გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
080210016001501910
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2172-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - შპს ,,ნ------- 7“;

წარმომადგენელი - მ------ ჯ---–--ე;

მოპასუხე - შპს ,,ი------“;

წარმომადგენელი - ზ----- ფ------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

შპს ,,ნ------- 7“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ი------ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 2073.78 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

შპს ,,ნ------- 7“ აწვდიდა პროდუქციას შპს ,,ი------ს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის გ--–- ქ-------ე, რომელიც ღებულობდა კომპანიისაგან სხვადასხვა დასახელების პროდუქციას. 2015 წლიდან საზოგადოებას წარმოეშვა დავალიანება შპს ,,ნ------- 7“-ის მიმართ 2073.78 ლარის ოდენობით. საზოგადოების დირექტორმა გ--–- ქ-------ემ აღიარა ვალის არსებობა თავისივე ხელმოწერით 2015 წლის 28 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულებით და შეთანხმებით, იმავდროულად აიღო ვალდებულება, რომ დავალიანებას სრულად დაფარავდა 2015 წლის 30 სექტემბრამდე, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული დღემდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ნ------- 7“-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

შპს ,,ი------“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი უარყოფს ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე მისი მარწმუნებლის ხელმოწერის ფაქტს. არანაირი ვალდებულება მოსარჩელე შპს ,,ნ------- 7“-ის მიმართ მოპასუხე შპს ,,ი------ს“ არ გააჩნია, რაც ასევე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. ამდენად, ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 შპს ,,ი------“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2013 წლის 21 ოქტომბერს. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელია გ--–- ქ-------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 18-19).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ი------ს“ დირექტორმა გ--–- ქ-------ემ აღიარა კრედიტორის შპს ,,ნ------- 7“-ს წინაშე დავალიანება 2073.78 ლარის ოდენობით, რომელსაც სრულად დაფარავდა 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 28 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულება და შეთანხმება (ს.ფ. 14-16).

- შპს ,,ი------“ ამონაწერი პირადი ბარათიდან (ს.ფ. 72-80).

 

3.2.2. მხარეებს შორის ძირითადი სადავო საკითხია:

- არის თუ არა 2015 წლის 28 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე გ--–- ქ-------ის ხელმოწერა.

- აქვს თუ არა შპს ,,ი------ს“ შპს ,,ნ------- 7“-ის მიმართ დავალიანება 2073.78 ლარის ოდენობით.

 

3.2.3. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მხარეთა განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ზეპირი გარიგების საფუძველზე აწვდიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას და მას გადასახდელი აქვს 2073.78 ლარი. ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, როგორც მიყიდვის ფაქტი, ასევე ღირებულების ნაწილის გადახდის ფაქტიც. პროდუქციის არ შეძენისა და ღირებულების ნაწილის არ გადახდის ფაქტს, შპს ,,ი------“ ვერ დაამტკიცებს, რადგანაც ფაქტის არ არსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, არ არსებობს არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება. სასამართლო იზიარებს ამ ლოგიკას და სწორედ ამის გამო დასახელებული მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები შპს ,,ი------სათვის“ სხვადასხვა დასახელების პროდუქციის მიწოდებისა და შპს ,,ი------ს“ მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილის გადახდისა. ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს მოწმის ჩვენება, ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტები, შემოსავლის ორდერი ან ნებისმიერი ისეთი მტკიცებულება, რომელშიც ასახული იქნება, როგორც სხვადასხვა დასახელების პროდუქციის მიწოდება, ისე ღირებულების გადახდა. თუ ის წარმოადგენს ასეთ მტკიცებულებას, შეძლებს დაამტკიცოს, როგორც მიწოდება, ისე მისი ღირებულების გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ასეთი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიჩნეული იქნება, რომ მოსარჩელის მიერ შპს ,,ი------სათვის“ პროდუქციის მიწოდების ან მისი ღირებულების ნაწილის გადახდის ფაქტს, ბუნებაში ადგილი არ აქვს.

 

3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.6. ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემის დადასტურებისათვის მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა ზეპირი განმარტება და ვალის აღიარების ხელშეკრულება. ასევე შპს ,,ი------ს“ ამონაწერი პირადი ბარათიდან, სადაც მითითებულია, რომ 2013 წლის 03 დეკემბრიდან 2015 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით, შპს ,,ი------“ ეტაპობრივად იხდიდა პროდუქციის ღირებულებას - 14005.33 ლარი და კიდევ გადასახდელი აქვს 2073.78 ლარი (იხ. ამონაწერი პირადი ბარათიდან.)

 

3.2.7. მოსარჩელეს, პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, სხვა მტკიცებულება არ აქვს.

 

3.2.8. მოპასუხე სადავოდ ხდის ვალის აღიარების ხელშეკრულებას და ამტკიცებს, რომ მასზე მისი ხელმოწერა არ არის.

 

3.2.9. საქმეზე, სასამართლომ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და ექსპერტს გამოსაკვლევად გაუგზავნა გამოსაკვლევი ნიმუშები, თავისუფალი ნიმუშები და ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშები. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შეკითხვა, გარკვეულიყო ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა შპს „ი------ს“ დირექტორ გ--–- ქ-------ეს.

 

3.2.10. ექსპერტიზის დასკვნით საკითხი ვერ გადაწყდა. დასკვნაში მითითებულია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე, 28.05.2015 წლის თარიღით, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში: ,,მოვალე“ (ს.ფ. 15) და შეთანხმებაზე, 28.08.2015 წლის თარიღით, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში: ,,მოვალე“ (ს.ფ. 16), სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა გ--–- ქ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, ნიმუშების ვარიაციულობისა და სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისათვის არ არის წარმოდგენილი გ--–- ქ-------ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები - გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ტრანსკრიფციის) (იხ. ექსპერტიზის დასკვნა).

 

3.2.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--–- ქ-------ემ ექსპერიმენტალური ნიმუშების აღებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. იგი ექსპერტთან გამოცხადდა ნიმუშების ასაღებად. გარდა ამისა, ექსპერტს თავისუფალ ნიმუშად წარდგენილი ჰქონდა გ--–- ქ-------ის მინდობილობა, შესაგებელი, სადაც გ--–- ქ-------ის ხელწერაა მოცემული. ამდენად, ექსპერტს საკმარისი თავისუფალი ნიმუშები და ექსპერიმენტალური ნიმუშები გააჩნდა.

 

3.2.12. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერის კუთვნილება, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. მასზე დამოკიდებულია დადგენა საკითხისა - შპს ,,ი------ს“ აქვს თუ არა დავალიანება შპს ,,ნ------- 7“-ის მიმართ. თუ დადგენილად მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ გ--–- ქ-------ემ აღიარების შესახებ გარიგება დადო მოსარჩელესთან, მაშინ ის ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირია. საწინააღმდეგო ვერსიით კი, იგი არაა პასუხისმგებელი პირი. თვით ვალის აღიარების ხელშეკრულება სადავო მტკიცებულებაა და იგი ინდივიდუალურად აღარ გამოდგება ვალდებულების მტკიცებულებად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ საექსპერტო კვლევით დადგენილ იქნა, სავარაუდოა, რომ ხელმოწერა შესრულებულია არა გ--–- ქ-------ის, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, ნიმუშების ვარიაციულობისა და სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისათვის არ არის წარმოდგენილი გ--–- ქ-------ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები - გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ტრანსკრიფციის). ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვის უნდა დაეკისროს ამ დოკუმენტის შედეგის პასუხისმგებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება გარკვეული ფაქტის დამტკიცება. წინამდებარე შემთხვევაში ვალის აღიარების ხელშეკრულება შედგენილია მოსარჩელის მიერ თავის სამსახურში, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გარიგება ისე უნდა დაედო, რომ სადავოობისას დაემტკიცებინა ხელწერის ნამდვილობა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ხელშეკრულება გ--–- ქ-------ის მიერაა ხელმოწერილი. დოკუმენტზე ხელმოწერის კუთვნილება სადავო და ბუნდოვანია. მისი სადავოობისა და ბუნდოვანების გამო, პასუხის გ--–- ქ-------ისათვის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. მასზე პასუხი უნდა აგოს შემდგენმა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ შპს ,,ი------“ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირია.

 

3.2.13. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს ნასყიდობისათვის, ანგარიშსწორებისათვის ანგარიშის ბარათი, არის თუ არა ვარგისი მტკიცებულება. სასამართლო, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს, მასზედ, რომ კანონი მხარეებს არ უკრძალავს ისარგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და ნასყიდობის საგანი მყიდველს გადასცეს დოკუმენტის გარეშეც (საგადასახადო პოლიტიკიდან გამომდინარე, მეწარმე სუბიექტებს ეკრძალებათ დოკუმენტების გარეშე ანგარიშსწორება, თუმცა ამის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის). ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნივთების გადაცემის ვალდებულება მაშინ ითვლება შესრულებულად, როდესაც უფლებამოსილი პირი მიიღებს შესრულებას. დასაშვებია, რომ ზეპირი გარიგებით ნასყიდობის საგნის - სხვადასხვა დასახელების პროდუქციის გადაცემა ჩაითვალოს ნასყიდობის საგნის მიწოდებად, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასხვისებული ნივთები მიუვა უფლებამოსილ პირს და ის ნასყიდობის საგნის მიღებას არ გახდის სადავოდ. მსგავსი გადაცემის სადავოდ გახდომისას, ნასყიდობის საგნის გადაცემის მტკიცება, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამყიდველს გაუჭირდეს ნასყიდობის საგნის გადაცემის მტკიცება. სწორედ ამიტომაც გამყიდველმა უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად. ისე უნდა გაასხვისოს ნივთი, რომ დავის შემთხვევაში მათი მიწოდების მტკიცების უნარი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიწოდების მტკიცებას, თავიდანვე აყენებს რისკის ქვეშ. მიწოდების რისკის ქვეშ დაყენებაა ნივთის მიწოდება, იმ ვარაუდით, რომ სადავოობისას მტკიცებულებად გამოიყენოს მხოლოდ თავისი ზეპირი განმარტება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს ნივთის მიწოდების არსებობის ან არარსებობის საკითხი, იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. ამონაწერი პირადი ბარათიდან, რომელიც მოსარჩელემ წარმოადინა ვერ გამოდგება თანხის გადახდის მტკიცებულებადაც, რადგან მასში მხოლოდ მოსარჩელის მიერ შეტანილი მონაცემებია მითითებული. როგორც წესი, თანხის გადახდაზე უნდა შედგეს შესაბამისი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს სალაროს შემოსავლის ორდერი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება შპს ,,ი------ს“ მიერ თანხის გადახდა. აღნიშნული ასეთ ჩანაწერს არ შეიცავს. არ დგინდება როგორ მოამზადა მოსარჩელემ ეს ინფორმაცია და რას დაეყრდნო მისი მომზადებისას მოსარჩელე. შესაბამისად, არც შპს ,,ი------ს“ ამონაწერი პირადი ბარათიდან არ გამოდგება საქონლის ღირებულების გადახდის მტკიცებულებად.

 

3.2.14. სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირად ვალდებულების შესრულება რისკთანაა დაკავშირებული. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ შესრულების მიმღები, სადავოდ არ გახდის შესრულების მიღებას, მაგრამ თუ ასეთმა ვარაუდმა არ გაამართლა და იგი გახდა სადავო, ვალდებულების შემსრულებელი დადგება შესრულების მტკიცების რისკის წინაშე. თუ მას არ ექნება შესრულების მტკიცებულება, ბუნებრივია ვერც იმას დაამტკიცებს, რომ მან მოპასუხეს საქონელი მიყიდა. სწორედ ეს პრინციპია გამოსაყენებელი ამჯერადაც. შესაძლებელია შპს ,,ნ------- 7“-მა მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, მაგრამ მიწოდებას სჭირდება მტკიცება. მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება არ აქვს, ამიტომ მას, რომც ჰქონდეს მიწოდებული, ამ შემთხვევაშიც კი ის იქნება თავისი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების მსხვერპლი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხე არ უხდის მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. მას გადასახდელი აქვს 2073.78 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს შეძენილი აქვს საქონელი და არ იხდის მის ღირებულებას, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მას უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონელის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრება.

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემაზე. ნივთის გადაცემის გარეშე ნასყიდობა არ არსებობს და არც მისი საფასურის გადახდაა დასაშვები. მყიდველი ღებულობს შეძენილ ქონებას და იხდის მის ღირებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება ნასყიდობის საგნის გადაცემის შემდეგ. გამყიდველს მხოლოდ ამ მოქმედების შესრულების შემდეგ წარმოეშობა სანაცვლო შესრულების მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი მოპასუხეს მიაწოდებს ნასყიდობის საგანს, მოპასუხეს გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - გადაიხადოს შეძენილი ქონების ღირებულება. მოსარჩელე, მხოლოდ ნასყიდობის საგნის გადაცემის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას - მოპასუხეს მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ შპს ,,ნ------- 7“-ის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. შესაბამისად, მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. ნასყიდობის საგნის გადაცემის გარეშე თანხის გადახდის მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში შპს ,,ი------სათვის“ თანხის გადახდის დაკისრება მოთხოვნილია მხარეთა შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან. თუ დადგინდებოდა, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ი------ს“ დირექტორ გ--–- ქ-------ეს შორის დადებულია ვალის აღიარების ხელშეკრულება, დიდი ალბათობით მოსარჩელის მოთხოვნას ექნებოდა დაკმაყოფილების საფუძველი. წინამდებარე შემთხვევაში არ დადგინდა, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ი------ს“ დირექტორ გ--–- ქ-------ეს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულებაა დადებული. ასეთი წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა, გამორიცხავს ვალის დაფარვის ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ნ------- 7“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა