გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2789-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ს------------–--ე
მოპასუხე - თ---------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - თ---------–--–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 218,443 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ---------–--–---–ს შორის 2014 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა კონტრაქტი N------- ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, თ---------–--–---–მა აიღო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ემსახურა 4 წელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის N8--- ბრძანებით თ---------–--–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ თ---------–--–---–ს სანივთე ქონების ჩაბარებისას აღმოაჩნდა დანაკლისი, კერძოდ, საპატრულო ზურგჩანთა 1 ცალი - ე/ფ 60 ლარი, სათვალე (აშშ) 1 ცალი - ე/ფ 82.443 ლარი და წყლის მათარა (ქემელბექი) 1 ცალი - ე/ფ 76 ლარი და მოითხოვს მოპასუხე თ---------–--–---–ისათვის აღნიშნული მატერიალური ზიანის - 218,443 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ---------–--–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2014 წლის 12 ოქტომბერს, თ---------–--–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N------- კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2014 წლის 12 ოქტომბრის N------- კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ,,კაპრალ-სერჟანის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2014 წლის 12 ოქტომბრის N------- კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 13-19).
3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 2017 წლის 5 ოქტომბრის M---------------- ცნობის თანახმად, თ---------–--–---–მა, რომელიც წარდგენილია კონტრაქტის შეწყვეტაზე და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე, ჩააბარა სანივთე ქონება და აღმოაჩნდა დანაკლისი: საპატრულო ზურგჩანთა 1 ცალი - ე/ფ 60 ლარი, სათვალე (აშშ) 1 ცალი - ე/ფ 82,443 ლარი და წყლის მათარა (ქემელბექი) - ე/ფ 76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 2017 წლის 5 ოქტომბრის M---------------- ცნობა (იხ.ს.ფ. 22).
3.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---------------------–---------–--------------------–---------------–--------------–-----------------–-----–----–-- სერჟანტი (საშტატო კატეგორია ,,სერჟანტი“; შტატი N8--------), კაპრალი თ-----------------------–--–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 20-21).
3.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 მაისის M---------------- წერილით ირკვევა, რომ თ---------–--–---–ს სანივთე ქონების დანაკლისის თანხა - 218,44 ლარის ოდენობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე (3--------) არ ჩაურიცხავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 მაისის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 24).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2014 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 12 ოქტომბერს, თ---------–--–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N------- კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2015 წლის 12 ოქტომბრის N------- კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 2017 წლის 5 ოქტომბრის M---------------- ცნობის თანახმად, თ---------–--–---–ის სანივთე ქონების დანაკლისია: საპატრულო ზურგჩანთა 1 ცალი - ე/ფ 60 ლარი, სათვალე (აშშ) 1 ცალი - ე/ფ 82,443 ლარი და წყლის მათარა (ქემელბექი) - ე/ფ 76 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 ნოემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მ---------------------–---------–--------------------–---------------–--------------–-----------------–-----–----–-- სერჟანტი (საშტატო კატეგორია ,,სერჟანტი“; შტატი N8--------), კაპრალი თ-----------------------–--–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 5 ოქტომბრიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 2 მაისის M---------------- წერილით ირკვევა, რომ თ---------–--–---–ს სანივთე ქონების დანაკლისის თანხა ჯამში არის 218,44 ლარი, აღნიშნული თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე (3--------) არ ჩარიცხულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშობოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით და თ---------–--–---–ს სრულად არ გადაუცია სამინისტროსათვის მასზე დროებით მინდობილი სახელმწიფო ქონება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 2017 წლის 5 ოქტომბრის M---------------- ცნობის თანახმად, თ---------–--–---–ის სანივთე ქონების დანაკლისია: საპატრულო ზურგჩანთა 1 ცალი - ე/ფ 60 ლარი, სათვალე (აშშ) 1 ცალი - ე/ფ 82,443 ლარი და წყლის მათარა (ქემელბექი) - ე/ფ 76 ლარი. თ---------–--–---–ისათვის გადაცემული ქონება შეფასებულია და მათი ღირებულება ჯამში შეადგენს 218,443 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე თ---------–--–---–ს ზიანის სახით უნდა დაეკისროს 218,443 ლარის ანაზღაურება, საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ---------–--–---–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სანივთე ქონების ღირებულების ანაზღაურება 218,443 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. თ---------–--–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 218,443 ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე