გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
210210117001888672
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210210117001888672

საქმე № 2/332-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.07.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლი მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: სს ,,კრ----------ი’’

მოსარჩელის წარმომადგენელი: ქე---------–---–ი

მოპასუხეები: გი-----------------–---–ი, ბე------------–---–ი, მა--------–---–ი

მოპასუხე გი-----------------–---–ის წარმომადგენელი: შა-–--------------–---–ი

მოპასუხე ბე------------–---–ის წარმომადგენელი: გი---------------ე

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გი-----------------–---–ს, ბე------------–---–ს და მა--------–---–ს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 7471,59 ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 5000 ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 174,52 ლარს, დაზღვევა 22,07 ლარს, ჯარიმა 2275 ლარს.

 

2) მოპასუხე გი-----------------–---–ს, ბე------------–---–ს და მა--------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 224,15 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის განსაზღვრული ბაჟი 50 ლარი.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2015 წლის 15 ოქტომბერს სს ,,კრ----------ისა’’ და გი-----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 12 თვე. ყოველთვიური სარგებელი 2.25%. 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,კრ----------სა’’ და ბე------------–---–სა და მა--------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 7471.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 5000 ლარი, პროცენტი 174.52 ლარი, დაზღვევა - 22.07 ლარი, ჯარიმა - 2275 ლარი.

 

თავდებების ბე------------–---–ისა და მა--------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 6500 ლარის ფარგლებში.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, 5000 ლარის ნაწილში. სადავოდ გახადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 15 ოქტომბერს სს ,,კრ----------სა’’ და გი-----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 12 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 15 ოქტომბრის სს ,,კრ----------სა’’ და გი-----------------–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (ს/ფ 20-22)

 

3.1.2. 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,კრ----------სა’’ და ბე------------–---–სა და მა--------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 13 ოქტომბრის სს ,,კრ----------ისა’’ და ბე------------–---–სა და მა--------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;(ს/ფ 23-26)

 

3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 7471.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 5000 ლარი, პროცენტი 174.52 ლარი, დაზღვევა - 22.07 ლარი, ჯარიმა - 2275 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა დავალიანების შსახებ (ს.ფ. 40)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისს ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიიერ დარღვეულ იქნა საბანკო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ვინაიდან იგი არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,კრ----------სა’’ და ბე------------–---–სა და მა--------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები, ბანკის წინაშე სრულად აგებდა პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდა ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარა მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა თავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა იმ ნაწილშიც რა ნაწილშიც მან არ ცნო სარჩელი. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სარჩელის ცნობის ნაწილში მას უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

უზრუნველყოფის ღონისძიება აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს გი-----------------–---–ს, ბე------------–---–სა და მა--------–---–ს (ბე------------–---–ისა და მა--------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვროს 6500 ლარის ფარგლებში) სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5651.59(ხუთი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებს გი-----------------–---–ს, ბე------------–---–სა და მა--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 54.60(ორმოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

3. მოსარჩელის დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 153.90(ას ორმოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი