გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310018002304385
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/886-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელეები: ვ--------------, ნ-------------

მოპასუხე: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი: რ---------------–-----ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ვ--------------ს სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N---) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

1.4. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ნ-------------ს სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N2--) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 19 სექტემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0------------ ლიცენზია, რომლითაც ნება მიეცა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებათა დამოუკიდებელ ასოციაციას რეგისტრაციაში გაეტარებინა ასოციაციასთან დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 9 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 81-82).

 

3.1.2 . დადგენილია, რომ თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 16 მაისის დადგენილებით (სარეგისტრაციო N4-------) რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,მ–--------------’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 9 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 81-82).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ივლისს, შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ვ--------------ს სახელზე გაიცა დიპლომი M---------- (სარეგისტრაციო N---) მასზედ, რომ შპს ,,მ–------------იის’’ იურიდიული ფაკულტეტის 2011 წლის 30 ივნისის N15 გადაწყვეტილებით ვ--------------ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი M---------- (სარეგისტრაციო N---) (ს.ფ. 76).

3.1.4. 2017 წლის 15 დეკემბერს ვ--------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ვ--------------ს სახელზე გაცემული დიპლომის M---------- (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.12.2017წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 73-78).

 

3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვ--------------ს 2017 წლის 15 დეკემბერის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2017 წლის 18 დეკემბერს M---------------- წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს, რომლითაც აღნიშნულ სამსახურს გაეგზავნა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ვ--------------ს სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, წარედგინა ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვ--------------ს სწავლის პერიოდის სახელმწიფოს მიერ აღიარების თაობაზე, აგრეთვე წარედგინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებადი სხვა ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 18 დეკემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 79-80).

 

3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 15 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათით ცენტრს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ვ--------------ს შესახებ ინფორმაცია არ იყო დაფიქსირებული. ამასთან, ლიცენზირებული/არაავტორიზებული დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით ვ-------------- შპს ,,მ–--------------ში“ ჩაირიცხა 2007 წლის 1 ოქტომბერს. ცენტრს ასევე ეცნობა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 მარტის კორესპონდენციით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვ--------------მ (პ/ნ 0----------) მიიღო მონაწილეობა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამასთან, პირადი ნომრით - 0---------- ერთიანი ერონული გამოცდების ბაზაში ასევე, ფიქსირდება ვ----------–---------ი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა 2007 და 2008 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრში წარმოდგენილი იქნა აღნიშნული პირის მიერ მიღებული შეფასებები წლების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 85-86);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 87-88).

 

3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ვ--------------ს უარი ეთქვა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ მის სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 89-92);

 

3.1.8. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 17 ივლისს შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ნ-------------ს სახელზე გაიცა დიპლომი M---------- (სარეგისტრაციო N2--) მასზედ, რომ შპს ,,მ–------------იის’’ იურიდიული ფაკულტეტის 2011 წლის 30 ივნისის N15 გადაწყვეტილებით ნ-------------ს მიენიჭა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი M---------- (სარეგისტრაციო N2--) (ს.ფ. 101).

 

3.1.9. 2017 წლის 19 დეკემბერს ნ-------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ნ-------------ს სახელზე გაცემული დიპლომის M---------- (სარეგისტრაციო N2--) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.12.2017წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 94-101).

 

3.1.10. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ნ-------------ს 2017 წლის 19 დეკემბერის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2017 წლის 21 დეკემბერს M---------------- წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს, რომლითაც აღნიშნულ სამსახურს გაეგზავნა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ნ-------------ს სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში წარედგინა ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნ-------------ს სწავლის პერიოდის სახელმწიფოს მიერ აღიარების თაობაზე, აგრეთვე წარედგინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებადი სხვა ინფორმაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 დეკემბერს M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 102).

 

3.1.11. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 15 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათით ცენტრს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ნ-------------ს შესახებ ინფორმაცია არ იყო დაფიქსირებული. ამასთან, ლიცენზირებული/არაავტორიზებული დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით ნ------------- შპს ,,მ–--------------ში“ ჩაირიცხა 2007 წელს (30, 2007-10-01წ.). ცენტრს ეცნობა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 მარტის N2----- კორესპონდენციით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნ-------------მ (პ/ნ 6----------) მიიღო მონაწილეობა 2006 და 2007 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამასთან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნული პირის მიერ მიღებული შეფასებები წლების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 108-109);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 109-110).

 

3.1.12. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის MES 4 18 00048347 გადაწყვეტილებით ნ-------------ს უარი ეთქვა შპს ,,მ–------------იის’’ მიერ მის სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N2--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 111-114).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ--------------სა და ნანა აჯოჯუას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- და 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე” (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას; მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს ,,მ–------------იის’’ მიერ ვ--------------ს მიმართ გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N---) და ნ-------------ს სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N2--) ბაკალავრის დიპლომების ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ ვ--------------სა და ნ-------------ს არ მოუპოვებიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, ვ--------------მ და ნ-------------მ სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, შესაბამისად, მათი სწავლის პერიოდი, მიღებული განათლება და მათ სახელზე 2011 წელს გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N---) და M---------- (სარეგისტრაციო N2--) ბაკალავრის დიპლომები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წელს, ვ-------------- და ნ------------- შპს ,,მ–--------------ში’’ ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.

 

დადგენილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 მარტის M---------------- და M---------------- სამსახურებრივი ბარათებისა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კორესპონდენციების საფუძველზე ცენტრში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვ--------------სა და ნ-------------ს შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უფლებამოპოვებულ პირთა შორის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრშიც. ამასთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით ვ-------------- და ნ------------- 2007 წელს ჩაირიცხნენ შპს ,,მ–--------------ში’’.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელეებთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2011 წლის 17 ივლისს შპს ,,მ–------------იის’’ მიერ მოსარჩელეების სახელზე გაცემული M---------- (სარეგისტრაციო N---) და M---------- (სარეგისტრაციო N2--) დიპლომების ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ ვ--------------სა დან-------------ს ვერ ექნება კანონიერი ნდობა მათ მიმართ გაცემული დიპლომების მიმართ, ვინაიდან ისინი შპს ,,მ–--------------ში’’ ჩაირიცხნენ სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მათ მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- და 2018 წლის 22 იანვრის MES 4 18 0004834 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, ვ--------------სა და ნ-------------ს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--------------სა და ნ-------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე