გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002115017
N2/973
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------"
წარმომადგენელი ტ------–---------ე
მოპასუხე ს--------–-----–-ა
წარმომადგენელი მ-------------–-ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1200 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 06 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ელექტრონული სესხის №521374 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, 2017 წლის 04 თებერვლამდე, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 400 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 112 ლარი დაებრუნებინა 28 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახადა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 668 ლარი. ს--------–-----–-ამ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ დაფარა სესხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც ერიცხება დავალიანება.
2017 წლის 04 თებერვლის მდგომარეობით, ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე--------------ს მიმართ ერიცხება 1200 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 400 ლარი, 112 ლარი - სარგებელი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და 668 ლარი - პირგასამტეხლო.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 330 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი 400 ლარის, სარგებლის 112 ლარის და ერთჯერადი ჯარიმის 20 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ცნო ნაწილობრივ - წლიური 7,3% ოდენობით, რაც შეადგენს 20,16 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 06 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 400 ლარის ოდენობით, 2017 წლის 04 თებერვლამდე. სესხი გაიცა 28 დღის ვადით, რომლის პროცენტი შეადგენდა 112 ლარს.
3.1.2. 2017 წლის 04 თებერვალს მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 06 იანვრის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სარჩელი ს--------–-----–-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 565 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი - 112 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო - 33), გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ს--------–-----–-ამ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია და მხარეებიც არ თვლიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 06 იანვარს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "----------------" და ს--------–-----–-ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხის თანხა 400 ლარის ოდენობით, 2017 წლის 04 თებერვლამდე. სესხი გაცემულ იქნა 28 დღის ვადით, რომლის პროცენტიც შეადგენდა 112 ლარს. ამასთან, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 04 თებერვალამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ ს--------–-----–-ას 2017 წლის 06 იანვრის სესხის ხელშეკრულებით აკისრია 400 ლარი სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელზე შეთანხმება მსესხებელს აკისრებს იმგვარ ვალდებულებას, როგორიც მას გააჩნია ძირითადი თანხის გადახდის მიმართ. ამიტომ მოპასუხეს სარგებლის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა სარგებლის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი შესაბამისობაშია სახელშეკრულებო პირობებთან და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია. ამდენად, ს--------–-----–-ა ვალდებულია სარგებელი, რომელიც შეადგენს 112 ლარს მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად და ამ ნაწილშიც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ხელშეკრულება მოიცავდა მითითებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 1,5 პროცენტის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო შემცირებული სახით 330 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მხარეები მოქმედებენ რა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო რაოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კ--------ორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 33 ლარი ნაცვლად 330 ლარისა, ასევე დაეკისროს ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
მოპასუხე ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2.71 ლარის გადახდა.
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--- კ--------ს" უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 14.09.2017 წ. საგადასახადო დავალება 1) 32,02 ლარი, ხოლო 15,27 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სარჩელი ს--------–-----–-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 565 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 112 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 33), გადახდა.
3. ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
4.მოპასუხე ს--------–-----–-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2.71 ლარის გადახდა.
5.შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ე--- კ--------ს" დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 14.09.2017 წ. საგადასახადო დავალება 1) 32,02 ლარი, ხოლო 15,27 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე