განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002413046
№1-108/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01.08.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - ს------- ყ--–-ი
ადვოკატი - მ------ ზ-----
თარჯიმანი - მაია შიშინაშვილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173290318004
ბრალდებული: ს------- ყ--–-ი
მამის სახელი: ს-----;
დაბადებული: 21.03.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ირანი.
პასპორტის ნომერი: V--------;
მოქალაქეობა: ირანი;
განათლება: უმაღლესი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: ირანი, ქ. ზ-----, ათ-–--–-------ი, სადირშომალის ქ. №66.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ს------- ყ--–-იმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეთადონის მარილს საერთო წონით - 2,01 გრამი, რაც 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 17:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, საიდანაც 1,97 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი ს------- ყ--–-ის კუთვნილ ,,კია ცერატოს’’ მარკის ავტომანქანის დათვალიერებისას საბარგულში მოთავსებულ ქურთუკსა და აგრეთვე პირადი დათვალიერების დროს იქნა აღმოჩენილი, ხოლო 0,02 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი 2018 წლის 30 მარტს ქ. ბათუმში, აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას, ს------- ყ--–-ის პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი. ასევე, 0,02 გრამი, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი 2018 წლის 01 აპრილს ქ. ქუთაისში, ხარებავას ქ. №85-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში შესახლებისას, ს------- ყ--–-ის პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.
2. მოწმის სახით დაკითხული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი გ--------–---–----ძის ჩვენებების თანახმად 2018 წლის 29 მარტს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ს------- ყ--–-ი, რომელიც მართავდა ,,კია ცერატოს“ მარკის ავტომანქანას. მას საბაჟო კონტროლის დაწყების წინ მიეცა წინადადება ნებაყოფილობით წარედგინა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მსგავსი ნივთები არ გააჩნდა, რის შემდეგაც მის მიერ მოხდა ავტომანქანის დათვალიერება. ავტომანქანის შემოწმებისას, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულ ქურთუკის შიგნითა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩდა 77 ცალი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. ხოლო ს------- ყ--–-ის პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვალის ჯიბეში აღმოჩნდა 17 აბი და 7 აბის ნატეხი. ხსენებული აბები იყო შეფუთვის გარეშე. ს------- ყ--–-ის განმარტებით აღნიშნულ მედიკამენტებს იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ტკივლის გასაყუჩებლად, თუმცა მას ექიმის დანიშნულება ან რაიმე სახის რეცეპტი არ წარუდგენია. ს------- ყ--–-ის დათვალიერების დროს ამოღებული მედიკამენტები დაილუქა ადგილზე და შედგა შესაბამისი ოქმი. მისივე განმარტებით ს------- ყ--–-ისთან კომუნიკაცია, სატრანსპორტო საშუალების და მისი პირადი დათვალიერების ოქმების შედგენა განხორციელდა თარჯიმნის დახმარებით.
3. მოწმის სახით დაკითხულმა , სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსმა გი-----------–-----მ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ს------- ყ--–-ის, რომელიც მართავდა ,,კია ცერატოს“ მარკის ავტომანქანას, ავტომანქანის შემოწმებისას, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულ ქურთუკის შიგნითა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა 77 ცალი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. ხოლო ს------- ყ--–-ის პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვალის ჯიბეში აღმოჩნდა 17 აბი და 7 აბის ნატეხი. ხსენებული აბები იყო შეფუთვის გარეშე და ს------- ყ--–-ის განმარტებით აღნიშნულ მედიკამენტებს იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ტკივლის გასაყუჩებლად, თუმცა მას ექიმის დანიშნულება ან რაიმე სახის რეცეპტი არ წარუდგენია.
4.მოწმის სახით დაკითხული ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ----------–---–-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს მიიღო შეტყობინება, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ ს------- ყ--–-ის ავტომანქანაში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.
5. მოწმის სახით დაკითხული ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ---------–--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებისას ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნენ მებაჟეები, მებაჟე ოფიცრისგან ამოღებული იქნა აბები და აბის ნატეხები, დაიკითხა ს------- ყ--–-ი და მოხდა მისი დაკავება, ამოღებული იქნა ავტომანქანა, ს------- ყ--–-ი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
6. მოწმის სახით დაკითხული აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპეტქტორების ზ------------სა და ზ------ გ---------ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 30 მარტს იზოლატორში ს------- ყ--–-ის შემოსახლების დროს ჩატარებული პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი აბი, რომელიც ადგილზე დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი თარჯიმნის მონაწილეობით.
7. პენიტენციური დეპარტამენტის №2 დაწესებულების მუშაკების ა---------------–---–-----–----------------------------------–--ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 01 აპრილს დაწესებულებაში ს------- ყ--–-ის შემოსახლების დროს ჩატარებული პირადი დათვალიერებისას სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი აბი, რომელიც ადგილზე დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი თარჯიმნის მონაწილეობით
8. 2018 წლის 30 მარტის №901246 დასკვნის თანახმად ს------- ყ--–-ის ნარკოლოგიური შემოწმებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის, მდმას (ექსტაზი), ტრამადოლის მიღების ფაქტი.
9. 2018 წლის 30 მარტის №ქ/187 ექსპერტის დასკვნის თანახმად: 94 ცალი ტაბლეტი და 9 ცალი ტაბლეტის ნატეხი საერთო წონით 22,064 გრამი შეიცავს 1,97 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);
10. 2018 წლის 30 მარტის №ქ/189 ექსპერტის დასკვნის თანახმად: ს------- ყ--–-ისგან ამოღებული ერთი ცალი ტაბლეტი წონით 0,224 გრამი შეიცავს 0,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);
11. 2018 წლის 17 აპრილის №ქ/236 ექსპერტის დასკვნის თანახმად: ერთი ცალი ტაბლეტი წონით 0,22 გრამი შეიცავს 0,02 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);
12. 2018 წლის 29 მარტის №21-10-11/43304 შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2018 წლის 29 მარტს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ,,KIA CERATO-ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება ირანის სახ. №44E886-10, რომელსაც მართავდა ირანის მოქალაქე ს------- ყ--–-ი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ავტომანქანის საბარგულში არსებულ ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბიდან და მძღოლის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად ს------- ყ--–-იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 29.03.2018 წელი 17:49 საათი.
14. ბრალდებულმა სოჰრამ ყ--–-იმ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს, მან საქართველოშიშემოიტანა მებაჟეებისა და შემდგომში დაკავების დროს პოლიციელების მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბაბი, მაგრამ მისი განმარტებით იგი ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა ნარკოტიკული საშუალებას და მისივე ცნობილი არ იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა იყო აკრძალული.
15.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
16. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №40 რეგისტრაციით და 2,01 გრამი ,,მეთადონი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
17. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13) პუნქტის თანახმად შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ხოლო ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;
18.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეთადონი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
19. .ს------- ყ--–-ის არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება,, მეთადონის” შეძენისა და შენახვის თაობაზე, რადგან დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ს------- ყ--–-ი ოფოღ-ე როშან ნარკომანიის ცენტრში გადიოდა მედიკამეტოზურ მკურნალობას, მაგრამ ხსენებული ცნობები არ წარმოადგენს სპეციალური ნებართვას ნარკოტიკული საშუალება,, მეთადონის” შესაძენად.
20. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.
21. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
22. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეთადონი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
23. ს------- ყ--–-ის არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის”- საქართველოში შემოსატანად
24. ს------- ყ--–-იის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, 2018 წლის 29 მარტის დაკავების ოქმით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების და დათვალიერების ოქმებით და საქმეზე დართული ნივთმტკიცებით.
სამართლებრივი შეფასება:
25. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
26. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
27. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
28.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
29.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
30.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
33. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
34. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------- ყ--–-იმ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
35. ს------- ყ--–-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
36. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს------- ყ--–-ის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში.
37. ს------- ყ--–-ის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს------- ყ--–-ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს------- ყ--–-ის მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მასვე, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ს------- ყ--–-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. ს------- ყ--–-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
4.ს------- ყ--–-ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილებაში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
ს------- ყ--–-ის სპორტული შარვალი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი