გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/57-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.06.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს------------------------------------–-----ი”
წარმომადგენელი არკადი პარუნიანი
მოპასუხე შპს ”რ-----------------ი”
წარმომადგენელი ირაკლი ნინუა
დავის საგანი სადაზღვევო პრემიის დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ”რ-----------------ისათვის 29 454,06 ლარის დაკისრება;
სარჩელის გარემოებები:
2016 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება N VMI-BY-0118/16, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს რ-----------------ის თანამშროემლები და მათი ოჯახი წევრების ჯანმრთელობა. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე იღებდა ჯამურად 1 065 127.20 ლარის ოდენობით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, საზღურის გადახდის ვადის გადცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტელო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დაზღვევის ხელშეკრულების თანახადმ დამზღვევის მიერ დანიშული პირის ლევან გოცაძის მეშვეობით პერიოდულად ხდებოდა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები, შესაბამისად იცვლებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა. მოპასუხემ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის ნაწილი. მოპასუხეს გადასახდელი აქვს სადაზღვევი პრემიის დავალიანება 29 454.06 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს ”რ-----------------ი» სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:
სარჩელის ჩაბარებამდე შპს რ-----------------ის ხელმძრავნელობა სეართპოდ არ იყო ინფორმირებული 2016 წლს 27 მარტს სს ჯიპიაი ჰოლდინგთან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების თაობაზე. საზოგადოების დირექტრორის ცვლილების შედეგად ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ხელმძღვნელებს არ გადასცემიათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით მთლიანდ ამოღებულია შპს რ-----------------ის საფინანსო დოკუმენტაცია, რის გამოც არ ფლობენ ინფორმაციას მოსარჩელესთან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების ოდენობის და გადახდევის შესახებ, რის გამოც მხოლოდ მოსარჩელის მიერ შედგენილი ცნობის საფუძველზე სადაზღვევო პრემიის დავალიანების დადგენა საფუძველს მოკლებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება N VMI-BY-0118/16, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს რ-----------------ის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოპასუხის მიერ ჯამურად 1 065 127.20 ლარის ოდენობით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ამასთან, საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად დამზღვევის მიერ დანიშნული პირის ლევან გოცაძის მეშვეობით პერიოდულად ხდებოდა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები, შესაბამისად იცვლებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს რ-----------------ის საკონტაქტი პირია ლევან გოცაძე. ხელშეკრულებით დაზღვეულია შპს „რ-----------------ის“ უმაღლესი რანგის 12 თანამშრომელი, საშუალო რგოლის 120 თანამშრომელი და 1987 რიგითი თანამშრომელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 42-43)
- სარჩელი (ს.ფ.2-5, ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 58-61. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (05.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს რ-----------------ს გადასახდელი აქვს სს ს------------------------------------–-----ისათვის სადაზღვევო პრემიის დავალიანება 29 454.06 ლარი.
2016 წლის 27 მარტს სს სადაზღვევი ჯიპიაი ჰოლდინგსა და შს რ-----------------ს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საგანია შპს „რ-----------------ში“ დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო პრემია დაანგარიშდება დანართი N1 და N2-ში წარმოდგენილი პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისად. ამასთან, პრემიის სრულად გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება დამზღვევს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, საწყისი საკონტრაქტო პრემიაა 1 065 127.0 ლარი. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ყოველთვიური გადახდისას საწყისი საკონტრაქტო პრემიის 1/12 ნაწილი ფიქსირებულად. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის არაუგვიანეს 28 რიცხვამდე. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში ავტომატურად ხდება გრაფიკით გადასახდელი პრემიის კორექტირება.
დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, შპს „რ-----------------ის“ მხრიდან საკონტაქტო პირია ლევან გოცაძე, რომელთანაც ელექტრონული წერილების გაცვლით თანხმდებოდა დაზღვევის ხელშეკრულებაში ცვლილებები. კერძოდ, ლევან გოცაძემ 2016 წლის 14 აპრილის, 28 აპრილის, 15 მაისის, 1 ივნისს, 16 ივნისის, 22 ივნისის, 29 ივნისის, 18 ივლისის, 15 აგვისტოს, 30 აგვისტოს, 15 სექტემბრის, 1 ოქტომბრის, 13 ოქტომბრის, 31 ოქტომბრის, 1 ნოემბრის, 15 ნოემბრის, 1 დეკემბრის, 16 დეკემბრის, 30 დეკემბრის, 13 იანვრის, 30 იანვრის წერილებით სადაზღვევო კომპანიას ეცნობა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ შპს რ-----------------მა 2017 წლის 3 იანვარს გადაიხადა სექტემბრის თვის სადაზღვევი პრემია 89 909 ლარი, 2016 წლის 8 ივნისს გადაიხადა აპრილის თვის პრემია 88 673.50 ლარი, 2016 წლის 18 ივნისს გადაიხადა ივნისის თვის პრემია 89 801.17 ლარი, 2016 წლს 18 ივნისს გადაიხადა მაისის თვის პრემია 89 801.06 ლარი, 2016 წლის 18 აგვისტოს გადაიხადა 90 691.66 ლარი ივლისის თვის პრემია, 2016 წლის 24 ნოემბერს 90 287.76 ლარი აგვისტოს თვის პრემია.
მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ სადაო თანხა არის 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდის სადაზღვევო პრემიის დავალიანება.
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის განმარტებით, საზოგადოების დოკუმენტაცია ფინანსური პოლიციის მიერ არის ამოღებული და მას არ გააჩნია დოკუმენტაცია, რომლითაც შეუძლია გადაამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინების საფუძველზე შპს „რ-----------------იდან“ ფინანსური პოლიციის მიერ ამოღებულია საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
დაზღვევის ხელშეკრულებაში დაზღვეულის ვალდებულებაა სადაზღვევო პრემიის გადახდა, შესაბამისად მას ევალება წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, 1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
მოპასუხეს არ უსარგებლია ამ ნორმით დადგენილი მისი საპროცესო უფლებით და სასამართლოში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა ფინანსური პოლიციიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს რ-----------------ის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას, მოპასუხის უფლებამოსილი პირი შპს რ-----------------ის დაზღვეული თანამშრომლების ვინაობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდიდა მოსარჩელეს. ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის, თვეების სადაზღვევო ანაზღაურება. მოპასუხე პერიოდულად. ყოველთვიურად იხდიდა სადაზღვევო პრემიის თანხას.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად ძირითადად იმ ფაქტს მიუთითებს, რომ საზოგადოებაში ამჟამად არ ინახება საფინანსო დოკუმენტაცია და ამის გამო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შემოწმების შესაძლებლობა არა აქვს, თუმცა მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობა არ წარმოუდგენია. ასევე არ წარმოუდგენია მოსარჩელისათვის საბანკო გადარიცხვის გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები. ამდენად, მოპასუხემ შეჯიბრებითობის პრინციპით მინიჭებული საპროცესო უფლება არ გამოიყენა და ვერ უარყო სარჩელში მითითებული ფაქტები.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ელექტრონული წერილების ასლები (ს.ფ. 22-44. ტომი 1)
- საგადასახადო დავალებების ასლები (ს.ფ. 45-50)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 51. ტომი 1)
- დადგენილება დოკუმენტაციის ამოღების შესახებ (ს.ფ. 126-133. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებები ვერ მიუთითა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 799-ე, 316-ე, 429-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა არის დაზღვევის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. 2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას დამზღვევს (სადაზღვევო კომპანიას) გადაუხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული სადაზღვევო პრემია.
დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სადაზღვევო პრემია უნდა გადაეხადა ჯამურად 1 065 127,20 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად ჯამური თანხის 1/12 ის გადახდით. თანხა უნდა გადაეხადა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე გადახდით. ამდენად, მოპასუხის ვალდებულება ფულადი ვალდებულების შესრულებაში გამოიხატება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა. კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით, რომელიც ვალდებულებას კრედიტორის მიმართ ასრულებს. ვალდებულება წყდება, როდესაც ნაკისრი ვალდებულება სრულდება კრედიტორის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. „მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვნაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა უცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. (უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-570-541-2015).
უზენაესი სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
ამ პრინციპიდან გამომდინარე მოვალისათვის საჭირო მტკიცებულებას წარმოადგენს კრედიტორისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მას არ გააჩნია მოსარჩელისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია ან რომ მოთხოვნილი თანხის დაზღვევის მომსახურება მოპასუხეს არ გაუწევია ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე შემოიფარგლა მოხლოდ იმის მითითებით, რომ საზოგადოებისათვის ეს მტკიცებულებები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მათი გამოუთხოვის შუამდგომლობა არ აღუძრავს.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო ერთერთ არგუმენტად მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ინვოისი, რომლითაც მოსარჩელემ მას მოსთხოვა ამ თანხის გადახდა. მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების 3,7 პუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით და ამავე მუხლით დადგენილი ოდენობით, ინვოისის წარდგენის საფუძველზე. ამასთანავე, მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან.
ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვოისის წარდგენის გზით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება, თუმცა ხელშეკრულებაშია ასევე დათქმა, რომლის მიხედვით ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლეს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიის გადახდა ყოველთვიურად სახელშეკრულებო ჯამური თანხის 1/12 ნაწილის ოდენობით, რა შეადგენს თვეში 88 760,6 ლარს. სექტემბრის პრემია გადახდილია 89 909 ლარი, აპრილის პრემიაა 88 673,50 ლარი, ივნისის პრემია 89 801,17 ლარი, მაისის პრემია 89 801,06 ლარი, ივლისი პრემია 90 691,66 ლარი, აგვისტოს პრემია 90 287,76 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სახელშეკრულებო პრემიის ოდენობის შეცვლა შპს რ-----------------ში დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა ცვლილებების შესაბამისად. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში დაზღვეულ პირთა რაოდენობა იცვლებოდა, პერიოდულად იზრდებოდა დაზღვეულ პირთა რაოდენობა, რაც თავდაპირველად შეთანხმებული სადაზღვევო პრემიის ცვლილების საფუძველიცაა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება მოვალის ვალდებულებაა, შესაბამისად მოვალემ უნდა მიიღოს ზომები, რათა კრედიტორის მიმართ ვალდებულება შესრულდეს სრულად, შეთანხმებული პირობების დაცვით. მოვალის ამ ვალდებულების გამო, სასამართლოში დავის განხილვისას მას ეკისრება საპროცესო ტვირთი, დაასაბუთოს ვალდებულების შესრულების გარემოებები ან ასეთი ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავი გარემოებები.
მოპასუხე სარჩელს უარყოფს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნია ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, ეს საბუთები სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილი იყო სასამართლოში აღეძრა შუამდგომლობა მისთვის საჭირო მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, რაც არ წარმოუდგენია. ამდენად, მან დასაბუთებულად ვერ უარყო სარჩელში მითითებული ფაქტები.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”ს------------------------------------–-----ის” სარჩელი;
1.1. შპს ”რ-----------------ს" დაეკისროს სს ”ს------------------------------------–-----ისათვის” 29 454,06 ლარის გადახდა;
2. შპს ”რ-----------------ს" დაეკისროს სს ”ს------------------------------------–-----ისათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 884 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი