გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
210210017002230901
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002230901

საქმე N2/973-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სამართლოს

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიასვილი

მოსარჩელე - ოზ----------------–---–ი

წარმომადგენელი-ელ------------------ი

მოპასუხე - ვა–---------–---–ი

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვა–---------–---–ს დაევალოს მოახდინოს ნორმებით განსაზღვრულ მანძილზე ახლოს დარგული ნარგავების ამოძირკვა და საერთო სარგებლობის სავალი გზის გამონთავისუფლება მიწისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისგან.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხეს მის ღობესთან დარგული აქვს მრავალწლიანი ნარგავები, ე.წ. ფათალო, რაც გადმოსულია მოსარჩელის ავტოფარეხზე და მცენარის ფესვები აზიანებს ავტოფარეხის კედელს, რითაც საშიშროება ექმნება შენობის მდგრადობას. მოპასუხეს საერთო სარგებლობის გზაზე მოსარჩელის ეზოს მისასვლელთან დაყრილი აქვს მიწა და დაწყობილი აქვს რკინაბეტონის კონსტრუქციები. ვა–---------–---–ს უნდა დაევალოს მოახდინოს ნორმებით განსაზღვრულ მანძილზე ახლოს დარგული ნარგავების ამოძირკვა და საერთო სარგებლობის სავალი გზის გამონთავისუფლება მიწისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით არანაირი ზიანი მოსარჩელეს არც მწვანე ნარგავებით და არც რკინაბეტონის კონსტრუქციებით არ ადგება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯ---------–----------–--- კადასტრო კოდი N--.0-.3-.1-- - რეგისტრირებულია ოზ-------ი და ნი---–---------–---–--ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 47)

 

3.2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------–- ოზ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში აშენებული ავტოფარეხის დაზიანებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს წყალარინების სისტემის მოუწესრიგებლობა, საძირკვლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური, სახურავის ჰიდროიზოლაციებიას არარსებობა, ნორმებით დასაშვებ ადგილზე ახლოს არსებული მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეების და ხის ნარგავების არსებობა.

 

(მტკიცებულება: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა( ს.ფ.30)

 

3.2.3. ვა–---------–---–ის ეზოდან მოსარჩელის ავტოფარეხზე გადმოსულია მრავალწლიანი მცენარის ტოტები. ვა–---------–---–ის საკარმიდამო ეზოს გარეთ დაყრილია მიწა და რკინა ბეტონის კონსტრუქციები.

 

(მტკიცებულება: დეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის სამი მაისის #624 წერილი, ს.ფ. 18; ფოტოსურათები ს.ფ. 40-46)

 

3.2.4. ვა–---------–---–ი დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის მხრიდან გაფრთხილებული იქნა და დაევალა საზოგადოებრივი სარგებლობის გზის გამონთავისუფლება მიწისა და სხვა კონსტრუქციებისგან

 

(მტკიცებულება: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 28 აპრილის წერილი #615, ს.ფ. 20)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ მოახდინოს ნორმებით განსაზღვრულ მანძილზე ახლოს დარგული ნარგავების ამოძირკვა და საერთო სარგებლობის სავალი გზის გამონთავისუფლება მიწისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისგან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის ყველა უფლებას, რომ ნამდვილმა მესაკუთრემ, თავისი სურვილით, თავისუფლად ისარგებლოს და ნებისმიერი ფორმით განკარგოს იგი. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს და არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სარგებლობის უფლება თავის თავში მოიცავს მესაკუთრის უფლებას არ ისარგებლოს საკუთრებით. დაუშვებელია საკუთრების უფლებით ისეთი სარგებლობა, რომელიც ზიანს აყენებს სხვას და ამ უფლებით სარგებლობის აუცილებლობა გაუმართლებელია, როდესაც არ იკვეთება მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს სათანადო და კონკრეტული მტკიცებულებებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელზე, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეშლის არსებობის ფაქტის დადასტურება. მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვა–---------–---–ის ეზოდან მოსარჩელის ავტოფარეხზე გადმოსულია მრავალწლიანი მცენარის ტოტები. ვა–---------–---–ის საკარმიდამო ეზოს გარეთ დაყრილია მიწა და რკინა ბეტონის კონსტრუქციები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------–- ოზ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში აშენებული ავტოფარეხის დაზიანებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს წყალარინების სისტემის მოუწესრიგებლობა, საძირკვლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური, სახურავის ჰიდროიზოლაციების არარსებობა, ნორმებით დასაშვებ ადგილზე ახლოს არსებული მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეების და ხის ნარგავების არსებობა. ვა–---------–---–ი დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის მხრიდან გაფრთხილებული იქნა და დაევალა საზოგადოებრივი სარგებლობის გზის გამონთავისუფლება მიწისა და სხვა კონსტრუქციებისაგან. ეს გარემოებები წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ოზ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ვა–---------–---–მა მოახდინოს მოსარჩელის ღობესთან ახლოს დარგული ნარგავების (ფათალოს) ამოძირკვა;

1.2. მოპასუხე ვა–---------–---–მა გაანთავისუფლოს აუცილებელი სარგებლობის გზა სხვადასხვა სახის დაბრკოლებებისგან, აიღოს გზაზე გაშლილი მიწა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვა–---------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120(ას ოცი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი