გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002447011 (2-286/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - თე---------–--ე
მოპასუხე - სსიპ ,,სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ი“
წარმომადგენელი - გიორგი ტარუღიშვილი
დავის საგანი: იძულებითი განაცდური სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - სსიპ სა-–---------------------–------ს (ამჟამად სსიპ ,,სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ი“) დაეკისროს თე---------–--ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის 3085. 16 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა თე---------–--ის სარჩელი, სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა“ და თე---------–--ეს შორის 2015 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულება მიჩნეული იქნა უვადო ხელშეკრულებად და მოპასუხე სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს “ დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. თავდაპირველი სარჩელით თე---------–--ეს არ მოითხოვია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ დადგენილი ფაქტია, რომ გათავისუფლების გამო 9 თვის განმავლობაში არ ვერ იღებდა ხელფასს, ამის გამო ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, იძულებული გახდა ბანკიდან გამოეტანა სესხი, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს მთლიანად გადახდილი. სამსახურში იქნა აღდგენილი, მიმართა განცხადებით და მოითხოვა ხელფასი, მაგრამ არ აუნაზღაურეს 9 თვის განაცდური მიუღებელი ხელფასი , რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის სსიპ ,,სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ი“-ს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთანავე განმარტავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლებიდან 2016 წლის 1 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე 2016 წლის 4 ოქტომბრამდე სავარაუდო ხელზე ასაღები თანხა შეიძლება ყოფილიყო 2681,10 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თე---------–--ე 2016 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხ---–--ს რაიონულ სამსახურში მძღოლის პოზიციაზე, იგი გათავისუფლებული იქნა სამუშაოდან იმ საფუძვლით, რომ გაუვიდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა. ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა თე---------–--ის სარჩელი, სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა“ და თე---------–--ეს შორის 2015 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულება მიჩნეული იქნა უვადო ხელშეკრულებად და მოპასუხე სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს “ დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
-მხარეთა ახსნა- განმარტებები.
3.1.2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2016 წლის 4 ოქტომბრის N12/873/კ ბრძანებით თე---------–--ე აღდგენილი იქნა სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხ---–--ს რაიონული სამსახურის მძღოლის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2016 წლის 4 ოქტომბრის N12/873/კ ბრძანება.
3.1.3. მოსარჩელე თე---------–--ეს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 04 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდური ხელფასის თანხა არ მიუღია. ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო ცხრა თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს 2722.20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
--სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის წერილი
- სს ,,ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი ანგარიშიდან თანამდებობრივი სარგოს დარიცხვის შესახებ
3.1.4. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის N197 დადგენილებით განხორციელდა სსიპ- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია და იგი გარდაიქმნა სსიპ-სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ად, წარმოადგენს უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის N197 დადგენილება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ თე---------–--ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ-სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადად ცხრა თვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2722.20 ლარი, ხელზე ასაღები საშემოსავლოს გარეშე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს შრომის კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. . საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა თე---------–--ის სარჩელი, მოპასუხეს დაევალა მისი სამუშაოზე აღდგენა, რაც განხორციელდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2016 წლის 4 ოქტომბრის N12/873/კ ბრძანებით. აღნიშნულის მიუხედავად, სრულად არ იქნა აღდგენილი მოსარჩელის შრომითი უფლებები, არ მიეცა იძულებითი განაცდური ხელფასის თანხა, რის გამოც მას კვლავ მოუწია სარჩელით მიმართვა სასამართლოსათვის.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით-საქართველოს შრომის კოდექსით, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 ე მუხლის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ არ საჭიროებენ მტკიცებას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე თე---------–--ე უკანონოდ იქნ გათავისუფლებული სამსახურიდან. ასევე დადგენილია, რომ თე---------–--ე 9 თვის განმავლობაში არ ღებულობდა ხელფასს, რითაც მიადგა გარკვეული მატერიალური ზიანი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დასახელებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ გათავისუფლებამდე თე---------–--ეს წინა ცხრა თვის განმავლობაში ხელზე ასაღები ხელფასის სახით მიღებული აქვს 2722.20 ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ დადასტურებულია სსიპ- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრალეულობა თე---------–--ის იძულებით მოცდენაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უფლებამონაცვლე სსიპ-სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ს უნდა დაეკისროს თე---------–--ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება, რომელიც უნდა განისაზღვროს გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული ხელფასის მიხედვით, რაც ცხრა თვის განმავლობაში შეადგენს 2722.20 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.თე---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე სსიპ სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ს მოსარჩელე თე---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სამუშაოდან გათავისუფლების გამო ცხრა თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2722, (ორი ათას შვიდას ოცდაორი) ლარის და 20 თეთრის ოდენობით, ხელზე ასაღები საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
2. მოპასუხე სსიპ სა----------------–------------------–----------------------–---------------–------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაცაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე