გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002427935
N 3/58-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.08.2018 ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე - ზ-----------------ძე,წარმომადგენელი - თ-----------------ე,მოპასუხე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი -მ-----–--------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება N 45 855 უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის ზაფხულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–ი (-----–---–-- მან აღადგინა ათეული წლის განმავლობაში არსებული ძველი ღობე და ახალი ეკლიანი მავთულით შემოღობა მიწის ნაკვეთები. ღობის აღდგენაში მონაწილეობდა სოფლის თითქმის ყველა შრომისუნარიანი მცხოვრები. არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც მეზობლების მხრიდან რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა, რადგან აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს 1-21 წლიდან ფლობდა მისი ოჯახი. 1-87 წელში კოლმეურნეობის თანხმობით მისი მშობლების მიერ შემოიღობა ეს მიწის ნაკვეთები. შემოღობილია 5 ჰა, რომელშიც მოექცა მისი კუთვნილი სამი ნაკვეთი, მისი ძმების კუთვნილი ხუთი ნაკვეთი და სახელმწიფოს კუთვნილი ორი ნაკვეთი. 2017 წლის ნოემბერში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მიიღო წერილი, რომ მოეხდინა უნებართვოდ აგებული ღობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე 2017 წლის 20 დეკემბერს დააჯარიმეს 200 ლარით. ჯარიმა მის მიერ გადახდილი იქნა მითითებულ ვადაში. ამით მათ დაასრულეს ადმინისტრაციული წარმოება.
2018 წლის 24 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანება ამ ღობის დემონტაჟის შესახებ. ბრძანება უკანონოა, ვინაიდან იგივე დარღვევაზე სხვა აქტის გამოცემის უფლება აღარ ჰქონდა და დარღვეულია პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და დასაბუთების წესის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თერჯოლის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–--------–----- კ------------ის უბანში მოპასუხემ შესაბამისი სამსახურებიდან თანხმობის გარეშე შემოღობა მიწის ნაკვეთები ს/კ 3--1-.---1--- ს/კ 3--1-.---014, ს/კ 3--1-. 4-- 0--- ს/კ 3--1- 4-- 0--; ს/კ 3--1-.0-----. შემოღობვა განახორციელა 1,70 მეტრამდე სიმაღლის ბოძებზე გავლებული ეკლიანი მავთულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის დათვალიერების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელე ზ------------------- მიეცა მითითება, რომ მის მიერ ს/კ 3--1-.---1--- ს/კ 3--1-.---014, ს/კ 3--1-. 4-- 0--- ს/კ 3--1- 4-- 0--; ს/კ 3--1-.0-----. მიწის ნაკვეთების შემოღობვა საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და 66-ე მუხლის თანახმად, როგორც პირველი კლასის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოეხდინა ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 09 ნოემბრის მითითების აქტი;
- მხარეთა განმარტება.
3.3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №45 2681 ბრძანებით ზ------------------ დაჯარიმდა 200 ლარით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №45 2681 ბრძანება;
3.4. მოსარჩელე ზ------------------- მიერ გადახდილი იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №45 2681 ბრძანებით მასზე დაკისრებული ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა განმარტება
3.5. 2018 წლის 23 თებერვალს კვლავ მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–ი ზ------------------- მიერ შემოღობილი მიწის ნაკვეთების დათვალიერება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ა-–--------------------ემ მოხსენებითი ბარათით ითხოვა დემონტაჟის ბრძანების გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
2018 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმი;
2018 წლის 12 მარტის N307-45 მოხსენებითი ბარათი;
მოპასუხის განმარტება.
3.6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა N 45 855 ბრძანება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–--------–----- მდებარე მიწის ნაკვეთებზე ს/კ 3--1-.---014, ს/კ 3--1-. 4-- 0--; ს/კ 3--1- 4-- 0--; ს/კ 3--1-.---0--- ს/კ 3--1-.---014; ს/კ 3--1-.0-----; ს/კ 3-- 1-.0--2--; ს/კ 3--1-.0--2--- ს/კ 3--1-.0--2-- მოსარჩელის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- -თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის №45 855 ბრძანება;
- მხარეთა განმარტება.
3.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე ორგანოს ბრძანება ზ------------------- მიმართ ღობის დემონტაჟის შესახებ
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის №45 855 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;
აღნიშნულიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-1- მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასს განეკუთვნება – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;
ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობებს განეკუთვნება გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, რომლის მონტაჟი მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე პუნქტის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთების შესაბამისი თანხმობის გარეშე შემოღობვა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას და მიეკუთვნება საამშენებლო სამართალდარღვევას.
6.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
6.4 მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთებზე გავლებული ღობე განეკუთვნება პირველი კლასის მშენებლობას და მის მიერ შემოღობვა განხორციელდა აღნიშნული სამართლებრივი ნორმების დარღვევით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით 2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით დადგენილია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსარჩელე ზ------------------- მიეცა მითითება, რომ მოეხდინა უკანონოდ გამართული ღობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ განხორციელდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ, რითაც მოპასუხის მიერ დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2018 წლის 24 აპრილის №45 855 ბრძანების გამოცემის დროს დარღვეულია დასახელებულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები.
6.5. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შესრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით(25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე მიღებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება. 2017 წლის 20 დეკემბრის N45 2681 ბრძანებით სახდელის დადების, დაჯარიმების შესახებ. მის შემდეგ კი ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.
2018 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ა-–--------------------ე მოხსენებითი ბარათით ითხოვს მოსარჩელის მიერ შესაბამისი თანხმობის გარეშე გავლებული ღობის დემონტაჟს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულია სადავო ბრძანება ისე, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მოსარჩელისათვის არ უცნობებია და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შესაბამისი მითითება არ გაუცია, რაც საფუძველი იქნებოდა ახალი სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულის შესახებ არც უცნობებიათ მოსარჩელისათვის. მოპასუხის პოზიცია, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულებულა მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ 2017 წლის 20 დეკემბრის ბრძანების გამოცემით და იგი გრძელდებოდა, არ შეესაბამება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ კანონის მოთხოვნებს.
6.8. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.
2017 წლის 09 ნოემბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის მითითების აქტებით მოსარჩელეს ეცნობა რომ მის მიერ უნებართვოდ იყო შემოღობილ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–ი მდებარე ს/კ 3--1-.---1--- ს/კ 3--1-.---014, ს/კ 3--1-. 4-- 0--- ს/კ 3--1- 4-- 0--; ს/კ 3--1-.0-----. მიწის ნაკვეთები ავალებდნენ მოეხდინა მისი დემონტაჟი. მითითების შეუსრულებლობის გამო კი 2017 წლის 20 დეკემბერს მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 24 აპრილის N 45 855 ბრძანება კი ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–--------–----- მდებარე შემდეგ მიწის ნაკვეთებზე ს/კ 3--1-.---014, ს/კ 3--1-. 4-- 0--; ს/კ 3--1- 4-- 0--; ს/კ 3--1-.---0--- ს/კ 3--1-.---014; ს/კ 3--1-.0-----; ს/კ 3-- 1-.0--2--; ს/კ 3--1-.0--2--- ს/კ 3--1-.0--2-- მოსარჩელის მიერ უნებართვოდ გავლებული ღობის დემონტაჟს, ანუ სხვა მიწის ნაკვეთებზე გავლებული ღობის დემონტაჟს. შესაბამისად სავალდებულო იყო ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება არის კანონშეუსაბამო, არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზ------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N45 855 ბრძანება ზ------------------- (პ/ნ 2----------- მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თ----–ი (-----–---–-- გავლებული ღობის დემონტაჟის შესახებ;
3. მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე ზ------------------- (პ/ნ 2----------- სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა N 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N 7) მეშვეობით
მოსამართლე: ელენე ოსაძე