გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28678-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სსიპ სა------------------------------–----------ო
წარმომადგენლები - თა----------–---–ი, თე---------–------ი
მოპასუხე - შპს „ფენ------“
წარმომადგენლები - ვა------------ე (დირექტორი), ცე-------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 55 800 ლარის გადახდა.
1.2. შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადაუხდელობისა (2017 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით) და მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში - 38 531.2 ლარის ოდენობით.
1.3. შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 55 800 ლარის 0,1%-ის ოდენობით 2017 წლის 23 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 06 ივლისს სსი----------------------------------–---------ოსა და შპს „ფენ------“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ფენ------“-მა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა შპს „ფენ------“-ის მიერ ზემოთ მითითებული სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების პრივატიზება.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შპს „ფენ------“-ს დაეკისრა ვალდებულება ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 105 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა საპრივატიზებო საფასური. ამავე ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღია - 2016 წლის 05 ივლისი, ხოლო საპრივატიზებო თანხა შეადგენს - 73 000 ლარს. ამდენად, შპს „ფენ------“-ს 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით სრულად უნდა გადაეხადა 73 000 ლარი, თუმცა მის მიერ, სარჩელის აღძვრის დროისთვის, გადახდილი აქვს მხოლოდ 17 200 ლარი. კერძოდ, გადახდილია საპრივატიზებო საფასური ბეს სახით - 7 200 ლარის ოდენობით, 2016 წლის 23 დეკემბერს - 7 800 ლარი და 2017 წლის 06 იანვარს - 2 200 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი საპრივატიზებო საფასური შეადგენს - 55 800 ლარს.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, დადგენილი წესით საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 6.2. მუხლის თანახმად, კი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა იქნეს გადახდილი პირგასამტეხლო.
2016 წლის 06 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები ტერიტორიიდან გაეტანა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 06 ივლისს, აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, კი 4.1.1. მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, აღნიშნული ვალდებულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა.
2017 წლის 16 მარტს შპს „ფენ------“-ის დირექტორმა სსი----------------------------------–---------ოში წარადგინა №--------- წერილი, რომელსაც დაურთო ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ექსპერტიზის დასკვნა - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებისა და დემონტირებული სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის შესახებ.
ხელშეკრულბის 6.3. პუნქტის თანახმად, 4.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 14 თებერვალს შპს „ფენ------“-ის დირექტორმა სსი----------------------------------–---------ოს №6------- წერილით აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებული იყო. ამდენად, ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 38 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, 2017 წლის 06 იანვრიდან 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 38 დღიან ვადაგადაცილებაზე შპს „ფენ------“-ს ეკისრება პირგასამტეხლო 19 000 ლარის ოდენობით.
2016 წლის 31 ოქტომბერს (წერილი №2-----), 2016 წლის 16 დეკემბერს ( წერილი №3----8), 2017 წლის 07 იანვარს (წერილი №5---) და 2017 წლის 12 აპრილს (წერილი№1----1) სსიპ სა------------------------------–---------ტომ წერილებით მიმართა მოპასუხე შპს „ფენ------“-ს, რომლითაც აცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ და მიუთითა გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის იმ დროისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. ასევე, მოპასუხეს განუსაზღვრა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე პირგასამტეხლოს გადახდის ვადა. ამასთან, 2017 წლის 12 აპრილის წერილით, მოპასუხეს, ასევე ეცნობა ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოეთხოვა არაუგვიანეს წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, გასხვისებულია თუ არა დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მეორადი სამშენებლო მასალები, ხოლო თუ გასხვისებულია, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენა. თუმცა, მიუხედავად, არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეს არ შეუსრულებია მის მიერ ნაკისრი ვალდებულება.
ამდენად, არსებული მდგომარეობით, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ფენ------“-ს მოსარჩელის მიმართ საპრივატიზებო საფასურის სახით გადასახდელი აქვს - 55 800 ლარი. ამასთან, ვინაიდან 2016 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის 338 დღიანი ვადაგადაცილება, ამ დროისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 19 531.2 ლარს ((73000-7200)*01%*64+(73000-15000)*0.1%*14+(73000-17200*0.1%*260). ხოლო, ვინაიდან, ასევე სახეზეა ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით დადგენილი ვალდებულების - სამშენებლო ნარჩენების გატანის ვალდებულების შესრულების 38 დღიანი ვადაგადაცილება, აღნიშნულიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 19 000 ლარს (38*500=1900).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვნად მაღალი იყო საპრივატიზებო ღირებულება, მოპასუხემ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად დაფარვა. ამასთან, მართალია გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ეჭქვეშ დგება ხელშეკრულების საერთო ღირებულება 73 000 ლარი, კერძოდ უცნობია რა მეთოდით იქნა დადგენილი საპრივატიზებო ღირებულება. ამასთან, მოსარჩელე, შესაგებელში უთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყველა ნაწილში არის ძალიან მაღალი.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე, ასევე განმარტა, რომ მის მიერ შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და დემონტირებული მასალის გატანის ვალდებულება სრულად არის შესრულებული. მან საკუთარი სახსრებით მოახდინა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. ასევე საკუთარი სახსრებით გადაიხადა საპრივატიზებო საფასურის ნაწილი. თუმცა, ვინაიდან დემონტაჟის შედეგად არ იქნა მიღებული იმ სახის მეორადი მასალა, რაც იყო გათვალისწინებული, მან ვერ მოახერხა საპრივატიზებო თანხის სრულად გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის, სსიპ სა------------------------------–----------ოს თავმჯდომარის 2016 წლის 20 ივნისის №116/ს ბრძანებისა და 2016 წლის 05 ივლისს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ №82473 ელექტრონულ აუქციონში „გამარჯვების დადასტურების“ საფუძველზე, 2016 წლის 06 ივლისს სსი----------------------------------–---------ოსა და შპს „ფენ------“-ს შორის გაფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ფენ-------მა“ მოსარჩელის მიმართ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა თბ--–--–-----------------------ში მდებარე 8 606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშნებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა. იმავე ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა შპს „ფე----ის“ მიერ სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების პრივატიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
3.1.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შპს „ფენ------“-მა იკისრა ვალდებულება გადაეხადა საპრივატიზებო საფასური ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 105 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად - ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღია - 2016 წლის 05 ივლისი, ხოლო საპრივატიზებო საფასური - 73 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
3.1.3. სსი----------------------------------–---------ოსა და შპს „ფენ------“-ს შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ფენ------“-ის მიერ გადახდილია საპრივატიზებო საფასური - 17 200 ლარის ოდენობით. კერძოდ, ბეს სახით გადახდილია - 7 200 ლარი, 2016 წლის 23 დეკემბერს - 7 800 ლარი და 2017 წლის 06 იანვარს - 2 200 ლარი. ხოლო დარჩენილი საპრივატიზებო საფასური - 55 800 ლარის ოდენობით მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (იხ. ს.ფ. 45, 47, 49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის თანახმად, შპს „ფენ------“-მა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8 606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 01.18.05.0---0--) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 თვის ვადაში. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, აღნიშნული ვალდებულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, შპს „ფენ------“-ს სსი----------------------------------–---------ოსათვის უნდა წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა ყოფილიყო „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
3.1.5. ხელშეკრულების 6.2. და 6.3. პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების - ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან დადგენილ ვადაში გატანის შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
3.1.6. სსი----------------------------------–---------ოს შპს „ფენ------“-ის დირექტორის - ვა------------ის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს წერილობით ეცნობა, რომ შპს „ფენ------“-სა და სსი----------------------------------–---------ოს შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე №1 და №2 მიწისქვეშა შენობა-ნაგებობაზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებული იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ფენ------“-ის დირექტორის 2017 წლის 14 თებერვლის წერილი (იხ. ს.ფ. 60);
3.1.7. შპს „ფენ------“-ის დირექტორმა - ვა------------ემ 2017 წლის 16 მარტს სსი----------------------------------–---------ოს წარუდგინა ამ უკანასკნელსა და შპს „ფენ------“-ის შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნა, რომლის თანახმად შპს „ფენ------“-ის მიერ ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე წარმოებულია მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობაზე) შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოები, ასევე ტერიტორიიდან გატანილია სამშენებლო მასალები და ნარჩენები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ფენ------“-ის დირექტორის 2017 წლის 16 მარტის წერილი (იხ. ს.ფ. 62);
- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 63-70);
3.1.8. შპს „ფენ------“-ის მიერ, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 14 თებერვალს, 38 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, სსიპ სა------------------------------–----------ოს მიერ შპს „ფენ------“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ჯამში - 19 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
- შპს „ფენ------“-ის დირექტორის 2017 წლის 14 თებერვლის წერილი (იხ. ს.ფ. 60);
- სსიპ სა------------------------------–----------ოს 2017 წლის 12 აპრილის წერილი (იხ. ს.ფ. 71-72);
3.1.9. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისათვის შპს „ფენ------“-ს ეკისრება პირგასამტეხლო 2016 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, 338 დღიანი ვადაგადაცილებისათვის ჯამში - 19 531.2 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-30);
- სსიპ სა------------------------------–----------ოს წერილები (იხ. ს.ფ. 51, 53-54, 56-57, 71-72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.10. შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს მხრიდან, არაერთი წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ჯეროვნად არ შეუსრულებია მხარეთა შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სა------------------------------–----------ოს წერილები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ. 51-58; 71-74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ სადავო გარემოებას ხელშეკრულების კაბალურობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულება იყო კაბალური წარმოადგენს ახალ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებებს სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეს ხელშეკრულების კაბალურობასთან დაკავშირებით არ მიუთითებია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც მითითებული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სსიპ სა------------------------------–----------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 477-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო, ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივლისს სსი----------------------------------–---------ოსა და შპს „ფენ------“-ს შორის გაფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სსიპ სა------------------------------–---------ტომ შპს „ფენ------“-ს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე - ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 და №2 (მიწისქვეშა ნაგებობა) შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 01.18.05.0---0--) ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღებ მეორად საამშენებლო მასალებზე. ხელშეკრულების თანახმად, საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა - 73 000 ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან (2016 წლის 05 ივლისი) 105 კალენდარული დღის ვადაში. მოპასუხემ, ასევე იკისრა ვალდებულება ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები ტერიტორიიდან გაეტანა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ხოლო დემონტირებული სამშენებლო მასალები და ნარჩენი მოპასუხის მიერ გატანილ იქნა ტერიტორიიდან. შესაბამისად, მოპასუხემ საკუთრებაში მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო საფასური. კერძოდ, მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ 17 200 ლარი, ხოლო საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი 55 800 ლარის ოდენობით მის მიერ გადახდილი არ არის.
ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს „ფენ------“-მა განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და საკუთრებაში მიიღო დემონტირებული მასალა, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 55 800 ლარის გადახდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასური იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან მოპასუხემ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად ვერ მიიღო ის მასალა რაც მის ინტერესში შედიოდა და რის გამოც გაფორმდა ზემოთ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო. კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, მის მიერ არ იქნა გადახდილი საპრივატიზებო საფასურის ნაწილი - 55 800 ლარის ოდენობით, ასევე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები ტერიტორიიდან გატანილ იქნა 38 დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა.
ამასთან, მოსარჩელის მიერ სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის 38 დღიანი ვადაგადაცილებისათვის მოპასუხეს სსიპ სა------------------------------–----------ოს მიერ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 19 000 ლარი, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის დღიდან 2016 წლის 19 ოქტომბრიდან 2016 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა - 19 531.2 ლარის ოდენობით.
მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
ამდენად, მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. კერძოდ, ვინაიდან პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნა გამომდინარეობს ერთი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისა (2017 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით) და სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო ჯამში - 3000 ლარის ოდენობით.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 2017 წლის 23 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის - 55800 ლარის 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა მისი გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ფენ------“-ის მიერ განხორციელდა ქ. თბი-–--–------------------------ში მდებარე 8606 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს საპრივატიზებო საფასურის ნაწილი 17 200 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 55 800 ლარი მოპასუხეს დაეკისრა სასამართლოს მიერ. ამასთან, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა 2829.94 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე, კი 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან სსიპ სა------------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ფენ------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (ჯამში 58 800 ლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1746 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, სსიპ სა------------------------------–----------ოს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სა------------------------------–----------ოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ (ლიცენზირებულ) ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე შპს ,,ფენ------''-ის (ს/კ 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს - 55 800 ლარის ფარგლებში. ამასთან, განჩინებით განისაზღვრა, რომ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორებისთვის და შრომის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო გასაცემ/გადასახდელ თანხებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სა------------------------------–----------ოს სარჩელი შპს „ფენ------“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 55 800 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს „ფენ------“-ს სსიპ სა------------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 3000 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისათვის 2017 წლის 23 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის - 55800 ლარის 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე