გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4065-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები: ლ-----–--------ე, ს--------------ე, დ-------------ე
წარმომადგენელი - ე-–-----------ი
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------–---ა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ-----–--------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 783,60 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ანაზღაურება;
1.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ს--------------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 783,60 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ანაზღაურება;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ-------------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 830,20 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ანაზღაურება
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ-----–--------ის მიმართ 1998 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 52,72 აშშ დოლარს, 1999 წლის (მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 449,58 აშშ დოლარს, 2000 წლის (მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 281,3 აშშ დოლარს, სულ ხელზე მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 783,60 აშშ დოლარს.
ამავე ცნობის მიხედვით, ს--------------ის მიმართ 1998 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 52,72 აშშ დოლარს, 1999 წლის (მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 449,58 აშშ დოლარს, 2000 წლის (მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 281,3 აშშ დოლარს, სულ ხელზე მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 783,60 აშშ დოლარს.
ამავე ცნობის თანახმად, დ-------------ის მიმართ 1998 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 48,53 აშშ დოლარს, 1999 წლის (მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 449,47 აშშ დოლარს, 2000 წლის (მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 332,2 აშშ დოლარს, სულ ხელზე მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 830,20 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 მაისის M---------------- ცნობა (იხ.ს.ფ. 12);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ-----–--------ის, ს--------------ის და დ-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში ლ-----–--------ის, ს--------------ის და დ-------------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვენ მოპასუხეს დაევალოს მათ სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.
ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.
ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
ამასთან, რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 მაისის M---------------- ცნობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე; აღნიშნული წერილი მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ იკითხება ვალის აღიარებად და მისი გადახდის დაპირებად შესაბამისი თანხების არსებობისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-----–--------ის, ს--------------ის და დ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის შესახებ ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-----–--------ის, ს--------------ის და დ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე