გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2527-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.08.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“;
წარმომადგენელი - კ--- ჩ----ია;
მოპასუხე - მ----- თ----ლიძე;
წარმომადგენელი – ა-–-----დრე მ------იანი;
მოპასუხეები – ვ-–----მერ ა---–-ძე, ც---- მ---ძე, ნ----- მ---ძე (არ გამოცხადდნენ);
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ----- თ----ლიძეს, ვ-–----მერ ა---–-ძეს, ც---- მ---ძეს და ნ----- მ---ძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს დავალიანების 5555.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
1.2. მ----- თ----ლიძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 60.09 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ----- თ----ლიძემ შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, სხვა მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მ----- თ----ლიძემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, ასევე სრულად ცნო მეორე სასარჩელო მოთხოვნა 60.09 ლარის დაკისრების თაობაზე, სხვა მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 თებერვალს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მ----- თ----ლიძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 6500 აშშ დოლარი 30 თვის ვადით, კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.25%. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემული იყო სწორხაზოვანი მეთოდით და შეადგენდა 1.30%. ხელშეკრულების 3.2 და 5.1 პუნქტების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 150 დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება, (ს.ფ. 21–22);
- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 2015 წლის 26 თებერვალს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ ვ-–----მერ ა---–-ძესთან, ნ----- მ---ძესთან და ც---- მ---ძესთან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება მ----- თ----ლიძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, თავდებთა პასუხსმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 9354.29 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები და თავდებთა განცხადებები (ს.ფ. 23–29);
3.1.3. 2015 წლის 03 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მ----- თ----ლიძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ განვადებით შეიძინა გაზის „კალონკა“ 255 ლარად. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. მ----- თ----ლიძემ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს 60.09 ლარს, საიდანაც 42.50 ლარი არის ძირი თანხა, 1.24 ლარი - დარიცხული პროცენტი, 12.55 ლარი –პირგასამტეხლო, 3.80 ლარი –მომსახურების საკომისიო, 1.24 ლარი – სადაზღვევო შესატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 41–47);
- დავალიანების ისტორია (ს.ფ. 48);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 26 თებერვალის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 5555.82 აშშ დოლარს, საიდანაც 4228.06 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 904.21 აშშ დოლარი – პროცენტი, 86.03 აშშ დოლარი– სიცოცხლის დაზღვევა, 279.90 აშშ დოლარი–ჯარიმა, 13.57 აშშ დოლარი – მომსახურების საკომისიო, 130.08 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის გადახდის ისტორია (ს.ფ. 30);
გამოცხადებული მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას სრულად, თუმცა არ მიუთითებია უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს გარემოებებზე და ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მოსარჩელის მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში, შესაბამისად, მ----- თ----ლიძის ახსნა–განმარტება გაზიარებული ვერ იქნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420–ე, 623–ე, 867-ე, 868-ე, 799-ე, 895-ე, 896-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 26 თებერვალს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მ----- თ----ლიძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 6500 აშშ დოლარი 30 თვის ვადით, კლებადი საპროცენტო განაკვთი შეადგენდა 2.25%. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემული იყო სწორხაზოვანი მეთოდით და შეადგენდა 1.30%. ასევე 2015 წლის 03 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და მ----- თ----ლიძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ განვადებით შეიძინა გაზის „კალონკა“ 255 ლარად, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველვადაგადცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. მ----- თხელიძემ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რის გამც მისი დავალიანება შეადგენს 60.09 ლარს. ვინაიდან მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე 60.09 ლარის დაკისრების შესახებ, რადგან ამ ნაწილში მ----- თ----ლიძემ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დარღვევის ვადის და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რის გამოც მოთხოვნა ჯარიმის სახით 279.90 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
2015 წლის 26 თებერვალს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ ვ-–----მერ ა---–-ძესთან, ნ----- მ---ძესთან და ც---- მ---ძესთან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება მ----- თ----ლიძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. თავდებთა პასუხსმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 9354.29 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა თავდებ პირთა მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 393.95 ლარი, ასევე მ----- თ----ლიძის მიმართ ინდივიდუალური მოთხოვნისათვის 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ვინაიდან მ----- თ----ლიძემ 2015 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ცნო, მისი აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მ----- თ----ლიძემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი და თანხის და პროცენტის ნაწილში, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის 362.24 ლარის გადახდისაგან და აღნიშნული თანხა მოპასუხეებს ვ-–----მერ ა---–-ძეს, ც---- მ---ძეს და ნ----- მ---ძეს უნდა დაეკისროთ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად, ხოლო დარჩენილი 31.71 ლარი ყველა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ----- თ----ლიძეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული ქონების, მდებარე, ბაღდათის რაიონის სოფელი ფერსათი (ს.კ. 30.12.33.096) კუთვნილი ¼ წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის საფუძველზე, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს..
1.1. მ----- თ----ლიძეს, ვ-–----მერ ა---–-ძეს, ც---- მ---ძეს და ნ----- მ---ძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 5555.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
1.2. მ----- თ----ლიძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 60.09 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეებს მ----- თ----ლიძეს, ვ-–----მერ ა---–-ძეს, ც---- მ---ძეს და ნ----- მ---ძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 31.71 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ვ-–----მერ ა---–-ძეს, ც---- მ---ძეს და ნ----- მ---ძეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 362.24 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 20 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TRESGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი BAGAGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე