გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
010210017001796798
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210017001796798

# 2-401/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ნო-- ბა------

წარმომადგენელი: მა-----–- ჩხ----

მოპასუხე: ლა---- თუ--------

წარმომადგენელი: ზვ---- სუ--------

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა;

ლა---- თუ--------ს, შვილის - ელ--- თუ--------ს რჩენისათვის, სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

 

ნო-- ბა------ და ლა---- თუ-------- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2003 წლის 07 აპრილს შეეძინათ შვილი - ელ--- თუ--------. ბავშვი არის სქოლიოზითა და რევმატიზმით დაავადებული და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც ისინი 2006 წლიდან დაშორდნენ ერთმანეთს, ბავშვი დარჩა დედასთან. მოპასუხე არ მონაწილეობს შვილის რჩენაში. მას არ უჭირს შვილი მატერიალურად უზრუნველყოს, იგი მუშობს ერთ-ერთ კომპანიაში და აქვს ხელფასი 2000 ლარის ოდენობით. მოპასუხე დასთან, ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, აქვთ ქონება და იჯარით აქვთ გაცემული, გააჩნიათ სოლიდური შემოსავალი. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მოსარჩელეს არ ეხმარება შვილის რჩენაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, თვითონ მუშაობს ტანსაცმლის მკერავად. იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია ყოველთვიურად მონაწილეობას ღებულობდეს შვილის რჩენაში. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს შვილის რჩენას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ეკონომიური შესაძლებლობები საკმარისია იმისათვის, რომ შვილს ალიმენტის სახით გადაუხადოს თვეში 700 ლარი.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ თანახმაა გადაიხა----ს თვეში 150 ლარის ოდენობით. ის ადასტურებს ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ ადასტურებს, რომ მას და მოსარჩელეს ჰყავთ საერთო შვილი ელ--- თუ--------, რომელიც იზრდება დედასთან. ამტკიცებს, რომ მის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობს ღებულობს შეძლებისდაგვარად, ბავშვის ავადმყოფობის შესახებ მისთვის უცნობია. მოპასუხე მიუთითებს, რომ 2015 წლიდან არის უმუშევარი და არ გააჩნია რაიმე სახის შემოსავალი, ცხოვრობს დედასთან, უძრავი ქონება ძმის საკუთრებას წარმოადგენს. 2015 წლის 30 იანვრიდან რეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება ან---- გუ-–----ნთან და 2016 წლის 27 აგვისტოს შეეძინათ საერთო შვილი მა----- თუ--------.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ნო-- ბა------მ და ლა---- თუ-------- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და 2003 წლის 07 აპრილს შეეძინათ საერთო შვილი - ელ--- თუ--------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ბავშვის დაბადების მოწმობა;

- მხარეთა განმარტებები;

3.1.2. ნო-- ბა------სა და ლა---- თუ--------ს შორის დაიძაბა ურთიერთობები და 2006 წლიდან ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და მხარეთა არასრულწლოვანი შვილი - ელ--- თუ-------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ნო-- ბა------სთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).

3.1.4. მოპასუხე ლა---- თუ-------- 2015 წლის 30 იანვრიდან რეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება ან---- გუ-–----ნთან და 2016 წლის 27 აგვისტოს მათ შეეძინათ საერთო შვილი - მა----- თუ--------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

- ქორწინებისა და ბავშვის დაბადების მოწმობები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მუშობს ერთ-ერთ კომპანიაში და აქვს ხელფასი 2000 ლარის ოდენობით. მოპასუხე დასთან, ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, აქვთ ქონება და იჯარით აქვთ გაცემული, გააჩნიათ სოლიდური შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს - ზეპირი განმარტებები წარმოადგენს თუ არა დასაქმებისა და შემოსავლის მტკიცებულებას.

 

3.2.2. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მას, რომ მუშობს ერთ-ერთ კომპანიაში და აქვს ხელფასი 2000 ლარის ოდენობით. ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ასევე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის მოპასუხის ძმას, არ ეკუთვნის მოპასუხეს (იხ. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია-მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3.2.3. მოპასუხე ლა---- თუ--------მ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მას 2017 წლიდან რაიმე სახის შემოსავალი არ უფიქსირდება (იხ. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან).

 

3.2.4. დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილი - 2003 წლის 07 აპრილს დაბადებული ელ--- თუ-------- არის სქოლიოზითა და რევმატიზმით დაავადებული და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მოსარჩელის ახსნა- განმარტება;

- სამედიცინო ცნობები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

- კონსტიტუცია;

- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობელბისაგან.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი ელ--- თუ--------, დაბადებული 2003 წლის 11 აპრილს. იგი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ლა---- თუ-------- არ ცხოვრობს ნო-- ბა------სთან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნო-- ბა------ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 700 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 700 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი არაა საკმარისი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შემოსავალი არ დგინდება, ალიმენტის სახით 700 ლარის დაკისრება არ არის გონივრული.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 700 ლარის ალიმენტის სახით გადახდას. თუ შვილის მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილის რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი ელ--- თუ-------ის რჩენისათვის ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 200 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს ელ--- თუ--------ს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 200 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 200 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 200 ლარის გადახდა.

 

6.5. სასამართლო დამატებით განმარტავს: დადგენილია რა, რომ მხარეთა საერთო შვილი - 2003 წლის 07 აპრილს დაბადებული ელ--- თუ-------- არის სქოლიოზითა და რევმატიზმით დაავადებული და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, - იმის გათვალისწინებით, რომ არ არის აღძრული მოთხოვნა აუცილებელ ხარჯებში მონაწილეობაზე, სასამართლო ვერ იმსჯელებს სარჩელის ამ მოცემულობაში აუცილებელ ხარჯების გაღების დავალდებულების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება აღძრას ცალკე სარჩელი ამ ოთხოვნით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სარჩელი აღძრულია 2017 წლის 08 თებერვალს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 08 თებერვლიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 200 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 54 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნო-- ბა-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ლა---- თუ--------ს მოსარჩელის ნო-- ბა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის - ელ--- თუ-------ის (დაბადებული 17/04/2003 წელს, პ/ნ 6----------) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს 2017 წლის 08 თებერვლიდან.

 

4. ნო-- ბა-----ის სარჩელი მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

5. მოპასუხე ლა---- თუ--------ს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 54 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე