გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/986-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე
მოსარჩელე - შ---------
წარმომადგენელი - დ---------–----
მოპასუხეები - 1. ვ--–----------------
წარმომადგენელი - კ--------–-–---–-
2. მ-------------
წარმომადგენელი - ვ--–----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ--–----------------სა და მ-------------ს შ----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სასესხო დავალიანების 1701.17 ლარის გადახდა.
1.2. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2018 წლის 20 მარტიდან, სესხის ხელშეკრულების ძირ თანხაზე 865 ლარზე აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 23 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 69.20 ლარს.
1.3. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა: სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარი, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის გადახდა 15 ლარის ოდენობით. ასევე დაეკისროს ყადაღის დადების საფასური - 21 ლარი და ფოსტის მომსახურების საფასური - 6.30 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 07.11.2017 წელს შ---------სა და ვ--–----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ვ--–----------------მ მიიღო სესხი 865 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი - 8%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 8 ნოემბრიდან ყოველდღიურად დღეში 31.14 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2017 წლის 7 დეკემბერს. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა მ-------------მ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4% ოდენობით. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის მოპასუხეებზე დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ--–----------------მ და მ-------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმნენ მოთხოვნას სესხის ძირის და სარგებლის ნაწილში 934.2 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლოს - 69.2 ლარის ოდენობით (სულ 1003.4 ლარს). დანარჩენ ნაწილში მიუთითეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
2.2. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ვ--–----------------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, მაგრამ როგორც მოპასუხე მ-------------- წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე მ------------- სარჩელს არ ცნობს არცერთი მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 07 ნოემბერს შ----------სა და ვ--–----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №ა418, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 865 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი - 8%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 2017 წლის 8 ნოემბრიდან 30 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დღეში - 31.14 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 7 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება №ა418 (ს.ფ 17-18);
- სალაროს გასავლის ორდერი № 418 (იხ. ს.ფ. 19 );
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 07 ნოემბრის სესხის №ა418 ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად მსესხებელმა აიღო ვალდებულება გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში ნარჩენი თანხის 0.4% ყოველდღიურად.
3.2.2. სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ხოლო ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს ხელშეკრულებით მითითებულ ვადაში დაუბრუნოს მიღებული სესხი, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება ვიდრე სრულად დაიფარება დავალიანება.
3.2.3. შ----------სა და ვ--–----------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა მ-------------მ. მან აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა გაცემული სესხის გადახდაზე და შ----------ს, როგორც გამსესხებელისათვის გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმა, თუკი მსესხებელი თავს აარიდებდა, როგორც სესხის ძირითადი თანხის ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას, რაც დაადასტურა ხელისმოწერით.
3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს მ-------------მ დადო ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მან გამოთქვა თანხმობა სესხის დაფარვამდე არ გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ოზურგეთი, სოფ. ჭანიეთი. ს/კ 26.15.13.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება №ა418 (ს.ფ 17-18);
- მ-------------- ხელწერილი (ს.ფ 20 );
3.2.5. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, (სულ 1003.4 ლარი). შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ მას სესხის დასაფარად გადახდილი ჰქონდა 180 ლარი. ამასთან გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით ვ--–----------------ს და მ-------------ს Nა418 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 1701.17 ლარის ოედნობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 865 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 375.99 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 460.18 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28);
3.2.7. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ერთი თვის სარგებელი შეადგენს 69.20 ლარს, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დავალიანების შესახებ ცნობა გარკვეულ უზუსტობას შეიცავს, რის გამოც მოსარჩელის მიერ მიუღებელი სარგებელი შეადგენს 311,4 ლარს და არა 375.99 ლარს.
3.2.8. 2018 წლის 15 იანვარს შ----------ს წარმომადგენელმა მოპასუხეების ვ--–------------------ და მ-------------- მიმართ სესხის ხელშეკრულების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ ვ--–----------------- მხრიდან იქნა წარმოდგენილი პროტესტი, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება NSP180186531/372777 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (ს.ფ 22 );
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 419-ე, 623-625-ე, 867-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ . 2017 წლის 07 ნოემბერს შ----------სა და ვ--–----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №ა418, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 865 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი - 8%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 2017 წლის 8 ნოემბრიდან 30 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დღეში - 31.14 ლარის გადახდით ისე, რომ სესხის ბოლო თანხა უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 7 დეკემბერს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მისი ვალდებულება და მან ნასესხები თანხა გადასცა მსესხებელ ვ--–----------------ს. ხოლო მოპასუხეების მხრიდან არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის სრულად ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, (სულ 1003.4 ლარი). შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ მას სესხის დასაფარად გადახდილი ჰქონდა 180 ლარი. ამასთან გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, სარჩელის შემოტანის დროისათვის, 2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით ვ--–----------------ს და მ-------------ს Nა418 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 1701.17 ლარის ოედნობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 865 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 375.99 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 460.18 ლარი.
სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება მოქმედებს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ხოლო ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია შ----------ს, როგორც გამსესხებელს, ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში დაუბრუნოს მიღებული სესხი, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება ვიდრე სრულად არ დაიფარება დავალიანება.
დადგენილია, რომ ერთი თვის სარგებელი შეადგენს 69.20 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 04 თვისა და 15 დღის სარგებელი, რაც შეადგენს 311,4 ლარს და არა 375.99 ლარს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების შესახებ ცნობა გარკვეულ უზუსტობას შეიცავს.
ამდენად, ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარგებლის დაკისრების ნაწილში - ნაწილობრივ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ----------სა და ვ--–----------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა მ-------------მ. მან აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა გაცემული სესხის გადახდაზე და შ----------ს, როგორც გამსესხებელისათვის გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმა, თუკი მსესხებელი თავს აარიდებდა, როგორც სესხის ძირითადი თანხის ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას, რაც დაადასტურა ხელისმოწერით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.
ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, დღეში ნარჩენი თანხის 0.4 % ოდენობით. აღნიშნული კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს, რადგან მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ვადაგადაცილებისათვის, დღეში ნარჩენი თანხის 0.07 % ოდენობით, სულ 133 დღეზე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 80,53 ლარს, (0,6055 X 133).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.
6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2018 წლის 20 მარტიდან, სესხის ხელშეკრულების ძირ თანხაზე 865 ლარზე აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 23 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 69.20 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს 2018 წლის 20 მარტიდან, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდში რა ოდენობით მიადგა ზიანი მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია მოთხოვნილი სარგებლის მიღება მიუღებელი შემოსავლის სახით, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, წარმოშობილია 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულებით.
დადგენილია, რომ მოპასუხე მ-------------მ, როგორც თავდებმა პირმა, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ,,გამსესხებელსა“ და ,,მსესხებელს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება ,,გამსესხებლისათვის“ ფულადი თანხის გადახდაში.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილის სოლიდარულად დაკისრების საფუძველი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, (სულ 1003.4 ლარი), ცნო სარჩელი. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი აყენებდა მოპასუხეს კაბალურ მდგომარეობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. (13.07.2006. N3435) 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 100 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ვ--–----------------მ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, (სულ 1003.4 ლარი), ცნო სარჩელი, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხე მხარე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 30.47 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. შესაბამისად ვ--–----------------ს და მ-------------ს შ----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 56.21 ლარი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 13.32 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 15 ლარის, ყადაღის დადების საფასური - 21 ლარის და ფოსტის მომსახურების საფასურის - 6.30 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა მოპასუხე მ-------------ს (პ/ნ 3----------) მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, მდებარე ო------------------–----–----------------–----------, საკადასტრო კოდი: №26.15.13.0--).
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ-------- წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - ვ--–---------------- და მ-------------ს მოსარჩელე შ---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1256,93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 865 ლარი, პროცენტი - 311,4 ლარი, პირგასამტეხლო - 80,53 ლარი.
3. მოპასუხეებს - ვ--–---------------- და მ-------------ს მოსარჩელე შ---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2018 წლის 20 მარტიდან სესხის ხელშეკრულების ძირ თანხაზე - 865 ლარზე აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 23 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 69,20 ლარს.
4. მოპასუხეებს - ვ--–---------------- და მ-------------ს მოსარჩელე შ---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი, ყადაღის დადების საფასური - 50 ლარი, საგარანტიო თანხა - 50 ლარი, იურიდიული მომსახურების 40 ლარი, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადი - 10 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასური - 15 ლარი, ყადაღის დადების საფასური - 21 ლარი. ფოსტის მომსახურების საფასური - 6.30 ლარი.
5. მოპასუხეებს - ვ--–---------------- და მ-------------ს მოსარჩელე შ---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 56.21 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელე შ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 30.47 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (100.00 ლარი, გადამხდელი: შ---------, გადახდის თარიღი: 20 მარტი, 2018 წელი, საგადასახადო დავალება N0, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“).
7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 13.32 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე