გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3---7-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ კოტრიკაძე
მოსარჩელე - შპს „ნო------------------–------ი“
წარმომადგენელი - გა--------–-----ე, გიო-------–----ე
მოპასუხე - შპს „კო---------–---------ი“
წარმომადგენელი- ია----------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „კო---------–---------ს“ შპს „ნო------------------–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 9000 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 10 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს მოპასუხე საწარმოში უნდა ჩაეტარებინა ბიზნეს სპეციფიკაზე და მოთხოვნაზე მორგებული ტრენინგ მოდულის მომზადება, ასევე დამკვეთის თანამშრომლების ტრენინგი და ხსენებული ტრენინგ მოდულისა და მასთან დაკავშირებული მასალების დამკვეთისათვის გადაცემა დამკვეთის მიერ შემდგომში დანიშნულებისამებრ მისი შეუზღუდავი გამოყენების მიზნით. მოპასუხეს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა გაწეული მომსახურებისათვის 9000 ლარი. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია მომსახურების ღირებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს „კო---------–---------მა“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის იანვრიდან შეიცვალა მენეჯმენტი, შესაბამისად მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ გასწია რაიმე სახის მომსახურება კომპანიაში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოპასუხე სადავოდ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების ფაქტს და მიაჩნია, რომ გაწეული მომსახურების ღირებულება არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. ჩატარებული კურსის ღირებულება არ აღემატება 4500 ლარს. მოსარჩელეს არ აქვს გადმოცემული ტრენინგის მასალა, შესაბამისად არ არსებობს ვალდებულების შესრულების საფუძველი. ასევე არ დასტურდება რა შედეგი მოუტანა კომპანიას ჩატარებულმა სემინარებმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს შპს „კო---------–---------ს“ (დამკვეთი) და შპს „ნო------------------–------ს“ (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც შეთანხმების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის ბიზნეს სპეციფიკაზე და მოთხოვნებზე ტრენინგ მოდულის მომზადება, დამკვეთის თანამშრომლების ტრენინგი და ხსენებული ტრენინგ მოდულის და მასთან დაკავშირებული მასალების დამკვეთისათვის გადაცემა დამკვეთის მიერ შემდგომში დანიშნულებისამებრ მისი შეუზღუდავი გამოყენების მიზნით.
3.1.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების დაცვით გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელო, ხოლო 2.2. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე და ხელშეკრულების განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს გარიგებით გათვალისწინებული სამუშაო და გადასცეს დამკვეთს.
3.1.3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენს 9 000 ლარს, რომლის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ 22-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შემსრულებლის მიერ, ორგანიზებული და ჩატარებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბიზნეს ტრენინგი, რომლის ღირებულება მოპასუხის მიერ არ არის ანაზღაურებული.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე სადავოდ მიიჩნევს ხელშეკრულების შესრულების ფაქტს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ შპს „კო---------–---------ის“ ყოფილი თანამშრომლები: ეკა---------------–---–ი, ირ---–--------ე და ნი---–-----ია.
მოწმე ეკა---------------–---–ის განმარტებით, შპს „კო---------–---------ში“ 2017 წლის მარტის თვემდე იყო ადამიანიური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. იმ დროისათვის კომპანიის გენერალური დირექტორის ბე----------------–ის დავალებით გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორთან სა-------------------თან ერთად მოიძია კომპანია შპს „ნო------------------–------ი“, გიო-------–----ის ხელმძღვანელობით, რომელსაც ევალებოდა ბიზნეს სპეციფიკაზე და მოთხოვნებზე ტრენინგ მოდულის მომზადება და თანამშრომლების გადამზადება. ტრენინგის მიზანი იყო კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე გაყიდვების სტიმულირება.
მოწმის ჩვენებით, პირადად დაესწრო პირველ და ბოლო ტრენინგს, სადაც მონაწილეებმა კურსის დასასრულს წარმოადგინეს პრეზენტაციები, რაზეც გადაეცათ სერთიფიკატები. მათი ასლები მოთავსდა თანამშრომლების პირად საქმეში. მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს თანხა არ გადაუხადა. მომსახურების ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობდა და ინახებოდა მოპასუხე კომპანიაში.
მოწმე ირ---–--------ის ჩვენებით, შპს „კო---------–---------ში“ 2017 წლის მაისამდე იყო გაყიდვების ჯგუფის უფროსი. 2016 წლის ოქტომბრიდან დაახლოებით ორი თვე იყო ტრენინგის მონაწილე, რომელსაც ატარებდა გიო-------–----ე, ქ. თბილისში, ქე----ს ქუჩაზე კვირაში 2-ჯერ დაახლოებით 2 საათი. კურსის დასრულებისას ყველამ მიიღო სართიფიკატი. კურსის მიზანს წარმოადგენდა თანამშრომლების უნარჩვევების გამომუშავება მომხმარებელთან ურთიერთობისას პროდუქციის შეთავაზების დროს. ტრენინგით კმაყოფილი იყო ყველა მონაწილე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან კომპანიაში შეიცვლა მენეჯმენტი, მოპასუხე კომპანიაში მუშაობა აღარ გაუგრძელებია.
მოწმე ნი---–-----იას ჩვენებით, 2017 წლის მარტამდე შპს „კო---------–---------ში“ მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად. 2016 წლის ოქტომბრის თვიდან დაახლოებით 2 თვე კვირაში 2-ჯერ, 2 საათი ტარდებოდა ტრენინგი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიო-------–----ე. ტრენინგის მიზანი იყო კომპანიის გაყიდვების გაზრდა. კომპანიის ადმინისტრაცია ორჯერ დაესწრო ტრენინგს დასაწყისში და ბოლოში. მისი ჩვენებით, სემინარის მიმდინარეობისას უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს. ტრენინგის შემდგომ მიიღო სერტიფიკატი. საბოლოო ჯამში რა შედეგის მომტანი იყო მოპასუხისთვის აღნიშნული ტრენინგი მისთვის უცნობია, ვინაიდან იქ აღარ მუშაობდა.
საქმეში დაცულია ტრენინგში მონაწილე პირთა ფოტოსურათები, რომელიც ადასტურებს სარჩელში დასახელებულ გარემოებებს ჩატარებული ტრენინგებისა და სერთიფიკატების გადაცემის ფაქტს. ამასთან, წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის ტრენერი 2016 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეში ეკონტაქტებოდა მოპასუხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს ეკა---------------–---–ს და მხარეებს შორის მიმდინარეობდა გარიგებით გათვალისწინებული გარკვეული პირობების დაზუსტება. ამავე მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს შესასრულებელი ჰქონდა გარიგებით განსაზღვრული მომსახურების საფასური.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, მოპასუხის სამტკიცებელია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და სხვა ხასიათის მტკიცებულება შედავებული გარემოების არსებობის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენებები (სხდომის ოქმი)
- ფოტოსურათები(ს.ფ.132-150)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ნო------------------–------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს შპს „კო---------–---------ს“ (დამკვეთი) და შპს „ნო------------------–------ს“ (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც შეთანხმების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის ბიზნეს სპეციფიკაზე და მოთხოვნებზე ტრენინგ მოდულის მომზადება, დამკვეთის თანამშრომლების ტრენინგი და ხსენებული ტრენინგ მოდულის და მასთან დაკავშირებული მასალების დამკვეთისათვის გადაცემა დამკვეთის მიერ შემდგომში დანიშნულებისამებრ მისი შეუზღუდავი გამოყენების მიზნით.
მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განსაზღვრეს 9000 ლარით. მიუხედავად ამისა, მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მის ოდენობას, რაც სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე მითითებით, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
სასამართლომ მხარეთა განმარტებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე გამოარკვია ორივე მხარის უფლებები და ვალდებულებები, შესაბამისად, ამ ფარგლებში განისაზღვრა თითოეული მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ხარისხი. სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. კერძოდ, შემსრულებლის მიერ, ორგანიზებული და ჩატარებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბიზნეს ტრენინგი, რომლის ღირებულება მოპასუხის მიერ არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხე სადავო ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა - განმარტებით შემოიფარგლა. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ ხელშეკრულების ღირებულებასა და ტრენინგ მოდულის და მასთან დაკავშირებული მასალების დამკვეთისათვის გადაუცემლობის საკითხს სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა ახსნა-განმარტების მოსმენისას, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, რადგან აღნიშნულ გარემოებებზე არ ყოფილა მითითებული შესაგებელსა და საქმის მომზადების სტადიაზე დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ მიეცეს შესაბამისი შეფასება.
მტკიცებულებათა ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შპს „კო---------–---------ისთვის“ 9000 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 270 ლარის გადახდა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 800 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 360 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ნო------------------–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „კო---------–---------ს“ შპს „ნო------------------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9000 ლარის გადახდა.
3. შპს „კო---------–---------ს“ შპს „ნო------------------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 270 ლარის გადახდა.
4. შპს „კო---------–---------ს“ შპს „ნო------------------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 360 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი