გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.08.2018
საქმის ნომერი
190310018002444934
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/124-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01.08.2018 წელი ქ.რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ია-------–--ა

 

მოპასუხე - ბე----------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბე----------------ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 272.58 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ბე----------------ას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს მიერ შემოტანილი სარჩელის შესახებ და ასევე, 2018 წლის 30 ივლისს,12:00 საათზე დანიშნული სასამართლო მთავარი სხდომის თაობაზე. მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ბე----------------ას შორის 2014 წლის 18 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. ზემოხსენებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით, რომელიც სრულდებოდა 2020 წელს.

 

ბე----------------ა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.02.2018 წლის №542 ბრძანებით, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველსო კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელისათვის) და ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღევვის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე რაც გამოიხატა 2018 წლის 02 იანვარს სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელის ჩადენაში.

 

ბე----------------ა გენერალური შტაბის უფროსის 02.02.2018 წლის №542 ბრძანების თანახმად განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, შესაბამისად მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან, თუმცა დათხოვნისას ბე----------------ას ზედმეტად ჰქონდა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 272.58 ლარის ოდენობით, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის ერთი თვის სახელფასო თანხა შეადგენდა 1173.60 ლარს, საიდანაც წოდებრივი სარგო განისაზღვრებოდა 978.60 ლარით ხოლო საშემოსავლო 195.72 ლარით, შესაბამისად მოპასუხეს ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრებოდა 938.88 ლარით , რადგანაც მოპასუხე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 02.02.2018 წლის №542 ბრძანებით 2018 წლის 23 იანვრიდან და ხოლო იანვრის თვის ხელფასი მას სრულად აქვს მიღებული, შესაბამისად მას ზედმეტად დაერიცხა 9 დღის ხელფასი, რომელიც შეადგენს 227,15+45.43=272,58 ლარს, რაც ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუმცა მას დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია.

 

კონტრაქტის 8.4 პუნქტის თანამხად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ,,სამხედრო მოსამსახურეს’’ ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში ,,სამხედრო მოსამსახურის’’ წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო მხარეთა შორის გაფორმეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბე----------------ას სამსახურებრივ ვალდებულებებს ასრულებდა ქ. რუსთავში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.02.2018 წლის #MOD 4 18 00000542 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 26.01.2018 წლის დასკვნა და 18.04.2014 წლის #532/14 კონტრაქტი,-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.12.2016 წლის #MOD 6 16 00001034 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 24.07.2017 წლის #MOD 7 17 00000618 ბრძანება.

 

-შეტყობინება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ,-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების' თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

'სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

18.04.2014 წლის #532/14 კონტრაქტის 8.4 პუნქტის თანამხად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ,,სამხედრო მოსამსახურეს’’ ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში ,,სამხედრო მოსამსახურის’’ წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო მხარეთა შორის გაფორმეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბე----------------ას სამსახურებრივ ვალდებულებებს ასრულებდა ქ. რუსთავში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ბე----------------ა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 272.58 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბე----------------ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალოს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 272.58 ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნინო ონიანი