გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.07.2018
საქმის ნომერი
330310018002463315
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/3220-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გ------- ჟ--–----–---–ი

 

მოპასუხე - გ------- გ---–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ------- გ---–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა

 

მოსარჩელის განმარტებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და გ------- გ---–---–ს შორის 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული იქნა N1----- ხელშეკრულება დამკვეთის ავტომანქანის GPS-ის მოწყობილობების მეშვეობით კონტროლისა და გადაადგილების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას GPS-ის მოწყობილობების მეშვეობით უზრუნველეყო „დამკვეთის“ კუთვნილ ავტომანქანებზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორინგის „დამკვეთისათვის მიწოდება“ . ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტების თანახმად, დამკვეთს დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემოდა უნაკლო GPS მოწყობილობა. 3.1.4. პუნქტის თანახმად კი მოწყობილობები ითვლებოდა მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ. დამკვეთი, ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი ერთეულ მოწყობილობაზე 500 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათ მიერ ვალდებულება პირნათლად იქნა შესრულებული, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტი, კერძოდ მიერ არ იქნა დაბრუნებული 1 ავტომანქანის მოწყობილობა, რომელიც დაზიანდა, დაიკარგა თუ რა მდგომარეობაშია, გაურკვეველია. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტი ითვალისწინებს თითოეულ ერთეულზე 500 ლარის ღირებულების ანაზღაურებას ცალსახაა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს 500 ლარს.

 

ამდენად, მოსარჩელე გ------- გ---–---–ისაგან ითხოვს მიყენებული ზიანის 500 ლარის ანაზღაურებას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------- გ---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და გ------- გ---–---–ს შორის 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული იქნა N1----- ხელშეკრულება დამკვეთის ავტომანქანების GPS-ის მოწყობილობების მეშვეობით კონტროლისა და გადაადგილების შესახებ.

 

ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად შემსრულებელმა (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება, დამკვეთისათვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცა GPS მოწყობილობა, უზრუნველეყო მათი მონტაჟი და პროგრამული უზრუნველყოფა. 3.1.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოწყობილობები ითვლებოდა მიღებულად შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერის შემდეგ.

 

ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზარალი ერთეულ მოწყობილობაზე 500 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით 5 სამუშაო დრის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება N1--- (იხ. ს.ფ. 13-15);

 

3.1.2. 2017 წლის 19 აპრილს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსის, შოთა ხოტენაშვილისა და გ------- გ---–---–ის მიერ ხელმოწერილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და მოქალაქე გ------- გ---–---–ს შორის 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული N1--- ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქე გ------- გ---–---–ის კუთვნილ ავტომანქანაზე დამონტაჟდა შ. ხ-------–---–--- რიცხული GPS მოწყობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 16);

 

3.1.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს წერილით გ------- გ---–---–ს ეცნობა, რომ 2017 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება და ეთხოვა, რომ დაუყოვნებლივ გადაეხადა დებიტორული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2017 წლის 01 სექტემბრიდან ცალმხრივად შეწყვეტდა N1--- ხელშეკრულებას.

 

ამავე წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, GPS მოწყობილობების დემონტაჟის მიზნით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის უნდა წარედგინა ავტომობილები, რომლებზეც დამონტაჟებული იყო GPS მოწყობილობები. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებას იტოვებდა მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება N1--- ხელშეკრულების 3.2.2. ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 22 აგვისტოს #2------- წერილი (ს.ფ. #17)

 

3.1.4. გ------- გ---–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ იქნა დაბრუნებული GPS მოწყობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გ------- გ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტრავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიეებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 19 აპრილის მიღება ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელე მახრის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მოქალაქე გ------- გ---–---–ს შორის 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული N1--- ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქე გ------- გ---–---–ის კუთვნილ ავტომანქანაზე დამონტაჟდა შ. ხ-------–---–--- რიცხული GPS მოწყობილობა. თუმცა მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი მომსახურების ღირებულება, რის გამოც მხარეთა შორის შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება, თუმცა გ------- გ---–---–ს არ შეუსრულებია მის მიერ ნაკისრი GPS მოწყობილობის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, მოწყობილობის განზრახ ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, მოპასუხემ იკისრა თითოეული მოწყობილობისათვის 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, სასამარლო მიიჩნევს, რომ გ------- გ---–---–ს სსიპ დაცვის პოლიციის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთი ერთეული GPS მოწყობილობის ღირებულების 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს - გ------- გ---–---–ს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - გ------- გ---–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს - გ------- გ---–---–ს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი