გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
140210018002301844
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210018002301844

საქმე №2/253-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ა----------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----------------ე

მოპასუხე - ზ-------------ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს ზ-------------ესა და ა----------–---–ს შორის 2014 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება.

 

1.2. ზ-------------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 10 სექტემბერს დაბადებული დ---------------ის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება 2013 წლიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში - 2014 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 10 სექტემბერს შეეძინათ შვილი დ---------------ე. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს აქვს ნახევარფაბრიკატების საწარმო, რომელშიც თავადაც მუშაობდა, ასევე ავეჯის ცეხი და სხვა ქონებები, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა იგი არ ცდილობს უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური და ფინანსური გარემო. იგი ა რის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი და შეუძლია უზრუნველყოს თავისი შვილი. მოსარჩელისვე განმარტებით, მართალია ზ-------------ე შვილთან ურთიერთობს, თუმცა მატერიალურად მის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს (იხ. სარჩელი და 25.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოპასუხის პოზიცია

 

ა----------–---–ის სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე ზ-------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმაა შეწყდეს მასა და ა----------–---–ს შორის რეგისტრირეული ქორწინება. რაც შეეხება მისთვის ალიმენტის სახით 800 ლარის დაკისრებას, მან თანხმობა განაცხადა ალიმენტის გადახდაზე გონივრული ოდენობით, თუმცა არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მის შემოსავალთან მიმართებით, არასწორია, ვინაიდან მართალია აქვს შპს და რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, მაგრამ იმის გამო, რომ ინდივიდუალურ საწარმოს ამ ეტაპზე შემოსავალი არ აქვს და ვერ ფუნქციონირებს, შეწყვეტილი აქვს საქმიანობა 2017 წლის 11 დეკემბრიდან, რაც ასახულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. რაც შეეხება შპს „ლიდერმესის“ მოგებას, საწარმო ამ ეტაპზე მუშაობს წაგებაზე და შემოსავალი პრაქტიკულად არ გააჩნია. შესაბამისად, ალიმენტის სახით მოთხოვილი თანხა 800 ლარი არის მის შემოსავლებთან შეუსაბამო. ამასთან, მას ყავს მოხუცი დედა, რომელზეც თავად ზრუნავს, ასევე პირველი ქორწინებიდან ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ მასთან და მათზე მხოლოდ თვითონ ზრუნავს, შესაბამისად, მათი რჩენაც დამოკიდებულია მის შემოსავალზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს იტალიაში და პერიოდულად ეხმარება შვილებს, მაგალითად, გამოცდებისათვის მოსამზადებელ თანხას ის იხდის. რაც შეეხება დ--------ს, მასთან ხშირი კონტაქტი აქვს და თვეში დაახლოებით 150-200 ლარს ხარჯავს მისთვის და თანახმაა ალიმენტის სახით, მისი შვილის სასარგებლოდ, გადაიხადოს 150 ლარი (იხ. შესაგებელი და 25.072018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 28 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა

 

3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 10 სექტემბერს დაბადებული - დ---------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ---------------ის დაბადების მოწმობა №67156005675

 

3.1.3. 2018 წლის თებერვლის თვიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და დედა-შვილი ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.4. მოსარჩელე ა----------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვიდი წლის შვილი, გაბრიელ აწკარუნაშვილი, რომელზეც ზრუნავს დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.5. მოპასუხე ზ-------------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - 2001 წლის 27 აგვისტოს დაბადებული მარიამ მესხიძე და 2003 წლის 08 მაისს დაბადებული ანდრია მესხიძე, რომლებიც ცხოვრობენ მამასთან ერთად, თუმცა მათზე მამასთან ერთად ბავშვების დედაც ზრუნავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მარიამ მესხიძის დაბადების მოწმობა;

- ანდრია მესხიძის დაბადების მოწმობა;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.5. მოსარჩელე ა----------–---–ი შვილთან, დ---------------ესთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ზ-------------ე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე არის შპს „ლიდერმესის“ დამფუძნებელი და დირექტორი, აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხრეთა ახსნა-განმარტებები;

- შესავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ზ-------------ის შემოსავლებთან დაკავშირებით

 

3.2.2. ზ-------------ის მიერ წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მას აღებული აქვს სესხი 43 000 ლარის ოდენობით 2022 წლის 14 მარტის ჩათვლით და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 1027.70 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი

 

3.2.3. ფინანსური მომსახურების №7712/21903 ხელშეკრულების მიხედვით, ზ-------------ეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცი ბი. აი. ჯი“-ისგან აღებული აქვს სესხი 3000 ლარის ოდენობით 29.06.2017 წლიდან 2018 წლის 05 მარტის ჩათვლით, რომლის მოქმედების ვადაც დღეის მდგომარეობით გასულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ამონაწერი

 

3.2.4. №2406515-8123575 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, ზ-------------ეს სს „თიბისი ბანკიდან“ აღებული აქვს სესხი 1 800 ლარის ოდენობით, 10.27.2015 წლიდან 11.04.2019 წლის ჩათვლით და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს დაახლოებით 54 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------–---–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ვინაიდან მოპასუხემ ჯერ კიდევ შესაგებლის წარმოდგენის დროს, ხოლო შემდეგ მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი.

 

რაც შეეხება ა----------–---–ის მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ზ-------------ეს შვილის - დ---------------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 250 ლარი სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 102-ე, 105-ე მუხლები.

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში და ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

 

7.3. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლომ მხარეებს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეებს განუსაზღვრა დრო შესარიგებლად, მაგრამ უშედეგოდ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ზურაბ მესხმა მოსამზადებელ ეტაპზე ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

 

რაც შეეხება ა----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას, არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრებას, ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, 150 ლარის ნაწილში.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.

 

7.10. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ იმ ბავშვის ინტერესი, რომლის გამოც უნდა განისაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ მოპასუხე მხარის სხვა ორი და ასევე მოსარჩელის ერთი არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ლიდერმესის“ დამფუძნებელი და დირექტორია, აქვს შემოსავალი, რის გამოც მას გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა იზრუნოს თავის შვილზე; ამასთან, მისი პირველი ქორწინებიდან ორი შვილის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მათი დედაც და მხოლოდ მამის კმაყოფაზე არ არიან. გარდა ამისა, თავად მოპასუხე მხარემ აღიარა, რომ იგი თავისი შვილის დასახმარებლად ყოველთვიურად ხარჯავს დაახლოებით 150 - 200 ლარს.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი დ---------------ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად მისი მშობლების ოჯახში, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვის დედა - მუშაობს საბავშვო ბაღში პედაგოგად და მისი დარიცხული ხელფასი 200 ლარს შეადგენს, ამასთან, დ--------ს გარდა ზრდის 7 წლის შვილს ბავშვს პირველი ქორწინებიდან, რომლის აღზრდაშიც მამა არ მონაწილეობს. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილის მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და 150 ლაზე მეტს ვერ გადაიხდის მისი ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გამო, საფუძველს მოკლებულია.

 

მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობაზე მსჯელობისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზ-------------ის სახელზე არსებულ საკრედიტო დავალიანებებზე. საქმის მასალებით, ზ-------------ეს აღებული აქვს რამდენიმე სესხი, რომელთაგან ერთი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დღეის მდგომარეობით გასულია, მეორე ხელშეკრულებით 2022 წლის 14 მარტის ჩათვლით აღებული აქვს სესხი 43 000 ლარის ოდენობით და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 1027.70 ლარს; სს „თიბისი ბანკიდან“ აღებული აქვს სესხი 1 800 ლარის ოდენობით, 10.27.2015 წლიდან 11.04.2019 წლის ჩათვლით და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს დაახლოებით 54 ლარს, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის საკრედიტო ვალდებულებებს არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებიდან არასრულწლოვანი შვილის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა და სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დროებითი ხასიათს ატარებს და აღნიშნული ვალდებულების გამო მოპასუხე ვერ გათავისუფლდება ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად იხდის 1000 ლარზე მეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას გააჩნია შესაბამისი შემოსავალი. რაც შეეხება მის განმარტებას, რომ იგი ვერ იხდის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახადს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მითითებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას უნდა დაედოს საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მუთითა, რომ იგი მისი გაუარესებული მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ ფარავს სასესხო ვალდებულებებს, რის დასადასტურებლადაც მას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სესხის დაფარვის გრაფიკები. ამასთან, სასამართლო შინაგანი რწმენით აფასებს მის განმარტებებს, კერძოდ, მან შესაგებელში მიუთითა, რომ გარდა დ---------------ისა, ჰყავს ორი შვილი, რომლებზეც მხოლოდ თვითონ ზრუნავს, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ბავშვების აღზრდაში მატერიალური თვალსაზრისით მონაწილეობას იღებს მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს; მან ასევე შესაგებელში მიუთითა, რომ კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც მუდმივად ავადმყოფობს და ესაჭიროება წამლები და მისი რჩენაც დამოკიდებულია მის შემოსავალზე, თუმცა გარდა იმისა, რომ მას ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ დედამისი თბილისშია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი განმარტებები წინააღმდეგობრივია და შესაბამისად, არასარწმუნოა.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 250 ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ, ზ-------------ემ საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (განქორწინების ნაწილში) და ა----------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) შეადგენს 9600 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 288 ლარს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, ზ-------------ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ზ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა----------–---–ის სარჩელი ზ-------------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ქორწინება ა----------–---–ს (დაბადებული 1988 წლის 04 აპრილს, პ/ნ 59001037119) ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი ნონიკაშვილი) და ზ-------------ეს (დაბადებული 1974 წლის 20 ივნისს, პ/ნ 59001013036, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - მესხიძე) შორის 2014 წლის 28 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება - აქტის ჩანაწერი №67143000443, მოწმობის ნომერი - №67141000863, მოწმობის გამცემი ორგანო სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).

 

3. ზ-------------ეს ა----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 10 სექტემბერს დაბადებული დ---------------ის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

4. მოსარჩელე ა----------–---–ს დაუბრუდეს მის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

5. მოპასუხე ზ-------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

7. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი