განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
820100118002340593
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002340593

№1-69/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.08.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ------ია

 

ბრალდებული - მ------ გ------ე

ადვოკატი - პ----- ბ---–----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173230118002 საქმე

 

ბრალდებულ მ------ გ------ის მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადების ადგილი: ხ--–---------

დაბადებული: 09.04.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

რეგისტრირებული: ბათუმი უ--------------–-ბა №40

ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი უ--------------–-ბა №40

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 19-108-ე მუხლი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 23 იანვარს დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი №188-ში არსებული ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“ ყოფნისას, მ------ გ------ემ წარსულში არსებული უთანხმოების გამო შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით, გ--- ა------ეს მუცლის ღრუში მიაყენა ორი შემავალი ჭრილობა და დაუზიანა ნაწლავები, ასევე გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზურგის არეში მიაყენა სამი ჭრილობა. შემთხვევის შემსწრე პირების დროული ჩარევისა და გაშველების შედეგად მ------ გ------ემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ--- ა------ე გადაურჩა სიკვდილს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. ბრალდებულმა მ------ გ------ემ დაადასტურა გ--- ა------ისთვის დანის დანის დარტყმით ჯანმრთელოის დაზიანებების მიყენების ფაქტი.

 

4. დაზარალებულ გ--- ა------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს მ------ გ------ემ დანის გამოყენებით მას მიაყენა ჭრილობები მუცლის და ზურგის არეში.

 

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 მარტის №001458618 სამედიცინო დასკვნით, გ--- ა------ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ტიპის შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მრავლობითი დაზიანებით, მუცლის წინა კედლის სწორი კუნთის დაზიანებით და შინაგანი სისხლდენით, გულმკერდის უკანა კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის დიდი თითის არეში, ტრავმული შოკი, არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

6. სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით. ამადენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ გ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ გ------ის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმეების გ------- ა------ის, ნ-------–----------------------------–--------------------------------–----------------------------–----------------------------------------------------------------------ნ გ------ის, ჩვენებები, ამოღებული ნივთები და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ გ------ემ ჩაიდინა გ--- ა------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

12.სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემული არის განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

14. პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 101). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 102).

 

15.განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 118).

 

16.ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 119).

 

17.ქმედების პირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა).

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მ------ გ------ის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან გ--- ა------ეს გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით არაერთხელ დაარტყა დანა, რაც დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.

 

19.ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.1 მუხლით, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ხდება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების (მცდელობის) მეშვეობით, რის გამოც ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის დამნაშავე სჩადის გაზრახ ქმედებას, თუმცა ვერ აღწევს სასურველ შედეგს.

 

21. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ გ------ემ ჩაიდინა განზრახი ქმედება რომელიც მიმართული იყო გ--- ა------ის სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შედეგი, გ--- ა------ის გარდაცვალება, სამედიცინო მკურნალობის შედეგად იქნა თავიდან აცილებული.

 

22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 8.1 მუხლით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. მ------ გ------ის ქმედებასა და გ--- ა------ის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს შორის, მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ გ--- ა------ისთვის მიყენებული დაზიანებებია ნაკვეთი ტიპის შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მრავლობითი დაზიანებით, მუცლის წინა კედლის სწორი კუნთის დაზიანებით და შინაგანი სისხლდენით, გულმკერდის უკანა კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის დიდი თითის არეში, და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

23. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მ------ გ------ის ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

24. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ გ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განზრახ მკვლელობის მცდელობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

25. მ------ გ------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

27. ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ------ გ------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის ფარგლებში (სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ის არ არის ნასამართლევი, მას აპატია დაზარალებულმა, ამავდროულად ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას) რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------ გ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული მ------ გ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ მ------ გ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან;

 

3.მ------ გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ტანსაცმელი და ავტომანქანა - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი