გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
330210017001970396
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15754-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31.07.2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - სს "ა----------------ა";

წარმომადგენელი - თ----------–-ძე;

მოპასუხე - შპს "თ---–--–---ი";

წარმომადგენელი - ე-----------;

მოპასუხეები - ე-------–---–--ა, ზ---------------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-------–---–--ას, შპს "თ---–--–---ი"-ს და ზ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ა----------------ა"-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2680 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 17 მაისს სს "ა----------------ა"-სა და ნა-------------–--ეს შორის მოხდა შეთანხმება ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი NMHL/16-091671, აღნიშნუი პოლისის საფუძველზე დაზღვეული იქნა ნა-------------–--ის საკუთრებაში მყოფი SUZUKI-ს მარკის ავტომანქანა, სახე N-------, ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 2017 წლის 26 ოქტომბერს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე - ე-------–---–--ა, რომელიც მართავდა FORD-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო NT------. ამასთან ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე FORD-ის მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა სამართალდამრღვევი პირი - ე-------–---–--ა, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ზ---------------ეს, შესაბამისად იგი ახორციელებდა მფლობელობას აღნიშნულ საგანზე. ნა-------------–--ემ მომართა სადაზღვეო კომპანიას და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ი/მ ხა------------–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანის ზიანი განისაზღვრა 2 680 ლარის ოდენობით. შესაბამიად მოსარჩლე ითხოვს ე-------–---–--ას, შპს "თ---–--–---ი"-ს და ზ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ა----------------ა"-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2680 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს "თ---–--–---ი"-მ სარჩელთან დაკავშირებით 2017 წლის 30 ივნისს წარმოადგინა შესაგებელი, რომელითაც არ ცნო სარჩელი. შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს "თ---–--–---ი" წარმოადგენს ქ. თბილისში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ კომპანიას, კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ინდივიდუალური მეწარმე მძღოლების მიერ, რომლებიც კომპანიასთან დაკავშირებულები არიან საიჯარო ხელშეკრულებით, ამასთან მართალია, მხარეთა შორის გაფორმებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, თუმცა თანდართულ საბუთებში წარმოდგენილია სადაზღვევო პოლისი და პირობები, კომპანიის მხრიდან მოთხოვნილ იქნა სადაზღვევო ხელშეკრულების წარმოდგენა თუმცა მათი მხრიდან ხელშეკრულება არ წარმოდგენილა, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს როგორ რეგულირდება ხელშეკრულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების დეტალები, ამასთან, შპს "თ---–--–---ი" ახორციელებს ქ. თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაწყვანას ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში (ნებართვით), საზოგადეობის კუთვნილი ავტოსატრანსპორტი საშუალება ფორდ ტრანზიტი (სახ, ნომერი T--------) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმე ზ---------------ეზე და მისი მინდობილი პირისათვის ე-------–---–--აზე და ახორციელებს სამგზავრო გადაწყვანას N--- მარშუტზე, საიჯარო ხელშეკრულების პირობების თანახმად სრული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე ეკისრება მოიჯარეს და მის მინდობილ პირს, იქიდან გამომდინარე, რომ საიჯარო ხელშეკრულებიდან მოიჯარე ზ---------------ეს იჯარის საგნით სარგებლობის შედეგად აქვს, როგორც მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ასევე სრული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე მესაკუთრესამებრ ფლობს ნივთს და რადგან მოიჯარე უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, ამასთანვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პირდაპირ მიუთითებს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება და აღდგენილია სამართალდამრღვევი, სწორედ სამართალდამრღვევს ეკისრება დაზარალებულის სასარგებლოდ სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ვალდებულება, შესაბამისად შესაგებლით მოპასუხე შპს "თ---–--–---ი"-მ არ ცნო სარჩელი, მისთვის ზიანის დაკისრების ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე ე-------–---–--ამ სარჩელთან დაკავშირებით 2017 წლის 14 ივლისს წარმოადგინა შესაგებელი, რომელითაც არ ცნო სარჩელი. შესაგებელში აღნიშნულია, რომ იგი დაუკავშირდა მანქანის მფლობელს რომელმაც უთხრა, რომ მისთვის მანქანა არავის გაუკეთებია, აღნიშნულ ავარიაში დაზარალდა სხვა 2 მანქანა "მერსედერსი" და "ბე ემ ვე" მათი გაკეთება ერთის დაუჯდა 60 ლარი, მეორესი 250, ეს თანხა რომელსაც დაზღვევო ითხოვს არის აბსურდული თანხა, აღნიშნული მანქანის გაკეთება მითითებული თანხა არ ჯდება, მითუმეტეს რომ მანქანა არ გაუკეთებია სადაზღვევო კომპანიას, მოპასუხის განმარტებით, მას არ აქვს შემოსავალი და არანაირი შესაძლებლობა რომ გადაიხადოს მითითებული ზიანის თანხა, მისი განმარტებით, ნამდვილად მისი ბრალეულობით მოხდა ავარია, ვინაიდან, მიდიოდა მარჯვნივ და ფეხით მოსიარულემ გადაირბინა რა დროსაც გადავიდა მარცხნივ რომ არ დაჯახებოდა ქვეითს, მოპასუხის განმარტებით, მითითებული თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და არ ეთანხმება სარჩელს ზიანის თანხის დაკისრების ნაწილში, ე-------–---–--ამ სარჩელი ცნო 800 ლარის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი, 12:44:31 საათი).

 

2.3. მოპასუხე ზ---------------ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, ასევე არ გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე და მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 მაისს სს "ა----------------ა"-სა და ნა-------------–--ეს შორის მოხდა შეთანხმება ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი NMHL/16-091671 SUZUKI-ს მარკის ავტომანქანა, სახ N-------.

 

3.1.2. 2017 წლის 26 ოქტომბერს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე - ე-------–---–--ა, რომელსაც მართავდა FORD-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო NT------.

 

3.1.3. 2016 წლის 26 ოქტომბერს ნა-------------–--ემ მომართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ი/მ ხა------------–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანის ზიანი განისაზღვრა - 2680 ლარის ოდენობით.

 

3.1.4. მოსარჩელემ არაერთგზით მიმართა მოპასუხე ე-------–---–--ას როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი გზით და მოსთხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ, მისი მხრიდან არც ზიანის ანაზღაურება მომხდარა და არც შეთანხმებაზე წამოსულა.

 

3.1.5. სადაზღვევო კომპანიამ მიმართა შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოს და გამოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე, ემ------–----–-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შესახებ სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა შპს "თ---–--–---ი"-ს საკუთრებაში.

 

3.1.6. სს "ა----------------ა"-ს წარმომადგენელსა და შპს "თ---–--–---ი"-ს დირექტორს შორის შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება დავალიანების არსებობის შესახებ, ასევე სადაზღვევო კომპანიის მიერ გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინებაც, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

3.1.7. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე FORD-ის მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა სამართალდამრღვევი პირი - ე-------–---–--ა, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა ზ---------------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 18);

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 19);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული ამონაწერი (ს.ფ. 20);

- მძღოლების ახსნა-განმარტება (ს.ფ. 21- 24);

- შემთხვევის სქემა-ნახაზი (ს.ფ. 29);

- ზიანის შესახებ განცხადება (ს.ფ. 30)

- ი/მ ხა------------–-–---–-ს დეფექტური აქტი N0033 (ს.ფ. 31);

- იჯარის ხელშეკრულება (64-73);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა სს "ა----------------ა"-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 463-ე, 464-ე, 832-ე, 992-ე-999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე სადავო არ გამხდარა მოპასუხე ე-------–---–--ას ბრალეულობა დამდგარი ზიანის მიმართ, რაც ასევე დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

 

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის, მომსახურების ხარიხსი, შინაარსი და მოცულობა წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელესა და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ითვალისწინებს ავტომანქანის შეკეთებას დამზღვევის ინტერესის შესატყვისად. აღნიშნული პირობა შესაძლებელია ზრდის ასანაზღაურებელი სადაზღვევო ზიანის მოცულობას და ამავდროულად გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

6.2. დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა შპს "თ---–--–---ი"-ს საკუთრებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

დადგენილია, რომ შპს "თ---–--–---ი" ახორციელებს ქ. თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაწყვანას ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში (ნებართვით), საზოგადეობის კუთვნილი ავტოსატრანსპორტი საშუალება ფორდ ტრანზიტი (სახ, ნომერი T--------) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე კი გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმე ზ---------------ეზე და მისი მინდობილი პირისათვის ე-------–---–--აზე და რომეიც ახორციელებდა სამგზავრო გადაწყვანას N--- მარშუტზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მასზედ, რომ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი პირობების თანახმად სოლიდარული პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე ეკისრება მოიჯარეს - ზ---------------ეს და მას სოლიდარულად უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ორ მხარეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, არამედ სარჩელი წამოდგენილია დელიქტის საფუძვლებიდან, მოთხოვნის უფლების გადასვლასთან ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით, ამდენად, ხელშეკრულებით დადგენილი რაიმე სახის დათქმები და პირობები ვერ გავრცელდება მზღვეველის მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მატარებელია ნივთის მფლობელი, რომელსაც თავისი ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალება გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში სხვა პირზე - მოსარგებლეზე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს, ან ზინის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ისე ზიანის მიმყენებელს სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, თუმცა მითითებული სუბიექტების დადგენა უნდა მოხდეს სათანადოდ.

 

აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) (იხ. სუსგ. Nას-811-762-2015, 4 მარტი, 2016 წელი, Nას-311-970-03, 7 იანვარი 2003 წელი).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე არ გავაქვს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები და არც საქართველოს სამოქალაო კოდექსის 999-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებს ჰქონია ადგილი, რის გამოც მესაკუთრე შპს ''თ---–--–---ის'' პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში ე-------–---–--ამ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ი/მ ხა------------–-–---–-ს მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხე მხარის აღიარებული მოცულობა - 800 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს - შპს ''თ---–--–---ის'' და ე-------–---–--ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის არა უმეტეს 800 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისათვის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "ა----------------ას" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს "თ---–--–---ი"-ს და ე-------–---–--ას მოსარჩელე სს "ა----------------ა"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის - 800 ლარის ანაზღაურება.

 

3. შპს "თ---–--–---ი"-ს მოსარჩელე სს" ა----------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი საელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 24 ლარის გადახდა.

 

4. შპს "თ---–--–---ი"-ს და ე-------–---–--ას სს "ა----------------ა"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასურის - 21 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი