გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
351210018002373399
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

35---------------9

საქმე №2-100-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

13 ივნისი, 2018 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - შპს ,,ფი-------------------ი“

წარმომადგენელი - სა-–----------------ი

მოპასუხე - ზა------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზა------------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ფი-------------------ის“ სასარგებლოდ 1407 ლარის და 20 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 550 ლარი, პროცენტი - 98,20 ლარი და პირგასამტეხლო - 759 ლარი.

 

სარჩელის მიხედვით, 27.06.2016 წელს შპს ,,სი----–------ა“ და ზა------------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №52---7, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 550 ლარის ოდენობით. 2016 წლის 24 აგვისტოს უნდა მომხდარიყო სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს - 101,20 ლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 3 ლარი, გადასახდელი დარჩა 98.20 ლარი. მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, მან დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. აღნიშნული გახდა შპს ,,სი----–------ს“ მიერ მსესხებლისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის დარიცხვის საფუძველი, ჯამში 759 ლარის. შპს ,,მი----------------------------–-----------------–-----------------ა“ და შპს ,,ფი------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა ზა------------–-–---–ის მიმართ, კერძოდ - 1407,20 ლარი. მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მოქმედებს არაკეთილსინდისიერად და ზიანს აყენებს მოსარჩელეს, არ ახდენს თანხის დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ზა------------–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ ცნობს სარჩელს ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში, არ ცნობს დანარჩენ ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი თანხა ძალიან მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 27.06.2016 წელს შპს ,,სი----–------ა“ და ზა------------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №52---7, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 550 ლარის ოდენობით. 2016 წლის 24 აგვისტოს უნდა მომხდარიყო სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს - 101,20 ლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 3 ლარი, გადასახდელი დარჩა 98.20 ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ხელშეკრულება და ინფორმაცია მსესხებელზე (ს.ფ. 17-29).

- თანხის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 31);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. შპს ,,მი----------------------------–-----------------–-----------------ა“ და შპს ,,ფი------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა ზა------------–-–---–ის მიმართ, კერძოდ - 1407,20 ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 33 ).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზა------------–-–---–სა და შპს ,,სი----–------ს“ შორის 27.06.2016 წელს დაიდო სესხის ხელშეკრულება №52---7, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 550 ლარის ოდენობით. გადავადებით, 2016 წლის 24 აგვისტოს უნდა მომხდარიყო სესხის ძირითადი თანხის - 550 ლარის და საკომისიოს - 101,20 ლარის გადახდა, მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 3 ლარი. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 80 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ფი-------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე - ზა------------–-–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფი-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 728 (შვიდას ოცდარვა) ლარის და 20 (ოცი) თეთრის გადახდა, საიდანაც 550 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 98,20 ლარი - პროცენტი, 80 ლარი - პირგასამტეხლო;

 

3. მოპასუხე - ზა------------–-–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფი-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 6 ლარის და 33 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;

 

4. მოსარჩელე - შპს ,,ფი------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 19 ლარი და 54 თეთრი;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილებისასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი