გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
080210016001483690
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1907-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე: ა------ ა---–------ი;

წარმომადგენელი: ი---- ა-–------ე;

მოპასუხე: მ------ ხ-–-------ი;

მოპასუხე: მ-----ი ხ-–-------ი;

წარმომადგენელი: ნ----- მ---------–--;

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება და ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

1.1. აწ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------- გამზ. #39/82 (ს.კ. 0-------.158.01.0--) და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში (ს.კ. 2--------026) დაურეგისტრირებელი 2/3 წილი აღირიცხოს პირველი რიგის მემკვიდრეების - მ-----ი და მ------ ხ-–-------ების საკუთრებად. 1.2. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------- გამზ. #39/82 (ს.კ. 0-------.158.01.0--) და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე მიწის ნაკვეზე (ს.კ. 2--------026), მოხდეს ქონების რეალიზაცია და მიღებული თანხის მესაკუთრეთა შორის განაწილება. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წელს იქორწინა აწ გარდაცვლილ რ----- ხ-–-------თან, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ყავს ორი შვილი - მ------ ხ-–-------ი და მ-----ი ხ-–-------ი. ქორწინების პერიოდში შეიძინეს მიწის ნაკვეთი წ---–-------ს რაიონი სოფელ ქ-------ში. რ----- ხ-–-------ის პირველი მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ აწ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------- გამზ. #39/82-ში. 2012 წლის 7 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე რ----- ხ-–-------ი. 2012 წლის 3 ნოემბერს ა------ ა---–------მა აღიდგინა მემკვიდრეობა მეუღლის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე. მოპასუხეები წარმოადგენენ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ის მემკვიდრეებს დანაშთი ქონების 2/3 ნაწილზე. საჯარო რეესტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს ქ. ქუთაისში ს---–--------- გამზ # 39/82-ში მდებარე საცხოვრებელი ბინისა და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილის მესაკუთრეს. მოპასუხეებთან კონფლიქტური მდგომარეობისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ვერ სარგებლობს საკუთრებით, ხოლო მ------ და მ----- ხ-–-------ები ცხოვრობენ მამის დანაშთ ქონებაში. ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას სრულად, ფლობენ და სარგებლობენ როგორც მათი, ისე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ქონების 1/3 ნაწილით. მოპასუხეები დღემდე არ ახდენენ მიღებული სამკვიდროს საკუთრებაში აღრიცხვას კანონის შესაბამისად, რითაც მიზანმიმართულად ახორციელებენ მოსარჩელისთვის საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში ხელშეშლას. მოსარჩელის განმარტებით, რადგან სამკვიდრო ქონება ცხა სართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე სამოთახიანი ბინაა, შეუძლებელია მოეწყოს იზოლირებული შესასვლელი და სველი წერტილი, ხოლო მოდავე მხარეებს შორის საერთო სარგებლობის ფართში თანაცხოვრება წარმოუდგენელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოახდინონ მოპასუხეებმა მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების საკუთრებაში აღრიცხვა, რის შემდეგაც უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. ქუთაისი, სულხან საბას გამზ. #39/82 (ს.კ. 0-------.158.01.0--) და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში (ს.კ. 2--------026) გაუქმდეს საზიარო უფლება და ქონების რეალიზაციის გზით მოხდეს მესაკუთეთა დაკმაყოფილება.

2. მოპასუხეთა პოზიცია:

მოპასუხეებმა - მ----- ხ-–-------მა და მ------ ხ-–-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ აწ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ი 2010 წლის 28 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხეების დედასთან -დარეჯან ასათიანთან, ხოლო მოსარჩელე ასმათ ა---–------თან იქორწინა 2011 წლის 16 სექტემბერს. ისინი ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. მოსარჩელეს რ----- ხ-–-------თან თანაცხოვრების პერიოდში არაფერი შეუძენია. იგი არც ფაქტობრივად დაუფლებია რ----- ხ-–-------ის დანაშთ ქონებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხეებმა - მ-----ი და მ------ ხ-–-------ებმა როგორც აწ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა საკუთრებაში მიიღეს მთელი უძრავ-მოძრავი ქონების 2/3 ნაწილი სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სამკვიდრო მოწმობა (ს/ფ 154-155)

 

3.1.2. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისში ს---–--------- გამზ # 39/82-ში და მიწის ნაკვეთის, მდებარე: წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში, 1/3 ნაწილი ეკუთვნის ა------ ა---–------ს, ხოლო დანარჩელი 2/3 ნაწილი - მ------ ხ-–-------სა და მ-----ი ხ-–-------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ - 171, 193-194)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ აქტში მითითებულია, რომ სასამართლო დავაში მონაწილე მხარეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ექსპერტი გურგენ როსნაძე 2018 წლის 11 მაისს გამოცხადდა საექსპერტო ობიექტის მისამართზე: ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ # 39/82. ექსპერტიზის ობიექტებიდან ერთი მათგანი მდებარეობს: ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ # 39/82-ში, ხოლო მეორე - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ქ-------ში. ადგილზე დათვალიერების დროს, ფაქტიურმა მფლობელებმა, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე, უარი განაცხადეს ექსპერტიზის როგორც პირველი, ასევე მეორე ობიექტის წარმოდგენასა და საკონტროლო აზომვების ჩატარებაზე. ექსპერტიზის ობიექტების წარუდგენლობის გამო, შეუძლებელი იქნა ობიექტების სრულყოფილად დათვალიერება და შესაბამისად ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აქტი (ს/ფ

206-211)

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს. სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც აწ გარდაცვლილი რ----- ხ-–-------ის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე ა------ ა---–------ი, ხოლო 2/3 ნაწილის მოპასუხეები - მ------ და მ-----ი ხ-–-------ები. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქონების გაყოფა მისი დანიშნულების, სარგებლობის წესისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, ასევე განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო მათ მიერ საზიარო ქონებებით ერთობლივად სარგებლობა და განკარგვა შეუძლებელია, შესაბამისად, ითხოვს საზიარო ქონების რეალიზაციას და მიღებული თანხების მესაკუთრეთა შორის განაწილებას. განსახილველი დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია დავის გადაწყვეტისათვის საჭირო სპეციალური ცოდნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული აქტით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ექსპერტიზის ობიექტების წარუდგენლობის გამო საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის მომზადება ვერ განხორციელდა. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად, საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მოსარჩელის პოზიციის გამყარების საფუძველი ხდება. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოს საკითხის შესწავლისათვის სპეციფიკური ცოდნა არ გააჩნია და მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება ვერ განხორციელდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დადგინდეს ექვემდებარება თუ არა საზიარო ქონება ნატურით გაყოფას ისე, რომ არ შეიცვალოს თითოეული მესაკუთრის წილი ქონების ღირებულება, დანიშნულება, სარგებლობის წესი და სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. აღნიშნულის გამო საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს ქონების რეალიზაციის გზით და მიღებული შემოსავალი უნდა განაწილდეს წილების შესაბამისად.

 

სა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის განუხორციელებლობის გამო შეუძლებელია დადგინდეს ექვემდებარება თუ არა საზიარო ქონება თითოეული მესაკუთრის წილი ქონების ღირებულების, დანიშნულების, სარგებლობის წესის შეუცვლელად გაყოფას.

სწორედ აღნიშნულის გამო საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს ქონების რეალიზაციის გზით და მიღებული შემოსავალი უნდა განაწილდეს წილების შესაბამისად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

6.4. საქართველოს სკ-ის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ. #39/82-ში და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქვიტრიში, 1/3 ნაწილი ა------ ა---–------ის, ხოლო დანარჩელი 2/3 ნაწილი მ------ ხ-–-------ისა და მ-----ი ხ-–-------ის თანასაკუთრებას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზიარ უფლებაში ქონებათა წილი განსაზღვრულია. ისინი ქონების იდეალური წილის მესაკუთრეები არიან. ქონებაში იდეალური წილის ქონა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის საკუთრება რეალურად არაა გაყოფილი და რომელი ნაწილია თითოეული თანამესაკუთრის საკუთრება არაა დადგენილია.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმება.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლით ,,თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმების ორი გზა არსებობს. საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ნატურით გაყოფით ან გაყიდვით. კანონი ადგენს რიგითობას. პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნეს საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს და მხარეებს მაინც სურთ საზიარო უფლების გაუქმება, მაშინ დღის წესრიგში დგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლით საზიარო უფლების გაუქმების წესი, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების განსაკუთრებული წესია. ნივთის რეალიზაციითა და ამონაგები თანხის განაწილებით, საზიარო უფლება უქმდება. ამ ნორმის საფუძველზე საზიარო უფლების გაუქმებისათვის აუცილებელია შესაბამისი წინაპირობების დაცვა. ეს წინაპირობა კი არის ის, რომ მტკიცებულებებით დადგენილი უნდა იყოს, რომ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია. თუ ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია, მაშინ დაუშვებელია გამოყენებული იქნეს საზიარო ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. ამ პირობის დაუცველობა ხელყოფს სხვა მესაკუთრეების კანონიერ ინტერესს. მათი საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ აქტში მითითებულია, რომ სასამართლო დავაში მონაწილე მხარეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ექსპერტი გურგენ როსნაძე 2018 წლის 11 მაისს გამოცხადდა საექსპერტო ობიექტის მისამართზე: ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ. # 39/82. ექსპერტიზის ობიექტებიდან ერთი მათგანი მდებარეობს: ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ. # 39/82-ში, ხოლო მეორე - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ქ-------ში. ადგილზე დათვალიერების დროს, ფაქტიურმა მფლობელებმა, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე, უარი განაცხადეს ექსპერტიზის როგორც პირველი, ასევე მეორე ობიექტის წარმოდგენასა და საკონტროლო აზომვების ჩატარებაზე. ექსპერტიზის ობიექტების წარუდგენლობის გამო, შეუძლებელი იქნა ობიექტების სრულყოფილად დათვალიერება და შესაბამისად ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.

 

6.7. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის შეხედულებას ამონაგები თანხის განაწილების პრინციპში. ის მოითხოვს ამონაგები თანხა განაწილდეს საკუთრებაში თავიანთი წილის პროპორციულად. საზიარო უფლების საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა წარმოადგენს მესაკუთრეების საკუთრებას და იგი უნდა განაწილდეს საკუთრების წილების პროპორციის მიხედვით. წინასწარ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ფასში გაიყიდება საზიარო საგანი, ამიტომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს ციფრი, რასაც მიიღებს რეალიზაციის შემდეგ მხარეები. შესაბამისად, რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის უნდა განაწილდეს თავინთი წილების შესაბამისად.

 

7. საპროცესო ხარჯები: 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სასამართლომ საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა გაინგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლების პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მათი მოთხოვნის დაცვით საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 120 ლარს. სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი. რადგანაც სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ამიტომ მოპასუხეებს - მ------ ხ-–-------ს და მ-----ი ხ-–-------ს მოსარჩელე ა------ ა---–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრებათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 20 ლარი დაეკისრებათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------ ა---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებებზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ს---–--------- გამზ. N39/82 (ს/კ 0-------.158.01.0--) და წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2--------026) და მოხდეს აღნიშნული ქონებების რეალიზაცია და მიღებული თანხის განაწილება მესაკუთრეთა შორის.

1.2. მოპასუხეებს - მ------ ხ-–-------ს და მ-----ი ხ-–-------ს მოსარჩელე ა------ ა---–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს - მ------ ხ-–-------ს და მ-----ი ხ-–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა