამდე.
დადგენილია, რომ ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 22 თებერვლის N159 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა N1 დანართის შესაბამისად. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური N2 დანართის შესაბამისად. მე-3 მუხლის თანახმად კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილება.
დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის საზღვრების (ქუჩების მიხედვით) ჩამონათვალი დანართი N5-ის შესაბამისად.
დადგენილია, რომ დღეისათვის მოქმედი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №159 დადგენილებით ჯ-----–---–ის ქუჩა მიკუთვნებულია მეორე ზონას.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილების დანართი N5-ის მე-2 მუხლით განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა - 2-ის საზღვრები: ...ბარნოვის ქუჩის N9-დან ჩამოდის ჯ-----–---–ის ქუჩის N2-მდე, გაივლის რუსთაველის გამზირის N101-მდე და რუსთაველის გამზირის VII ჩიხის 8-მდე...
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილება, დანართი 1, დანართი 2 (ტ.1, ს.ფ. 114-121).
- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 22 თებერვლის N159 დადგენილება დანართი 1, დანართი 2 (ტ.1, ს.ფ. 106-113).
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილება, დანართი N5 (ტ.2, ს.ფ. 166-167).
4.1.3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის წერილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2 და N3-ის, ხოლო ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა-დანართის N4-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ზონირების სავალდებულო რუკის საზღვრების (ქუჩების მიხედვით) ჩამონათვალი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს დანართი N2-ის სახით არ ახლდა. იგი მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 26 აპრილის N176 დადგენილებით ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის დანართი N5-ის სახით.
ამავე წერილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისათვის 2008 წლიდან სავალდებულოა თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის გამოყენება დანართი N4-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ჯ-----–---–ის ქუჩის N2-თან (გამარჯვების მოედანი), ხოლო ჯ-----–---–ის ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის წერილი (ტ.2, ს.ფ.164-165).
- დანართი N4 (ტ.2, ს.ფ.168).
4.1.4. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 4138,00 კვ. მეტრი, ს/კ 03.01.22.005) საკუთრების უფლებით ირიცხება ზ-----------–----ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 187-189);
4.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს ზ-----------–----მ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთში (მის: ქ. ქუთაისი, N24-ში) დაპროექტებული ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ამასთან წარადგინა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განაცხადის თანახმად, მიწის ნაკვეთების მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში - ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრები; ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ - საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 03.01.22.005; მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები - უბანი საერთო გეოლოგიური მონაცემებით მდგრადია და მშენებლობისთვის კარგ პირობებში იმყოფება; მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით. საქ. მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების მე-3 თავის მე-6 მუხლის შესაბამისად - სზ-3; მითითება მიწის ნაკვეთის ზოგადად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ - საცხოვრებელი ზონა; მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ - პერიფერიული; საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია - II კლასის ობიექტი, თხევადი ნივთიერების საცავი პროექტით გათვალისწინებულია 900 ლიტრიანი ტევადობით X3 ცალ მიწის ქვეშა ავზზე, რაც წარმოადგენს 27-30 მ კუბამდე მოცულობას. მარიგებელი სვეტების კონსტრუქციული მალი აღებულია 4 მეტრი; ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები: აღმოსავლეთით-ბეტონის გზა და მდ. ოღასკურა, დასავლეთით ს/კ 03.01.22.005 ნაკვ. განლაგებული 4სრ-ანი ად. შენობა, ჩრდილოეთით სასაფლაოს მიწის ნაკვეთი, სამხრეთით ჯ-----–---–ის ქუჩა. შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის გაანგარიშება: H=6.00; გრაფიკული ინფორმაცია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების თაობაზე. საზოგადოებრივი საზღვრების, წითელი და ლურჯი ხაზების ჩვენებით, მიჯნის ზონების განსაზღვრებით მასშტაბი 1:500 - გენგეგმის მიხედვით; მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 - 0,8 მიწისქვეშა საწვავის რეზერვუარები 6,00X2,50X3ც=45მ.კვ.მ მარიგებელი სვეტების პლატფორმა 6,00 X1,5=9 კვ.მეტრი, სულ 54,00 კვ.მ. 54,00 (საპ)+1535,43 (არს)=1589,43/4138=0,38; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 – 0,3.
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ 1. გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა -განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო - გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანახმად, ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა უბანი მიეკუთვნება 1 (მარტივი) კატეგორიას. 2. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, კერძოდ მდ. რიონის მარცხენა ნაპირის ჭალისზედა ტერასული საფეხურის ნაწილს სამხრეთ-დასვლეთით ოდნავ დახრილი რელიეფით. 3. გაყვანილი გამონამუშევრებით მიწისქვეშა წყლები არ გადაიკვეთა. 4. უბანზე გავრცელებული ძირითადი გრუნტების (თიხნარები) საანგარიშო წინაღობად, თანახმად, მიღებული იქნას -1,50 კგ/ძ/სმ2-ის ტოლად. 6. ს.ნ და წ. ,,სეისმოლოგიური მშენებლობა სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით უბანი მდებარეობს 8 მილიონი სეისმურობის ზონაში. იმავე ნორმატიული დოკუმენტის ცხრილი 1-ის თანახმად, სეისმური თვისებების მიხედვით სამშენებლო ფართში გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: სგე I-ნაყარი და სგე II-თიხნარი - III კატეგორიას. 7. დამუშავების სიძნელის მიხედვით უბანზე გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: ნაყარი და თიხნარი - III ჯგუფს, საშუალო მოცულობითი წონით - 1800 კგ/მ3. 8. გრუნტის გაყინვის ნორმატიული სიღრმე 0,00სმ; 9. თოვლის საფარის წონა - 0,50 კპა; 10. ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა - 0,48 კპა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 273)
- განაცხადი (ტომი 1, ს.ფ. 126-128)
- სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი (ტომი 1, ს.ფ. 274-312)
- საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა (ტომი 1, ს.ფ 230-232)
4.1.6. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 28 ნოემბრის N01/26164 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და აცნობა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა ზ-----------–----მ განცხადებით ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის უფლებისათვის არსებული წესით, შესაბამისი სტადიების გავლით, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია და დაცულია ზემოაღნიშნული წესების და რეგლამენტის მოთხოვნები, - ავტოგასამართ სადგური მიეკუთვნება რისკის შემცველი ობიექტს, ამასთანავე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ განთავსებულია სასაფლაო (ოღასკურა), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი თუ სავაჭრო დანიშნულების ობიექტები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვა საკითხის განხილვა და მოსაზრების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.11. 2016 წლის N01/26164 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 270);
4.1.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის N04/2437 წერილით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერიის 28.11. 2016 წლის N01/26164 წერილის პასუხად) ეცნობა, რომ აღნიშნული ობიექტი ( ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N24-ში) ავტოგასამართი სადგურის ორი მარიგებელი სვეტის შესახებ) არ განეკუთვნება IV კლასის ნაგებობას, შესაბამისად სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში. დამატებით ასევე ეცნობათ, რომ განხილული იქნა პროექტი, რომლის მიმართ გააჩნიათ შენიშვნა, კერძოდ პროექტში გათვალისწინებული სალექარიდან წყალი არ უნდა გადაედინებოდეს სანიაღვრე სისტემაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის N06/2474 წერილით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, 2016 წლის 28 ნოემბრის N01/26164 წერილის პასუხად (რომელიც ეხება ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N24-ში, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების საკითხს) ეცნობათ, რომ პროექტის განმარტებით ბარათში მოხსენებულია მცირე ზომის მიწის ქვეშა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების ნარჩენების მიღებას სპეციალურ კასრში, ხოლო სუფთა წყალი გადაედინება ნიაღვარსადენში, რომელიც განთავსებულია ტერიტორიაზე, ხოლო პროექტში მოცემულია სალექარის ტიპის ნაგებობა, (ტპ 101-15,64-88) შერჩეულია ს.ნ.წ. 11-3476 მიხედვით, რომელიც აღნიშნულ საკითხს არ არეგულირებს. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ კონსულტაციის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ნაგებობა წარმოადგენს ნავთობპროდუქტდამჭერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნავთობდამჭერის მოწყობას შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14. 12. 2016 წლის N04/2437 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 269);
- 20.12.2016 წლის N06/2474 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 268).
4.1.8. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N4612 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N4612 ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 227).
4.1.9. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის №4956 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა №24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის №4956 ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 23 დეკემბერს გაიცა №002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება N4956 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 267)
- №002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 266);
4.1.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N73-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს და აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება სზ-3-ს, სადაც დაშვებულია ასევე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაშია გათვალისწინებული და დაცულია ზემოაღნიშნული წესებისა და რეგლამენტების მოთხოვნები - ავტოგასამართი სადგური მიეკუთვნება რისკის შემცველ ობიექტს, ამასთანავე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ განთავსებულია სასაფლაო (ოღასკურა), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი თუ სავაჭრო დანიშნული ობიექტები. აღნიშნულის გათვალისწინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის N01/26164 წერილით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შემდგომი განხილვისა და თავიანთი მოსაზრების წარდგენის მიზნით, საკითხი გაგზავნილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში’’. სააგენტომ, 2016 წლის 14 დეკემბრის წერილით N04/2437 და 2016 წლის 20 დეკემბრის N06/2474 წერილებით საპროექტო დოკუმენტაციაში მიუთითა შენიშვნა შესწორებული იქნა პროექტის ავტორის მიერ, რომლის შემდგომ შეთანხმდა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N01/3371 წერილი (ტომი 2, ს.ფ. 48-49)
4.1.11. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის N201717921 ბრძანებით მიღებული იქნა ექსპლოატაციაში ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში მშენებლობადასრულებული ავტოგასამართი სადგური (ორ მარიგებელ სვეტზე) საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით 9,00 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N201717921 ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 115-116)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4956 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დროს დარღვეული იქნა საკანონმდებლო მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
- ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
(სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის/მერის ბრძანება; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება; ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4956 ბრძანება და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული 2016 წლის 23 დეკემბრის N002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
მითითებული ბრძანება და სანებართვო მოწმობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო აქტების ბათილობის წინაპირობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა წარმოებული კანონის დარღვევით, ვინაიდან ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილების დანართის მიხედვით ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24 მიეკუთვნება მეორე ზონას, მაშინ როდესაც ამავე საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის დადგენილების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია მესამე ზონაში.
ამდენად, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს თუ რომელ ზონას მიეკუთვნება ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქუჩა N24, რაც ქალაქ ქუთაისის უფლებრივი ზონირების დაყოფის საფუძვლების გათვალისწინებით კონკრეტულ ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების საკითხის გარკვევას ემსახურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები; ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათსარგებლობის დაგეგმვა არის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით; ამავე მუხლის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს; განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა მიწათსარგებლობის (უფლებრივი ზონირების) დაგეგმვის არსია დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა, მისი დაყოფა ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად). ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების და ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი განისაზღვრება „განაშენიანების ძირითადი დებულებებით“ ან/და „განაშენიანების რეგულირების წესებით“ და აისახება მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განაშენიანების რეგულირების წესები“ ადგენს მიწათსარგებლობის ზონებისათვის შემდეგ ძირითად პარამეტრებს: ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, ქალაქთმშენებლობითი პროცესი შეიძლება დარეგულირდეს უფლებრივი ზონირების რუკებით (უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი რუკები).
ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
7.3. საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი. აღნიშნული დადგენილების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წამოადგენდა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების უფლებრივი ზონირება, რომლებიც აისახა უფლებრივ ზონირების შესაბამის რუკებში. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ზოგადი უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში (შემდგომში - ზოგად რუკაში), რომელიც წარმოდგენილი იქნა გრაფიკული ნახაზის ფორმით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ დეტალური უფლებრივი ზონირების მოთხოვნები აისახა უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებში.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები დანართი N1, N2, N3-ის, ხოლო, ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკა-დანართი N4-ის შესაბამისად.
სასამართლო ასევე, მიუთითებს, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების მე-2 დანართით განისაზღვრა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი. N2 დანართის მე-3 ნაწილის (განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)) მე-2 პუნქტის თანახმად, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დაშვებული სახეობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ,,ზონალურ ნებართვას’’ წარმოადგენს - (ღ) ავტოგასამართი სადგურები;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N93 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ’’ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტში და სიტყვები: ,,ავტოგასამართი სადგურები’’ შეიცვალა ფრაზით: ,,ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური. დადგენილების N2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერის სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.
ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა ქალაქ ქუთაისის ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების თვალსაზრისით დასაშვებია, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილების N2 დანართის შესაბამისად, განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3).
რაც შეეხება ჯ-----–---–ის ქუჩის N24-ის ზონალურ მდებარეობას, აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ჯ-----–---–ის ქუჩა N24 მდებარეობს ქალაქის საცხოვრებელ ზონა 3-ში, რაც დასტურდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისის ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის - დანართი N4-ით, რომლის თანახმად, შუალედური ზონა (მე-2 ზონა) მთავრდება ჯ-----–---–ის ქუჩის N2-თან (გამარჯვების მოედანი), ხოლო ჯ-----–---–ის ქუჩის შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა) (სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა). ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას საცხოვრებელ ზონა 2-ში, საქმის მასალებით არ დასტურდება.
7.4. სასამართლო აქვე მიუთითებს ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის N127 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური (N2 დანართის შესაბამისად). მითითებული დადგენილების დანართ N1 და დანართი N2 განსაზღვრავს ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალს და საზღვრების აღწერას, რომლების მიმართაც მოხდა საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა 1 კვ.მ-ზე /ლარი/, სადაც /შუალედური/ მეორე ზონას მიეკუთვნება ,,...სათაფლიის გადასახვევიდან ჯ-----–---–ის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯ-----–---–ის ქუჩას...“ ხოლო საპრივატიზებო საფასურს მითითებული მონაკვეთისათვის განისაზღვრა 1 კვ.მ-ზე 125 ლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი ზონალური დაყოფა ეხება მხოლოდ ქალაქ ქუთაისის ქუჩების ზონალურ დაყოფას საწყისი საპრივატიზებო საფასურის თვალსაზრისით. ქუჩების ზონებად დაყოფა, ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის, განპირობებულია უძრავი ნივთის პრივატიზაციის შემთხვევაში ქონების ღირებულების დადგენის კუთხით, რაც არაფრით არ გულისხმობს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის განხორციელებულ და დადგენილ ზონალურ დაყოფას.
7.5. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილებაზე, რომლის მე-3 მუხლის 43-ე ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;
ამავე მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს;
საქმეში წარმოდგენილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ზ-----------–----ს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი - საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, მშენებლობის გენგეგმა….
2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობის სახეობა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. 24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში, მხარემ აწარმოა ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობა.
2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში წარმოებული მშენებლობა მიეკუთვნება მე-2 კლასის მშენებლობას.
2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად. ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ზ-----------–----მ მშენებლობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინა მშენებლობის შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემობა, რომ დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყო შესაბამის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება.
7.6. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება.
დადგენილების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.
საქმეში წარმოდგენილია საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ჩატარებული იქნა 2016 წლის ოქტომბერში ინდ. მეწარმე ,,რ-----ი ს--–----ის’’ დაკვეთით და ჩატარდა საინჟინრო გამოკვლევა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში ზ-----------–----ს მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის. დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა -განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-ლეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო - გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანამხად, ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა უბანი მიეკუთვნება 1 (მარტივი) კატეგორიას. 2. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, კერძოდ მდ. რიონის მარცხენა ნაპირის ჭალისზედა ტერასული საფეხურის ნაწილს სამხრეთ-დასვლეთით ოდნავ დახრილი რელიეფით. 3. გაყვანილი გამონამუშევრებით მიწისქვეშა წყლები არ გადაიკვეთა. 4. უბანზე გავრცელებული ძირითადი გრუნტების (თიხნარები) საანგარიშო წინაღობად, თანახმად, მიღებული იქნას -1,50 კგ/ძ/სმ2-ის ტოლად. 6. ს.ნ და წ. ,,სეისმოლოგიური მშენებლობა სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით უბანი მდებარეობს 8 მილიონი სეისმურობის ზონაში. იმავე ნორმატიული დოკუმენტის ცხრილი 1-ის ტანახმად, სეისმური თვისებების მიხედვით სამშენებლო ფართში გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: სგე I-ნაყარი და სგე II-თიხნარი - III კატეგორიას. 7. დამუშავების ისძნელის მიხედვით უბანზე გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: ნაყარი და თიხნარი - III ჯგუფს, საშუალო მოცულობითი წონით - 1800 კგ/მ3. 8. გრუნტის გაყინვის ნორმატიული სიღრმე 0,00სმ; 9. თოვლის საფარის წონა - 0,50 კპა; 10. ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა - 0,48 კპა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქ. N24 მიეკუთვნება პერიფერიულ ზონას (მე-3 ზონა), სადაც დაშვებულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
7.7. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, II კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე.
ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის N4612 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2016 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში, მდებარე მიწის ნაკვეთში, ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება ითხოვა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 23 დეკემბრის N4956 ბრძანებით, შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა №24-ში მდებარე ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და ამავე ბრძანების საფუძველზე გაიცა №002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
7.8. 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია თუ რას უნდა მოიცავდეს II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, კერძოდ: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ; ა.ბ) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.გ) განმარტებით ბარათს; ა.დ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.დ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.დ.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.დ.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.დ.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.დ.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500; დ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; ე) შენობა-ნაგებობის ფასადებს; ვ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონასა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟს და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალების და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტდისკზე JPG ფორმატის ფაილებით), ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირების თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერის კატალოგის მიხედვით დაკონკრეტებით; ზ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით); თ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); ი) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და ნაგვის ურნების განთავსების ადგილს; კ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ლ) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას; მ) თვალსაჩინო ადგილზე საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელ ფოტოსურათს (გადაღებული შორი და ახლო მანძილიდან); ნ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით; ო) ინფორმაციას შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს და პირად ნომერს;
საქმეში წარმოდგენილია შეთანხმებული სამშენებლო პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნებთან და აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4956 ბრძანებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N002327 მშენებლობის სანებართვო მოწმობის - ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ.N24-ში მდებარე, მოქალაქე ზ-----------–----ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა სამშენებლო ნებართვის კანონშესაბამისობა, ხოლო მოსარჩელე დ--–- ბ-------ის მიერ ვერ იქნა მითითებული სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7.9. 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ისეთი ვითარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება სხვა პირს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო განიხილავდა რა ზ-----------–----სათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს, ცხადია ვერ დაადგენდა იმ პირთა წრეს ვისაც შეიძლება ინტერესი გასჩენოდა განსახილველი საკითხის მიმართ. აღნიშნულზე მოსარჩელეს შეეძლო და ვალდებულიც იყო ეზრუნა თავად, ხოლო ის გარემოება, რომ მისი სახლის მომიჯნავედ იგეგმებოდა მშენებლობა,მისთვის ცნობილი იყო სამშენებლო ადგილზე განთავსებული ინფორმაციით მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაინტერესებული პირი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი განცხადებით დ--–- ბ-------ეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის არ მიუმართავს.
7.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ აქტის არსებობით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის N4956 ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N24-ში მდებარე, ზ-----------–----ს კუთვნილი მიწის ნაკვეთში, ავტოგასამართი სადგურის (ორ მარიგებელ სვეტზე) მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, გაცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადაო აქტი არის აღმჭურველი ხასიათის, მის საფუძველზე დაწყებული მშენებლობა დასრულებულია.
7.11. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის ანაზღაურება მოპასუხეს არ დაეკისრება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ--–- ბ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი