გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
080210116001523385
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2337-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - მ----- ა---–------ი;

წარმომადგენელი - ვ-------ი კ-------–---ი;

 

მოპასუხე - შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“;

წარმომადგენელი - თ------ გ-----ე;

მოპასუხე - ი-------------------------ი;

მოპასუხე - შპს ,,ტ----–“;

წარმომადგენელი - ე-–----- ზ------ი;

წარმომადგენელი - გ------- ზ-----–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“ და შპს ,,ტ----–“-ს 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის 16300 აშშ დოლარის გადახდა მ----- მ-------–-–---–ის მიერ მოთხოვნის უფლება გადაცემულ - მ----- ა---–------ის სასარგებლოდ.

 

1.2. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“, შპს ,,ტ----–“-ს და ი-------------------------ს მ----- მ-------–-–---–ის მიერ მოთხოვნის უფლება გადაცემულ - მ----- ა---–------ის სასარგებლოდ, მიყენებული ქონებრივი ზიანის 450 000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მითითებით 2010 წლის 02 დეკემბერს მ----- მ-------–-–---–სა და შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“ და შპს ,,ტ----–“-ს შორის დაიდო ნოტარიალურად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ----- მ-------–-–---–ს ამ ორგანიზაციებიდან უნდა ესესხა 40 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ----- მ-------–-–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს: ქ. ქუთაისი, წ------------ის მეორე შესახვევი N18-ში. აღნიშნული ბინა ამ ხელშეკრულების დადებამდე დატვირთული იყო იპოთეკით ნ-----–- კ--–--–--ას მიერ, რომლისგანაც ნასესხები ჰქონდა მ----- მ-------–-–---–ს 17 700 აშშ დოლარი. 2010 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად 40 000 აშშ დოლარის გადაცემა მოხდებოდა მას შემდეგ როდესაც ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინაზე მოიხსნებოდა ნ-----–- კ--–--–--ას მიერ დადებული იპოთეკა და პირველი რიგის იპოთეკარები გახდებოდნენ მოპასუხეები. შეთანხმებისამებრ შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-მა და შპს ,,ტ----–“-მა ნ-----–- კ--–--–--ას გადაუხადეს 17700 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ისინი დარეგისტრირდნენ იპოთეკარებად, მაგრამ მათ არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, 40 000 აშშ დოლარის ნაცვლად გადასცეს 23 700 აშშ დოლარი (ამ თანხიდან 17 700 აშშ დოლარი გადაეცა ნ-----–- კ--–--–--ას). ფაქტიურად ამ ორგანიზაციებმა მოატყუეს მ----- მ-------–-–---–ი და მას არ გადაუხადეს დარჩელი 16 300 აშშ დოლარი. შემდეგ მათ აიღეს სააღსრულებლო ფურცელი ნოტარიუსისგან და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით აუქციონზე გაყიდეს 540 000 ლარად ღირებული მ----- მ-------–-–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისი, წ------------ის მეორე შესახვევი N18-ში, რომელიც აუქციონზე იყიდა გამსესხებელი პირების მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა ი-------------------------მა, რომელიც არ არის კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან გასესხებული თანხის ნაწილი სინამდვილეში მისი კუთვნილიც იყო და იცოდა ამ თანხის თაობაზე. სააღსრულებო ბიურომ მ----- მ-------–-–---–ი გამოასახლა სახლიდან, რომელიც არის მძიმედ ავად და დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობს შემწეობას. მ----- მ-------–-–---–მა ოჯახის ინტერესების დაცვის მიზნით სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გადასცა მის მეუღლეს, მ----- ა---–------ს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი (40 000 აშშ დოლარი) მსესხებელს გადაეცემოდა 2 ნაწილად. სესხის პირველი ნაწილი 17 700 აშშ დოლარი მსესხებელს უნდა გადაცემოდა იპოთეკით დასატვირთ უძრავ ქონებაზე გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო დარჩენილი ნაწილი 22 300 აშშ დოლარი - მას შემდეგ, რაც გამსესხებელი იქნებოდა ერთადერთი იპოთეკარი უძრავ ქონებაზე (ანუ გაუქმდებოდა პირველი რიგის იპოთეკარის - ნ-----–- კ--–--–--ას სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა).

 

ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია, კერძოდ, ბრალდება, რომ მ-------–-–---–ს სესხის თანხა არ მიუღია სინამდვილეს არ შეესაბამება, რასაც ადასტურებს 02.12.2010 წლის ხელწერილები სესხის თანხის სრულიად და ჯეროვნად მიღების თაობაზე. მ-------–-–---–მა ნამდვილად მიიღო სესხის თანხა, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის და საქმის მასალებში არ მოიპოვება. რომც ყოფილიყო რაიმე სახის დარღვევა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მ-------–-–---–ი ხელშეკრულების გაფორმებიდან (2010 წლის დეკემბერი) დღემდე (თითქმის 6 წელი გავიდა) არ შეეცდებოდა მის გამოსწორებას. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება გაფორმდა და მ----- მ-------–-–---–ს სესხი გადაეცა, რომც ყოფილიყო რაიმე სახის მოთხოვნა იგი ხანდაზმულია; კერძოდ ს.ს.კ.-ის 129-ე მუხლის თანახმად: „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს“... რადგანაც სარჩელი აღძრულია თანხის ნაწილში (მოძრავი ნივთი, ქონება) და რადგანაც ხელშეკრულების გაფორმებიდან/სესხის გაცემიდან (02.12.2010წ.) დღემდე გასულია 5 სრული წელი, 11 თვე და რამდენიმე დღე-მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

ი-------------------------ი კეთილსინდისიერი შემძენია, კერძოდ: უძრავი ქონება: ქ. ქუთაისი, წ------------ის მეორე შესახვევი №18, საკადასტრო კოდი: 0----------- - საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის თანახმად (კერძოდ: „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია ...“) აუქციონზე ნამდვილად შეიძინა ი-------------------------მა. ქონების შეძენის უფლება არ იზღუდება არც შიდასამართლებრივი და არც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით.

 

გრენიკასი არა მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენია, მან სრულიად კანონიერად შეიძინა უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ საჯარო აუქციონში (რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ პირს, თუნდაც პირადად მ-------–-–---–ს ან მისი ოჯახის წევრს) და შეძენილი ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

 

გრენიკასი არა მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენი, არამედ კეთილსინდისიერი ადამიანია, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ აუქციონზე შეძენის შემდგომ, კერძოდ, 2012 წლის მაისიდან 2016 წლის თებერვლის თვემდე (თითქმის 4 წელი) მ-------–-–---–ი ცხოვრობდა აღნიშნულ ქონებაში; ამ დროის მანძილზე არაერთხელ იყო მცდელობა- შეთავაზება თუნდაც ნაწილობრივი გადახდებით გამოესყიდა მ-------–-–---–ს ქონება, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გრენიკასმა გამოიჩინა კეთილი ნება და მ-------–-–---–ს ფინანსურად დაეხმარა 5.000 ლარით, ასევე უქირავა საცხოვრებელი ფართი, რისთვისაც დამატებით გადაუხადა ქირა 3.000 ლარი და თავისი ხარჯებით უზრუნველყო მ-------–-–---–ის ნივთების ტრანსპორტირება ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო განცახდება, როგორც ხანდაზმული და უსაფუძვლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-მა და შპს ,,ტ----–“-მა მ----- მ-------–-–---–ს ასესხა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის სარგებლის დარიცხვით, თვეში 2000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) თვე.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა და მასზე დარიცხული 5%, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი გრაფიკით: 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - სესხის გაცემისთანავე, 2010 წლის 2 დეკემბერს; 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - 2011 წლის 2 თებერვლამდე; 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (სესხის ძირითად თანხას - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - დამატებული ბოლო თვის სარგებელი) – 2011 წლის 2 მარტამდე;

 

მთლიანად გამსესხებლის მიერ მისაღები თანხა შეადგენს 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ამასთან, თითოეული თვის სარგებლისა და სესხის ძირითადი თანხის 50% მსესხებელმა უნდა გადაუხადოს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“, ხოლო 50% - შპს ,,ტ----–“-ს.

 

სესხის გაცემა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე გამსესხებელი ახალი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დარეგისტრირებული იქნება იპოთეკარად საჯარო რეესტრში.

 

ვინაიდან მესაკუთრის ქონება დატვირთულია იპოთეკით და აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილი ჯამური მოთხოვნა შეადგენს 17 700 აშშ დოლარს, მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების და გამსესხებლის საჯარო რეესტრში იპოთეკარად რეგისტრაციის შემდგომ მესაკუთრე მიიღებს 17 700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, ხოლო დარჩენილ თანხას (ძირითად თანხას გამოკლებული 17 000 აშშ დოლარი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში მესაკუთრე მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამსესხებელი რეგისტრირებული იქნება ერთადერთ იპოთეკარად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 22-27).

 

3.2.2. 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ----- მ-------–-–---–ის უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 22-27).

 

3.2.3. ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 02 დეკემბრის ხელწერილით დადგენილია, რომ მ----- მ-------–-–---–მა 2010 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-ის დირექტორის, მ--–- ზ----ს მინდობილი პირის ე-–------- მ---------ისა და შპს ,,ტ----–“-ის დირექტორის, მ-------იზოვისგან მიიღო 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის პირველი ნაწილი 17 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც დაადასტურა ხელმოწერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 02 დეკემბრის ხელწერილი (ტომი I, ს.ფ. 88).

 

3.2.4. ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 02 დეკემბრის ხელწერილით დადგენილია, რომ მ----- მ-------–-–---–მა 2010 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-ის დირექტორის, მ--–- ზ----ს მინდობილი პირის ე-–------- მ---------ისა და შპს ,,ტ----–“-ის დირექტორის, მ-------იზოვისგან მიიღო 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის დარჩენილი ნაწილი 22300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც დაადასტურა ხელმოწერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 02 დეკემბრის ხელწერილი (ტომი I, ს.ფ. 89).

 

3.2.5. ვინაიდან მ----- მ-------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, 2011 წლის 28 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, სადაც მითითებული იქნა რომ მ----- მ-------–-–---–მა არ შეასრულა 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკით დადგენილი ვალდებულება გადახდის მესამე ეტაპზე. მსესხებელმა გადაიხადა პირველი 3 თვის გადასახდელი 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს სესხის ძირითად თანხაზე დარიცხულ თვიურ სარგებელს. შესაბამისად, მსესხებლის მიერ შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულების მოცულობა არის შემდეგი: სესხი - 40 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში); პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის (40 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარებში) 0.3% (საფუძველი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მუხლი 3.3.), რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 120 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში). რამდენადაც ვადის გადაცილება დაიწყო 2011 წლის 3 მარტს, შესაბამისად, 0.3%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2011 წლის 03 მარტს.

 

სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, იპოთეკის საგანია მ----- მ-------–-–---–ის უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებლო ფურცელი (ტომი I, ს.ფ. 28-30).

 

3.2.6. 2012 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს NA---------------- განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------), ონლაინ აუქციონზე იყიდა ი-------------------------მა 87 500 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს NA---------------- განკარგულება (ტომი I, ს.ფ. 90).

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 20-21).

 

3.2.7. 2012 წლის 17 იანვრის უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------), შეფასებულია 250 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 17 იანვრის უძრავი ქონების აუდიტორული შეფასება (ტომი I, ს.ფ. 91).

 

3.2.8. 2016 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------), შეფასებულია 450 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 33).

 

3.2.9. 2018 წლის 25 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------), საბაზრო ღირებულება შეადგენს 152 800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 25 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა (ტომი I I, ს.ფ. 96-104).

 

3.2.10. მ----- ა---–------ი და მ----- მ-------–-–---–ი იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობენ შემწეობას.

 

მ----- მ-------–-–---–ი არის ავად, მას აქვს ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი და ასტიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (ტომი I, ს.ფ. 19).

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 31-32).

 

3.2.11. 2017 წლის 28 თებერვალს მ----- მ-------–-–---–მა გააფორმა ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება და ყველა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერსები დაუთმო მის მეუღლეს, მ----- ა---–------ს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-ის, ი-------------------------ის და შპს ,,ტ----–“-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დროს. ასევე მიანიჭა უფლებამოსილება მ----- ა---–------ს აღნიშნული უფლება და მიღებული მოთხოვნა წარადგინოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციაში, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 თებერვლის ცესის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 186-187).

 

3.2.12. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს მ----- მ-------–-–---–სა და შპს ,,ტ----–“-ს და შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“ შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. მხარეებს შორის სადავოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს სრულად არ მომხდარა თანხის 40 000 აშშ დოლარის გადაცემა, არამედ მოხდა მხოლოდ 17 700 აშშ დოლარის გადაცემა. მოპასუხე კი ამტკიცებს საწინააღმდეგოს და უთითებს, რომ მან პირადად გადასცა სესხის თანხა და სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის დასტურადაც წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთ პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“, შპს ,,ტ----–“-სა და მ----- მ-------–-–---–ს შორის და ამ უკანასკნელმა მიიღო 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ----- მ-------–-–---–ის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხეებისაგან თანხა სრულად არ მიუღია. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, მას აკისრია საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მას თანხა სრულად არ მიუღია. მოსარჩელე აღნიშნულს ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით, მას ამ გარემოების დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს სათანადო რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება (გარდა მოსარჩელის ზეპირი განმარტებისა), რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს დადგენილად მიიჩნიოს ფაქტი იმის შესახებ, რომ მას თანხა სრულად არ მიუღია, მოპასუხემ კი მის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, სადაც მითითებულია, რომ მ----- მ-------–-–---–მა მიიღო 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ,,ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება”.

 

ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები გამოცხადდნენ ნოტარიუსთან და გამოხატეს ნება, მ----- მ-------–-–---–მა 2010 წლის 02 დეკემბერს ორ ეტაპად მიიღო 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა განუმარტა ხელწერილის გაფორმების სამართლებრივი შედეგები და ტექსტზე მოაწერინა ხელი.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტით ,,სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სანოტარო აქტს აქვს უდავო მტკიცებულების ძალა, ამიტომ ამ მტკიცებულებას სხვა მტკიცებულებებთან შედარებით უპირატესი ძალა ენიჭება. მოსარჩელემ ამ მტკიცებულებათა გასაბათილებლად მტკიცებულებები არ წარმოადგინა. მას საშუალება ჰქონდა ნოტარიუსთან განემარტა, რომ განიცდიდა იძულებას, მაგრამ მას მსგავსი რამ არ გაუკეთებია. პირიქით დაადასტურა, რომ მისთვის ნათელია გარიგების შედეგი და მოაწერა ხელი. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო იზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სესხი 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ა---–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს კონსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გადასახდელი აქვს 16 300 აშშ დოლარი და ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს 16 300 აშშ დოლარი, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, მხოლოდ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-მა და შპს ,,ტ----–“-მა მ----- მ-------–-–---–ს ასესხა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის სარგებლის დარიცხვით, თვეში 2000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა და მასზე დარიცხული 5%, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი გრაფიკით: 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - სესხის გაცემისთანავე, 2010 წლის 2 დეკემბერს; 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - 2011 წლის 2 თებერვლამდე; 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (სესხის ძირითად თანხას - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში - დამატებული ბოლო თვის სარგებელი) – 2011 წლის 2 მარტამდე;

 

მთლიანად გამსესხებლის მიერ მისაღები თანხა შეადგენდა 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ამასთან, თითოეული თვის სარგებლისა და სესხის ძირითადი თანხის 50% მსესხებელმა უნდა გადაუხადოს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“, ხოლო 50% - შპს ,,ტ----–“-ს.

 

სესხის გაცემა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე გამსესხებელი ახალი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დარეგისტრირებული იქნება იპოთეკარად საჯარო რეესტრში.

 

ვინაიდან მესაკუთრის ქონება დატვირთულია იპოთეკით და აღნიშნული იპოთეკით უზრუნველყოფილი ჯამური მოთხოვნა შეადგენს 17 700 აშშ დოლარს, მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების და გამსესხებლის საჯარო რეესტრში იპოთეკარად რეგისტრაციის შემდგომ მესაკუთრე მიიღებს 17 700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, ხოლო დარჩენილ თანხას (ძირითად თანხას გამოკლებული 17 000 აშშ დოლარი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში მესაკუთრე მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამსესხებელი რეგისტრირებული იქნება ერთადერთ იპოთეკარად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 02 დეკემბრის ორი ხელწერილით დადგენილია, რომ მ----- მ-------–-–---–მა 2010 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-ის დირექტორის, მ--–- ზ----ს მინდობილი პირის ე-–------- მ---------ისა და შპს ,,ტ----–“-ის დირექტორის, მ-------იზოვისგან მიიღო 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის პირველი ნაწილი 17700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც დაადასტურა ხელმოწერილით, ასევე მიიღო მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის დარჩენილი ნაწილი 22300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც დაადასტურა ხელმოწერილით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცებას, რომ სულ შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-მა და შპს ,,ტ----–“-მა სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მ----- მ-------–-–---–ს გადასცა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

 

მ----- მ-------–-–---–მა დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც 2011 წლის 28 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და მის საფუძველზე მოხდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, იპოთეკის საგანია მ----- მ-------–-–---–ის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, წ-----------ის მეორე შესახვევი N18 (საკადასტრო კოდი N0-----------).

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეზე მხარეებს შორის 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვას.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულების, გადაუხდელობის გამო მასზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 450 000 ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამასთან ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, მაგრამ ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ასევე იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შეთხვევაში სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესზე, რომლებითაც აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმით მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე ზიანის ანაზღაურების სახით 450 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან საქმის გარემოებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ასეთი ზიანი მოსარჩელეს მიადგა სწორედ მოპასუხეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საერთოდ არ არის დადასტურებული მოსარჩელეზე 450 000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელე მ----- ა---–------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მ----- ა---–------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.5. მოპასუხეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.

 

სასამართლო სრულად იზიარებს მათ განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (სახელშეკრულებო ვალდებულება), მოვალე მ----- მ-------–-–---–მა შპს ,,ტ----–“-ისგან და შპს ,,ვ.გ.ჰ. ჯ---------------------ს“-გან მიიღო 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა სამი თვით. ამდენად, მ----- მ-------–-–---–ისათვის, 2011 წლის 03 მარტისათვის ცნობილი იყო, რომ მან თანხა სრულად ვერ მიიღო. სწორედ 2011 წლის 03 მარტიდან უნდა აითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ანუ მ----- ა---–------ს 2014 წლის 03 მარტამდე უნდა წარმოედგინა სარჩელი სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

იპოთეკა სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით აქცესორულ უფლებას წარმოადგენდა, რომელიც გამომდინარეობდა ძირითადისაგან, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებაზეც, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას აღარ იძლევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი და იღებენ საარსებო შემწეობას. შესაბამისად, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე მ----- ა---–------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი-------------------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ.ქუთაისი, წ------------ის მეორე შესახვევი N18-ში, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- ა---–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი-------------------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ.ქუთაისი, წ------------ის მეორე შესახვევი N18-ში, საკადასტრო კოდი: 0-----------.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა