განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
190100118002322219
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე : ბრალდებული - ა---------–-------ა, დაბადებული 1----–-–---------–--ს ქ. თ---–--–------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ-----------------–------------------ში,და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--------------------–---–----------–---------–--–-------ში.

 

ადვოკატები - გიორგი ლალიაშვილი, ალექსანდრე კობაიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", ,,ბ“ და "გ" ქ/პუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ--–------------–--------–---–----------–---------–--–-------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–-------ამ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ნ-------–-----ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილების - მ------, მ----ო და ბ------------–------ბის თანდასწრებით, ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს - მ------ მ--–-----ს, რომელმაც უსაყვედურა ა---------–-------ას მომხდარის გამო, ერთხელ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ--- და მ------ მ--–------ბმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ ა---------–-------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ა---------–-------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", ,,ბ“ და "გ" ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------–-----მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ა---------–-------ას დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

დაზარალებულ ნ-------–-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე, ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

დაზარალებულმა მ------ მ--–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-------–-----ა არის მიდი დედა. ერთ დღეს დედა და ა----- (ა---------–-------ა) ძალიან დიდ ხმაზე ლაპარაკობდნენ, რაზე საუბრობდნენ არ ახსოვს. დედამ სთხოვა დაერეკა პოლიციაში. მან დარეკა პოლიციაში და უთხრა პოლიციას რომ მისულიყვნენ. მათ კითხეს რა ხდებოდა რაზეც უპასუხა, რომ მასაც და დედასაც დაარტყეს. პოლიციაში როცა დარეკა ტიროდა, რადგან მაღალ ხმაზე ლაპარაკობდნენ დედამისი და ა-----. სანამ პოლიცია მივიდოდა დედამ უთხრა ვითომ ა-----მ შენც დაგარტყა და მეც დამარტყაო, მაგრამ ა-----ს არც დედამისისთვის დაურტყია და არც მისთვის. როდესაც დედამ ეს უთხრა მაგ დროს იყო სახლში, ოთახში და და ძმა იყვნენ კიდევ. ა----- ამ დროს სხვა ოთახში იყო. პოლიციაში პოლიციის თანამშრომლებს რაზე ესაუბრა არ ახსოვს. პოლიციაში რომ მივიდა ლოყა წითელი ჰქონდა, იმიტომ რომ დამწვარი ჰქონდა სახე, რაღაცას სვამდა და შეესხა. მისი და და ძმაც ტიროდნენ, რატომ ტიროდნენ არ იცის. პოლიცია რომ მივიდა მაშინაც ტიროდა. პოლიციის თანამშრომლებს არ უკითხავთ რატომ ტიროდნენ და არც მას უთქვამს. მას ცოტა ეშინოდა პოლიცია რომ იყო. ა-----მ რომ დედამისს ხელი დაარტყა არ დაუნახავს.

 

მოწმე მ----ო მ--–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დასთან ერთად იყო გვერდით ოთახში, მაშინ როდესაც გაიგეს მისი მშობლები ა---------–-------ა და ნ-------–-----ა ერთმანეთში ხმამაღლა როგორ საუბრობდნენ, ამის გამო იყო ცუდ ხასიათზე. მშობლები ხშირად იქცეოდნენ ხოლმე ასე.

 

მოწმე კ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოში პატრულ-ისპექტორად. 2018 წლის 3 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით ღამის 01:00 საათზე 112-იდან შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობინება განახორციელა არასრულწლოვანმა მ------ მ--–-----ამ, რომ მამა ცემდა დედას. იგი მალევე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდა ქალბატონი, დაზარალებული ნ-------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო და ტიროდა. მან გასაუბრებისას განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გადაეცა კრიმინალურ პოლიციას. დედაც და შვილიც ძალიან აღელვებულები იყვნენ, ბავშვი განსაკუთრებით, ეტყობოდა რომ დათრგუნული იყო, დედაც ტიროდა. ფიზიკურად განსაკუთრებული არაფერი აღენიშნებოდათ.

 

მოწმე გ-------–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოში პატრულ-ისპექტორად. იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ-----------–--------–---–-----------ში. 9 წლის ბავშვს ჰქონდა დარეკილი, რომლის განმარტებითაც მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებული ნ-------–-----ა, რომელმაც განაცხადა რომ მისმა მეუღლემ ბავშვების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი იყო აღელვებული და ტიროდა. მათ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გადასცეს კრიმინალურ პოლიციას. სახლში ასევე იყო ბავშვი, რომელიც ტიროდა და არ გამოუკითხავთ.

 

მოწმე ს-------–-–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა შ--------------------–-----------------–-----------–-----------–---ში. 2018 წლის 3 თებერვალს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახურ დანაშაულში ბრალეული პირი ა---------–-------ა, იმყოფებოდა ქ-----------–--------–---–-------- კორპუსის მიმდებარედ, რის თაობაზეც აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს.

 

მოწმე ს------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–-----------–-----------–---ში უმცროსი ინსპეტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მორიგეობდა და მოძრაობდა ქალაქში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც აჩვენა სურათი, დასაკავებელი იყო ვინმე ა---------–-------ა, ეძებდნენ ახლო-მახლო ქუჩებზე და ქ. რ-------–--------–---–------------ კორპუსის მიმდებარედ იქნა ნანახი, დააკავეს, მოვიდა გამომძიებელი რ--------------–---–ი, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და გადაყვანილი იქნა განყოფილებაში.

 

მოწმე მ-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–-----------–-----------–---ში თანამდებობაზე. მან მონაწილეობა მიიღო ა---------–-------ას დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ა---------–-------ას დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმე ი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–-- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე, იგი არის ბარბარე, მ----ო და მ------ მ--–------ბის საპროცესო წარმომადგენელი სს საქმეზე. იგი ესწრებოდა მათ გამოკითხვებს საქმის წარმოების პროცესში. გამოკითხვა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით. გამოკითხვა ეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, ბავშვი შეესწრო მეუღლეებს შორის კონფლიქტს. ბავშვს ჰქონდა ლოყაზე შეწითლება და როგორც ახსოვს ბავშვმა აღნიშნა, რომ დამწვრობა იყო და არა რაიმე ძალადობიდან წამოსული ფიზიკური კვალი.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, ა---------–-------ას მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულ ნ-------–-----ასგან მიღებულ ინფორმაციას. სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ნ-------–-----ას მიერ ფიზიკური ტკივილის ან მორალური ტანჯვის განცდის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი ჩვენება, ისევე, როგორც ნებისმიერი ნაწარმოები მტკიცებულება, სარწმუნოობის უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა თვითონ ინფორმაციის პირველადი წყარო უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით მათი უტყუარობის დადასტურება შეუძლებელია.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 ).

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვის მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ა---------–-------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა---------–-------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით, რის გამოც ლევან ლეჟავა წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ა---------–-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული დისკი 112-იდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------–-------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ა---------–-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ა---------–-------ას განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული დისკი 112-იდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ე. პართენიშვილი