გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
030210018002316679
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210018002316679

N2/177-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე შპს "მ------“

წარმომადგენელი ე---------- ს----–---–ი,მოპასუხე ო----- გ-----ი,დავის საგანი თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ო----- გ-----ს დაეკისროს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ 1028 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 350ლარი, სარგებელი - 63 ლარი და პირგასამტეხლო - 615 ლარი.

 

1.2.მოპასუხე ო----- გ-----ს დაეკისროს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარისა და სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა N-80728 ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ო----- გ-----ზე გაიცა სესხი - 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტი 30 დღეზე განისაზღვრა 18%-ით. ყოველდღიური (პირგასამტეხლო) – 1,5% ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე. მოაპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1028 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 63 ლარი და პირგასამტეხლო - 615 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის 350 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „მ------სა“ და ო----- გ-----ს შორის, 2016 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა N-80728 ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება; სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულების შესაბამისად, პროცენტი 30 დღეზე განისაზღვრა 5,85%-ის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,4%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1028 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 350 ლარი, სარგებელი - 63 ლარი და პირგასამტეხლო - 615 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

შპს „მ------ს“ სარჩელი, ო----- გ-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ო----- გ-----ს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 474,50 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 350 ლარი, სარგებელი 63 ლარი, პირგასამტეხლო - 61,50 ლარი) გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 17 სექტემბერს N 80728 ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა სესხი 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

 

ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის - 350 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს „მ------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ ო----- გ-----მა მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღო 350 ლარი, 30 დღის ვადით, სესხის გაცემის სარგებელი 30 დღეზე შეადგენდა 18%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვახტანგ ეჯიბაძე მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე სარგებლის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მ------“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 615 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო 615 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 615 ლარი უნდა შემცირდეს 61,50 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მოპასუხე ო----- გ-----ს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 6,03 ლარის გადახდა.

 

შპს „მ------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 17,02 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 16.02.2018 წელი, საგადასახადო დავალება 27), ხოლო 26,95 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

მოპასუხე ო----- გ-----ს მოსარჩელე შპს „მ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 41,12 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მ------ს“ სარჩელი, ო----- გ-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.მოპასუხე ო----- გ-----ს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 474,50 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 350 ლარი, სარგებელი 63 ლარი, პირგასამტეხლო - 61,50 ლარი) გადახდა.

 

3.მოპასუხე ო----- გ-----ს მოსარჩელე შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 41,12 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ო----- გ-----ს შპს „მ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 6,03 ლარის გადახდა.

 

5. შპს „მ------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 17,02 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 16.02.2018 წელი, საგადასახადო დავალება 27), ხოლო 26,95 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე