გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
010210117001675736
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117001675736

2-80/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16/05/2018 წელი ქ.ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ‘’K------------------------------------------’’

წარმომადგენელი: მ-------------ე

მოპასუხე: შპს ‘’N-----------’’

წარმომადგენელი: ე-----------–-------------–-------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. მოსარჩელის პოზიცია:

,,K------------------------------------------”-მა სასარჩელო აღძრა შპს ,,N-----------”-ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 43 591.80 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მხარეებს შორის არსებობს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები. მოპასუხე მოსარჩელისაგან პერიოდულად ყიდულობდა სამშენებლო სარემონტო მასალებს და თავის მხრივ რეალიზაციას უკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე. მოპასუხე შეძენილი საქონლის ღირებულებას იხდიდა საქონლის შეძენის შემდგომ, პერიოდულად. 2013-2014 წლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 217 915.68 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი 169 884.27 აშშ დოლარი. მას გადასახდელი დარჩს 43 591.80 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს ,,N-----------” იქნებოდა მოსარჩელის პროდუქციის დისტრიბუტორი საქართველოში. შესაბამისად მან იკისრა ვალდებულება მიეღო მოსარჩელის პროდუქცია და საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველეყო მისი რეალიზაცია. ასეთი შეთანხმება მხარეებმა დადეს ზეპირად, ასევე დამატებით შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის კუთვნილი საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური შემოტანის და რეალიზაციის უფლება ექნებოდა 2015 წლიდან. ამ პერიოდამდე მოპასუხე ღებულობდა მოსარჩელის საქონელს და რეალიზაციას უწევდა საქართველსო ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,N-----------” მოსარჩელისაგან მიიღებდა საქონლის სრულ პარტიებს და იქნებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი. აღნიშნულის გამო მოპასუხე გავიდა ხელშკრულებიდან და აღარ გაყიდა მოსარჩელის კუთვნილი საქონელი. მხარეთა შორის ხელშკრულების შეწყვეტის გამო მას არ აქვს ვალდბეულება მოსარჩელეს გადაუხადოს საქონლის ღირებულება. მისი ვალდებულებაა მოსარჩელეს დაუბრუნოს ის საქონელი, რაც მასთან დარჩა ხელშკრულების შეწყვეტის შემდეგ. ის მზადაა დარჩენილი საქონელი დაუბრუნოს უკან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ,,K------------------------------------------”-ს და შპს ,,N-----------”-ის შორის არსებობს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები. მოპასუხე მოსარჩელისაგან პერიოდულად ღებულობდა სამშენებლო სარემონტო მასალებს. მოპასუხე საქონელს უკეთებდა რეალიზაციას და პერიოდულად მოპასუხეს უგზავნიდა მიღებული საქონლის ღირებულებას.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

ინვოისები და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.ს.ფ. 26-54.

 

3.1.2. 2013-2014 წლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 217 915.68 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, მოპასუხემ გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულების ნაწილი 169 884.27 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

ინვოისები და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.ს.ფ. 26-54.

 

3.1.3. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,N-----------”-ს არ გაქვს გადახდილი შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი 43 591.79 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

- 2013 წელში მხარეთა შეთანხმების შინაარსი.

- მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების შინაარსი და დანიშნულება (ანუ ნასყიდობაა თუ დისტრიბუცია).

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. ასევე თავად განსაზღვრავენ, რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, 2013 წელში მხარეთა შეთანხმების შინაარსისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების დანიშნულების მტკიცების ტვირთი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მხარეები შეთანხმდენ დისტრიბუციის საკითხზე, ანუ მასზედ, რომ მოპასუხე მიიღებდა მოსარჩელის საქონელს, გაყიდდა საქართველოს ტერიტორიაზე და მიღებულ თანხას დაუბრუნებდა მოსარჩელეს. სანაცვლოდ კი მიიღებდა გარკვეულ ანაზღაურებას. ასევე მან უნდა დაამტკიცოს, რომ საქონელს ღებულობდა არა როგორც ნასყიდობის ანგარიშში, არამედ როგორც დისტრიბუციის საგანს.

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.5. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების გამყარების მიზნით წარმოადგინა თურქეთის ,,EXSIMBANK”-ის წერილი, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, ელექტრონული მიმოწერების ამსახველი დოკუმენტები და თავისი ზეპირი განმარტება.

იხ. თურქეთის ,,EXSIMBANK”-ის წერილი.

თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი.

3.2.6. მოპასუხის მიერ საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი თურქეთის ,,EXSIMBANK”-ის წერილი და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საერთოდ არაა დაკავშირებული მხარეთა მოლაპარაკებასთან და იგი არ გამოდგება არც პირდაპირ და არც ირიბ მტკიცებულებად.

იხ. თურქეთის ,,EXSIMBANK”-ის წერილი.

თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი.

3.2.7. ელექტრონული მიმოწერების ამსახველ დოკუმენტებში საუბარია მხარეთა სავაჭრო ურთიერთობაზე, მაგრამ მასში არაა მითითებული ის, რომ მოპასუხე მოსარჩელის საქონლის დისტრიბუციას უწევს ან გაუწევს 2013-2014 წლებში. პირიქით მასში საუბარია საქონლის შეძენაზე, დავალიანების გადახდაზე, ბონუსის დაწესებაზე და ა.შ. სხვა საკითხებზე. მასში ასევე ჩანს მოპასუხის პრეტენზია დისტრიბუციის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმოწერებში არაა მითითებული მოსარჩელის თანხმობა.

იხ. ელექტრონული მიმოწერების ამსახველი დოკუმენტები.

3.2.8. დისტრიბუციაზე შეთანხმების ერთერთ მტკიცებულებად მოპასუხემ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. მან ზეპირად განმარტა, რომ მოსარჩელისაგან საქონელი არ უყიდია. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ მოპასუხე არაა მისი დისტრიბუტორი, მასტან არ აქვს გაფორმებული დისტრიბუციის ხელშეკრულება. მან მოპასუხეს მიყიდა სამშენებლო მასალები და მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს დადებული. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქონლის ნასყიდობა, ან დისტრიბუციაზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება დისტრიბუციის ან ნასყიდობის ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაში დისტრიბუციაზე შეთანხმების დადასტურებისათვის მოპასუხემ წარმოადგინა ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები და თავისი ზეპირი განმარტება. სასამართლოს ვალდებულებაა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის ამსახველი მტკიცებულებები და განმარტოს არის თუ არა ის სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც შეიძლება დადგინდეს საქონლის დისტრიბუციაზე შეთანხმება. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქონლის დისტრიბუციას სჭირდება სათანადო შეთანხმება. იმისათვის რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ექსკლუზიურად მიიღოს საქონელი და ის იყოს ამ საქონლის ერთადერთი გამსაღებელი საქართველოს ტერიტორიაზე, ამისათვის აუცილებელია წერილობითი შეთანხმება. მათ შორის წერილობითი შეთანხმება უნდა იყოს ხელშეკრულების ფორმაში. მხარეთა მიმოწერა ხელშეკრულება არაა. ხშირად ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს მხარეთა კონსულტაციები. ამ მიზნით ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ელექტრონულად ერთმანეთს უგზავნიან წინადადებებს, საუბრობენ ტელეფონით, ან კიდე სხვა საშუალებებით ერთმანეთს ათანხმებენ წინადადებებს და საბოლოო ჯამში თანხმდებიან, რის საფუძველზეც დებენ ხელშეკრულებას. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა კონსულტაციები, მიმოწერები და შეხვედრები ვერ გახდა დისტრიბუციის ან სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადების საფუძველი, მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად არ არსებობს მხარეთა შეთანხმება არც დისტრიბუციის თაობაზე და არც სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე. საერთო ჯამში მოპასუხემ ასეთი ფაქტის არსებობა ვერ დაამტკიცა, ამიტომ დისტრიბუციის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოპასუხის მოსაზრებები სასამართლომ არ გაიზიარა.

3.2.10. შესაფასებელია რას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდება. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეს გარკვეულ ფასად აწვდიდა საქონელს. მოპასუხე მიღებულ საქონელს ყიდდა საქართველოს ტრიტორიაზე და შემდეგში მოსარჩელეს უგზავნიდა გაყიდული საქონლის იმ ფასს, რა ფასადაც მას მიღებული ჰქონდა საქონელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი მიწოდება ნასყიდობაა. მოპასუხე მოსარჩელისაგან ყიდულობდა საქონელს და ყიდდა საქართველოში. შემდეგში კი ეტაპობრივად გამყიდველს უხდიდა შეძენილი საქონლს ღირებულებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საქონლის ფასის გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს 43 591.80 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ შეიძინა საქონელი და მის მესაკუთრეს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. 2013-2014 წლების პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა 217 915.68 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ასეთი ურთიერთობა წარმადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.

,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს 2014-2015 წლებში გადასცა ნასყიდობის საგანი, 217 915.68 აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - გადაიხადა. არ გადაიხადა 43 591.80 აშშ დოლარი. მართალია მოპასუხე ამტკიცებს, რომ ის დისტრიბუციის ხელშეკრულებაშია და მას საქონელი არ შეუძენია, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ ის მოსარჩელის წარმომადგენელია და საქართველოში ეწევა მისი პროდუქციის რეალიზაციას. ამ გარემოების გამო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი არგუმენტები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე. მოპასუხე საქონლის მესაკუთრეა, ამიტომ მის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარი არ იწვევს შეძენილი საქონელის დაბრუნების ვალდებულებას. მას შეუძლია ახალი საქონელი არ შეიძინოს, მაგრამ მანამდე ვალდებულია მოსარჩელეს გადახადოს შეძენილი საქონლის ღირებულება 43 591.80 აშშ დოლარი. მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან და ამიტომაც სახელშეკრულებო პირობები უნდა შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულნი არიან. ფასის გადახდა, მოპასუხის მოვალეობა იყო. მიუხედავად ამისა მას ფასი გადახდილი არ აქვს. მოპასუხემ ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხისათვის 43 591.80 აშშ დოლარის დაკისრებით აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას დავის საგნის ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. დასახელებული ნორმების დაცით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3452.47 ლარს. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს. სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 4400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იურიდიული მოსმახურების ხარჯების ანაზღაურებისას სასამართლო ითვალისწინებს დავის სირთულეს, სპეციფიკურობას, გაწეულ შრომას და მასთან დაკავშირებულ სხვა საკიტხებს. მათი ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს იურიდიული მომსახურებისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს 1500 აშშ დოლარის ექვივალემნტი ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ,,K------------------------------------------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. შპს ,,N-----------”-ს, ,,K------------------------------------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 43 591.80 აშშ დოლარის გადახდა.

3. შპს ,,N-----------”-ს, ,,K------------------------------------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 3452.47 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე