გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
010210017001773982
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001773982

2-192/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30/05/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ‘’--–-’’

წარმომადგენელი: დ--–--------

მოპასუხე: ვ------ნ ფ----------ე

წარმომადგენელი: დ--------------

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ნ-–-მ“ სარჩელი აღძრა ვ------ნ ფ----------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 3600 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 25 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან 4 თვის ვადით ისესხა 900 ლარი, თვეში სარგებeლის სახით უნდა გადახდილიყო სესხად მიღებული თანხის 20 %. სარგებელის დარიცხვა უნდა გაგრძელებულიყო ვალდებულების სრულ შესრულებამდე. სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. საერთო ჯამში მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 900 ლარი, 6 თვის სარგებელი 1080 ლარი და პირგასამტეხლო 1620 ლარი, სულ 3600 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მას სესხი დაფარული აქვს სრულად. მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 600 ლარის ნაწილში. გამნარტა, რომ მას მოსარჩელისაგან რამოდენიმე სესხი აქვს აღებული. მათი უმრავლესობა გადახდილი აქვს და გადასახდელი აქვს მხოლოდ 600 ლარი. თანახმაა გადაიხადოს დასახელებული თანხა. სხვა ნაწილში სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 25 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 900 ლარი, 04 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 25 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 14-17

 

3.1.2. 2016 წლის 26 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 300 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 26 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 19-23

 

3.1.3. 2016 წლის 05 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 300 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 35-39

 

3.1.4. ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 23 აპრილს მოსარჩელეს გადაუხადა იანვრის თვის სარგეელი 89.2 ლარი, თებერვლის თვის პროცენტი 89.2 ლარი, მარტის თვის პროცენტი 89.2 ლარი, აპრილის თვის პროცენტი 89.2 ლარი და ძირი თანხა 339.2 ლარი. ორდერში მითითებულია, რომ სესხი მაწილობრივ დაიფარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 23 აპრილის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.86

 

3.1.5. ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგეელი 65.8 ლარი, ივნისის თვის პროცენტი 65.8 ლარი და ძირი თანხა 329.1 ლარი. ორდერში მითითებულია, რომ სესხი დაიხურა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 23 ივნისის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.85

 

3.1.6. ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელეს გადაუხადა ივნისის თვის სარგებელი 120 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 15 ივლისის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.41

 

3.1.7. ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგებელი 120 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 23 ოქტომბრის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.40

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე სადაოდ ხდის გადასახდელი თანხის ოდენობას.

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. ასევე თავად განსაზღვრავენ, რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სესხის გაცემისა და გადასახდელი თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 25 აპრილს მოპასუხეს ასესხა 900 ლარი. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას სესხი დაფარული აქვს.

 

3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.4. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების გამყარების მიზნით წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება, 2016 წლის 26 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება და 2016 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 25 აპრილს ასესხა 900 ლარი, 2016 წლის 26 აპრილს ასესხა 300 ლარი, და 2016 წლის 05 ივლისს ასესხა 300 ლარი. ამდენად ამ მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხარეთა შორის სამი სასესხო ურთიერთობის არსებობა.

იხ. იხ. 2016 წლის 25 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 14-17

2016 წლის 26 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 19-23

2016 წლის 05 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ. 35-39

3.2.5. გარდა სესხის ხელშეკრულებებისა, მოსარჩელემ წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც დგინდება, რომ ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 23 აპრილს გადაიხადა იანვრის თვის სარგებელი 89.2 ლარი, თებერვლის თვის პროცენტი 89.2 ლარი, მარტის თვის პროცენტი 89.2 ლარი, აპრილის თვის პროცენტი 89.2 ლარი და ძირი თანხა 339.2 ლარი. ამ გზით ერთი სესხი დაიაფარა. აღნიშნული ამტკიცებს მას, რომ მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი სამი სესხის გადა კიდევ სხვა სესხი იყო.

იხ. 2016 წლის 23 ივნისის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.86

 

3.2.6. საქმეში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის სხვა ორდერებით დგინდება, რომ ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგებელი 65.8 ლარი, ივნისის თვის პროცენტი 65.8 ლარი და ძირი თანხა 329.1ლარი. ორდერში მითითებულია, რომ სესხი დაიხურა. თუმცა გაურკვეველი დარჩა რომელი სესხი დაიფარა ამ დღეს. 2016 წლის 23 ივნისს მოპასუხეს ჰქონდა ორი სესხი. ერთი სესხი ისაა რომელიც გაცემულია 2016 წლის 25 ივნისს და მეორე სესხი ისაა, რომელიც გაცემულია 2016 წლის 26 ივნისს. ვ------ნ ფ----------ემ 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელეს კვლავ გადაუხადა ივნისის თვის სარგებელი 120 ლარი. 2016 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგებელი 120 ლარი. ამდენად საქმეში ჩანს, რომ გარკვეული სესხები არსებობდა და მოპასუხეც ამ სესხებს ფარავდა. მიუხედავად ამისა ბუნდოვანია კონკრეტულად რამდენი სესხი ჰქონდა მიღებული, რომელი სესხი დაიფარა, რომელი სესხია დასაფარი, გადახდის ვადების საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს და იგი არც სარჩელში არაა ასახული.

- 2016 წლის 23 ივნისის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.85

-2016 წლის 15 ივლისის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.41

- 2016 წლის 23 ოქტომბრის სალარო შემოსავლი ორდერი ს.ფ.40

 

3.2.7. გარდა სალაროს შემოსავალის ორდერებისა, საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს სხვა თანხებიც აქვს გადახდილი. კერძოდ 2016 წლის 21 ივნისს მოპასუხის ანგარიშიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 970 ლარი. ბუნებრივია ამ თანხის მიღებასაც უნდა გააჩნდეს დანიშნულება. აუცილებელია გაირკვეს ამ თანხით, რომელი სესხი დაიფარა სრულად ან ნაწილობრივ.

3.2.8. სესხის გაცემა და დაფარვა ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. სწორედ ამიტომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს მხარეებმა თავიანთი არგუმენტების დადასტურებისათვის მტკიცებულებები წარმადგინონ. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება სესხის გაცემისა და დაფარვის ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაში სესხის გაცემა მტკიცდება კონკრეტული სამი ხელშეკრულებით. თავის მხრივ სესხის დაფარვა დგინდება სალაროს შემოსავლის ორდერებითა და საბანკო ამონაწერით, მაგრამ საქმეს ართულებს მათი იდენტიფიცირების პრობლემა. ფაქტობრივად მოპასუხეს 2016 წლის აპრილიდან ივლისის თვის ჩათვლით მიღებული აქვს სამი სესხი და მათი საერთო დენობა ოშეადგენს 1400 ლარს. სალაროს შემოსავლების ორდერებით მოსარჩელეს მოპასუხისაგან საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს 2366.7 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რთულია დადგინდეს მოპასუხეს რომელი თვის პროცენტი აქვს გადასახდელი, პირგასამტეხლოს დარიცხვა რომელ დღეებში უნდა დაიწყოს და შეწყდეს, გადახდილი თანხებით რომელი სესხი დაიფარა და რომელი დარჩა დასაფარი. ასეთ ,,არეულობაში“ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ზუსტად განსაზღვროს მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე. ასეთ სიტუაციაში საკითხი უნდა გადაწყდეს სუსტი მხარის სასარგებლოდ, ანუ მოპასუხის სასარგებლოდ. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს 600 ლარი. ანუ 600 ლარის ნაწილში სარჩელს ცნობს. მისი აღიარების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება როგორ სესხის ძირისა და სარგებელის ისე პირგასამტეხლოს ნაწილში არ აღემატება 600 ლარს. თუ მისი ვალდებულება ამ თანხაზე მეტია, მაშინ მოსარჩელეს მტკიცებულებებით უნდა ემტკიცებინა და სასამართლოსათვის მიეცა საშუალება ზუსტად დათვლილიყო გადასახდელი და გადახდილი თანხების ოდენობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 600 ლარის გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა სესხის დაფარვის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს სესხად მიღებული თანხა თავისი სარგებელითა და პირგასამტეხლოთი, სულ 3600 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ ისესხა თანხა და მოსარჩელეს დროლად არ დაუბრუნა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 25 აპრილის, 2016 წლის 26 აპრილის და 5 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა თანხები. კერძოდ:

- 2016 წლის 25 აპრილს ასესხა 900 ლარი, 04 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

- 2016 წლის 26 აპრილს ასესხა 300 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

- 2016 წლის 05 ივლისს ასესხა 300 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში სარგებლის სახით სესხად მიღებული თანხის 20 %-ის გადახდის პირობით.

 

სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ 2016 წლის 23 აპრილს გადაიხადა იანვრის თვის სარგებელი 89.2 ლარი, თებერვლის თვის პროცენტი 89.2 ლარი, მარტის თვის პროცენტი 89.2 ლარი, აპრილის თვის პროცენტი 89.2 ლარი და ძირი თანხა 339.2 ლარი. 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგებელი 65.8 ლარი, ივნისის თვის პროცენტი 65.8 ლარი და ძირი თანხა 329.1ლარი. 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელეს გადაუხადა ივნისის თვის სარგებელი 120 ლარი. 2016 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაუხადა მაისის თვის სარგებელი 120 ლარი. 2016 წლის 21 ივნისს გადაიხადა 970 ლარი. მიუხედავად ამისა თვით ვ------ნ ფ----------ის განმარტებით დგინდება, რომ მან არ გადაიხადა 600 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა 600 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი 600 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.5. სარჩელი არაა დასაბუთებული სხვა თანხის ნაწილში, რის გამოც სხვა თანხის გადახდევინების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 108 ლარს. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი სცნო 600 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი იმ მოპასუხეებს უნახევრებს სახ. ბაჟის გადასახადსის, ვინც მთავარ სხდომაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი 600 ლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 18 ლარის ნახევრის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდს. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის. სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა 44 %, შესაბამისად ამ ოდენობის ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს, დანარჩენი კი მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ნ-–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ვ------ნ ფ----------ეს, შპს ,,ნ-–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 600 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 9 ლარი (საგადასახადო დავალება №2, გადამხდელის ბანკი - სს ’’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, გადახდის თარიღი - 11/05/2015 წელი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150).

4. მოსარჩელეს დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 90 ლარის გადახდა. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე