გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017002233738
# 2-5203/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - ნი--- ჩ--------ი
წარმომადგენელი - შ----ო პ----ე
მოპასუხე - ზ---ა ჩ--------ი
წარმომადგენელი - და----– ხ------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა;
ზ---ა ჩ--------ს შვილის - მა--- ჩ--------ის რჩენისათვის, სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2015 წლის ნოემბრის თვიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
ნი--- ჩ--------ი და ზ---ა ჩ--------ი 2001 წლის 17 თებერვლიდან ფაქტიურად იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ხოლო 2004 წლის 17 თებერვლიდან კი - რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელის განმარტებით, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოპასუხე მას აყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც 2015 წლის 20 ნოემბრიდან იძულებული გახდა წამოსულიყო სახლიდან, ბავშვებთან ერთად, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, მუშაობს რა სამ ადგილზე-პოზიციაზე, ცხოვრობს შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში, უჭირს, რათა შვილები მატერიალურად უზრუნველყოს, მოპასუხე არ ეხმარება შვილის რჩენაში. მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია ყოველთვიურად მონაწილეობას ღებულობდეს შვილის რჩენაში. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს შვილის რჩენას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ეკონომიური შესაძლებლობები საკმარისია იმისათვის, რომ შვილს ალიმენტის სახით გადაუხადოს თვეში 200 ლარი, მას გააჩნია კეთილმოწყობილი სახლი ქალაქის ცენტრში, რომელსაც აქირავებს დამსვენებლებზე. გარდა ამისა, მოპასუხე არის ხელოსანი და მუშაობს კერძო შეკვეთებზე, ასრულებს რემონტებსა და სამღებრო სამუშაობს, რის საფუძველზეც გააჩნია შემოსავლები.
(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ის ვერანაირად ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას და მოსარჩელეზე ფინანსურ მხარდაჭერას. მოპასუხე იმყოფება დისა და დედის კმაყოფაზე, ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე, საცხოვრებელი ბინა არის დედის საკუთრება. მათთან ერთად ცხოვრობს მისი დაც, რომელსაც თავის ბინაში რემონტი აქვს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ არის უმუშევარი და ალიმენტის დაკისრების შემთხვევაში მის გადახდას ვერ შეძლებს. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი. ასევე, არ არსებობს საფუძველი ალიმენტის დაკისრებისა 2015 წლის ნოემბრის თვიდან, რადგან მოსარჩელეს რაიმე ზომა ალიმენტის მისაღებად არ მიუღია.
(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ნი--- ჩ--------ი და ზ---ა ჩ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 17 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა;
3.1.2. ნი--- ჩ--------სა და ზ---ა ჩ--------ს ჰყავთ საერთო შვილი, 2005 წლის 12 მარტს დაბადებული მა--- ჩ--------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა.
3.1.4. მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობები და ისინი 2015 წლის 20 ნოემბრიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3.1.5. არასრულწლოვანი შვილი, 2005 წლის 12 მარტს დაბადებული მა--- ჩ--------ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ნი--- ჩ--------თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს გააჩნია კეთილმოწყობილი სახლი ქალაქის ცენტრში, რომელსაც აქირავებს დამსვენებლებზე. გარდა ამისა, მოპასუხე არის ხელოსანი და მუშაობს კერძო შეკვეთებზე, ასრულებს რემონტებსა და სამღებრო სამუშაობს, რის საფუძველზეც გააჩნია შემოსავლები.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს - ზეპირი განმარტებები წარმოადგენს თუ არა დასაქმებისა და შემოსავლის მტკიცებულებას.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მას, რომ მოპასუხეს გააჩნია კეთილმოწყობილი სახლი ქალაქის ცენტრში და აქირავებს დამსვენებლებზე. ასევე, რომ მოპასუხე მუშაობს კერძო შეკვეთებზე, ასრულებს რემონტებსა და სამღებრო სამუშაობს, რის საფუძველზეც გააჩნია შემოსავლები. ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
მოსარჩელეს არც კი მიუთითებია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის ნოემბრის თვიდან, ის ცდილობდა ალიმენტის მიღებას მოპასუხისაგან და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდაზე. შესაბამისად, არც ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია და მიუთითებია მასზე.
3.2.3. მოპასუხე ზ---ა ჩ--------მა წარმოადგინა მოწმე მ----ა ჩ--------ი (და), რომელმაც განმარტა, რომ ზ---ა ჩ--------ი არის უმუშევარი, არის მის კმაყოფაზე და ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ერთად, მის კუთვნილ ბინაში. მოსარჩელესაც სარჩელში მითითებული აქვს მოპასუხის მისამართად მისი დედის მისამართი და სადავოდ არ გაუხდია, რომ მითითებულ მისამართზე ბინა ეკუთვნის მოპასუხის დედას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი მა--- ჩ--------ი, დაბადებული 2005 წლის 12 მარტს. იგი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ზ---ა ჩ--------ი არ ცხოვრობს ნი--- ჩ--------თან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას - ნი--- ჩ--------ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 200 ლარით. მოპასუხე განმარტავს, რომ მას არა აქვს შემოსავალი იმისა, რომ შეძლოს ალიმენტის გადახდა.. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შემოსავალი საქმის განხილვის მომენტისათვის არ დგინდება, ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება არ არის გონივრული.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 200 ლარის ოდენობის ალიმენტის გადახდას. თუ შვილის მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილის რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი მა--- ჩ--------ის რჩენისათვის ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს მა--- ჩ--------ს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 150 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის 26 დეკემბერს. მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას წარსული დროისთვისაც, კერძოდ 2015 წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ის წამოვიდა შვილებთან ერთად მოპასუხის სახლიდან.
მართალია, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მისგან წასვლას 2015 წლის ნოემბრის თვიდან, მაგრამ მოსარჩელეს არც კი მიუთითებია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის ნოემბრის თვიდან, ის ცდილობდა ალიმენტის მიღებას მოპასუხისაგან და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდაზე. შესაბამისად, არც ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია და მიუთითებია კიდეც მასზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა წარსული დროისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრებაზე არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 26 დეკემბრიდან.
6. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 54 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნი--- ჩ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზ---ა ჩ--------ს მოსარჩელის ნი--- ჩ--------ის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის - მა--- ჩ--------ის (დაბადებული 12 მარტს. 2005 წელს) რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
3. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს 2017 წლის 26 დეკემბრიდან.
4. ნი--- ჩ--------ის სარჩელი მოთხოვნათა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. ზ---ა ჩ--------ს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე