გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/9484-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - შ----------------–-----ა"
წარმომადგენელი - შ--------------ე
მოპასუხეები: შ----------------“, ა-–-------------–------ე
წარმომადგენელი - ა-----–---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს, შ----------------“-ს და ა-–-------------–------ეს, მოსარჩელე შ----------------–-----ა"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ თანხის - 56932.45 ლარის გადახდა (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 2----–-–----------ს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე).
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 16 ივლისს შ----------------–-----ა“-სა და შ----------------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად გამავრცელებელი ანუ შ----------------“ ვალდებული იყო რედაქციასთან კვირის განმავლობაში, პარასკევის ჩათვლით მიწოდებულ გამოცემებზე ანგარიშსწორება მოეხდინა არაუგვიანეს იმავე კვირის პარასკევი დღისა, ხოლო პარასკევის შემდეგ მიწოდებულ გამოცემებზე- არაუგვიანეს მომდევნო კვირის პარასკევი დღისა.
რამდენიმე დღის განმავლობაში შ----------------“ წინსწრებით იხდიდა თანხას, თუმცა შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ. 2015 წლის დეკემბერში, როდესაც მოსარჩელემ კატეგორიულად მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა, შ----------------“-მა სადავო გახადა 2014 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანების ნაწილი. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით რეალური დავალიანება შეადგენდა 137025.59 ლარს. აღნიშნული თანხიდან შ----------------“-მა აღიარა დავალიანება 67370.40 ლარის ოდენობით, რის შესახებაც მხარეთა შორის 2015 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების ხელშეკრულება“. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა მხარეთა შორის ბუღალტრული ურთიერთშედარება და თუ დადგინდებოდა, რომ 2014 წლამდე პერიოდზე შ----------------“-ს მოსარჩელის მიმართ ექნებოდა დავალიანება, აღნიშნულ დავალიანებაზეც მოხდებოდა შესაბამისი გადახდის გრაფიკის შედგენა.
2015 წლის 9 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების ნაწილს 37370.40 ლარს დაფარავდა შემდეგი გრაფიკით: 2015 წლის 09 დეკემბრამდე, ანუ იმავე დღეს დაფარავდა არანაკლებ 12370.40 ლარს, 2015 წლის 12 დეკემბრამდე _ არანაკლებ 15000 ლარს, 2015 წლის 17 დეკემბრამდე არანაკლებ 10000 ლარს და ამ დროისათვის მიმდინარე დავალიანებას სრულად, რომელიც წარმოიშვებოდა ვალის აღიარების შემდეგ მიწოდებული ნაბეჭდი პროდუქციის ღირებულებიდან.
მხარეთა შორის 2015 წლის 09 დეკემბერს დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით შ----------------“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, შ----------------“-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამშრომელთან ა-–-------------–------ესთან 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა-–-------------–------ემ იკისრა ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად სოლიდარულად და სრულად ყოფილიყო პასუხისმგებელი მოვალის მიერ შ----------------–-----ა“-ს მიმართ 2015 წლის 09 დეკემბერს ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხაა 87000 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მოვალის ან/და თავდების ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის გზით.
მოპასუხე თითქოსდა ასრულებდა 2015 წლის 09 დეკემბერს დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იგი მიწოდებული პროდუქციის საფასურს იხდიდა და ვალი ფაქტიურად შემცირების ნაცვლად გაიზარდა.
ვინაიდან, მხარეთა შორის ვერ მოხერხდა შედარება, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა მოხდეს 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე პერიოდის განხილვა. კერძოდ, ამ პერიოდში მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჯამში მიწოდებული აქვს 7623356.22 ლარის ღირებულების ნაბეჭდი პროდუქცია, საიდანაც მოსარჩელემ უკან დაიბრუნა 1 515 960.16 ლარის ღირებულების პროდუქცია; მოპასუხემ ს--------------ის“ მეშვეობით გადაიხადა 5 819 328.01 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით _ 219 693.60 ლარი. შესაბამისად, შ----------------“-ის დავალიანება შეადგენს 68 374.45 ლარს.
მოსარჩელემ მოპასუხე მხარის მიერ 2----–-–-----------------ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულების (სალაროს შემოსავლის ორდერი. იხ.ტომი მე-8, ს.ფ.16) საფუძველზე, 2----–-–----------ს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 11 442 ლარით და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 56 932.45 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შ----------------“-მა და ა-–-------------–------ემ წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2015 წლის 09 დეკემბრის ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ დადგენილ და აღიარებულ იქნა, რომ 2014 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 09 დეკემბრამდე შ----------------“-ს შ----------------–-----ა“-ს წინაშე გააჩნდა დავალიანება 67370.4 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით არ დგინდება მოსარჩელის წინაშე სხვა დავალიანების არსებობის ფაქტი, ხოლო ხელშეკრულებით აღიარებული თანხა შ---------------“-ის მიერ გადახდილია სრულად, რაც დასტურდება ს---------------ის მიერ გაცემული ცნობითა“ და ამონაწერით RS.ge-დან.
რაც შეეხება თავდების _ ა-–-------------–------ის პასუხისმგებლობას, იგი შემოიფარგლება მხოლოდ 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებით და მისი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება 2014 წლის იანვრამდე და 2015 წლის 09 დეკემბრის შემდეგ შ----------------“-სა და შ----------------–-----ა“-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ხოლო ვინაიდან, შ----------------“-ს მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ გააჩნია, შესაბამისად არც თავდები პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 16 ივლისს შ----------------–-----ა“-ს და შ----------------“-ს შორის გაფორმდა ,,პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულება“, რომლის საგანს წარმოადგენდა რედაქციის მიერ გამოცემების (ჟურნალ-გაზეთების) მიწოდება და გამავრცელებლის მიერ მათი რეალიზაცია საცალო ქსელში. კერძოდ, რედაქცია გამავრცელებელს გადასცემდა გამოცემის თითოეული გამოშვებული ნომრის გარკვეულ ტირაჟს, ხოლო გამავრცელებელი უზრუნველყოფდა მის საცალო ქსელში მიწოდებას რეალიზაციის მიზნით და ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება რედაქციასთან ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 16 ივლისის პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 19-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.2. 2015 წლის 09 დეკემბერს შ----------------–-----ა“-სა და შ----------------“-ს შორის გაფორმდა ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების“ შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღიარებულ იქნა, რომ შ----------------“-ის დავალიანება შ----------------–-----ა“-ს მიმართ 2014 წლის 01 იანვრიდან შეადგენდა 67370.4 ლარს. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების ნაწილს 37370.40 ლარს დაფარავდა შემდეგი გრაფიკით: 2015 წლის 09 დეკემბრამდე, ანუ იმავე დღეს დაფარავდა არანაკლებ 12370.40 ლარს, 2015 წლის 12 დეკემბრამდე დაფარავდა არანაკლებ 15000 ლარს, 2015 წლის 17 დეკემბრამდე არანაკლებ 10000 ლარს და ამ დროისათვის მიმდინარე დავალიანებას სრულად, რომელიც წარმოიშვებოდა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 2012 წლის 16 ივლისის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რედაქციის მიერ გამავრცელებლისათვის პროდუქციის მიწოდებით. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეთა შორის მოხდებოდა ბუღალტრული ურთიერთშედარება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა, რომ შ----------------“-ს შ---------------–-----ას“ მიმართ აქვს დავალიანება, რომლის წარმოშობაც მოხდა 2014 წლის 1 იანვრამდე. შეთანხმებისამებრ, აღნიშნული დავალიანებაზე, ისევე როგორც კრედიტორის წინაშე მოვალის დარჩენილ დავალიანებაზე განხორციელდებოდა შესაბამისი გადახდის გრაფიკის შედგენა (ხელშეკრულების მე-5-6 პუნქტები). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2015 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულება ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 24-25); - მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები). 3.1.3. 2015 წლის 09 დეკემბრის ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შ----------------–-----ა“-სა და ა-–--------------–------ეს შორის 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სოლიდარულად და სრულად ყოფილიყო პასუხისმგებელი შ----------------“-ის მიერ შ----------------–-----ა“-ს მიმართ 2015 წლის 09 დეკემბერს ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 87000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 დეკემბრის თავდების განაცხადი (ტომი I, ს.ფ. 306);
- 2015 წლის 09 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 304-305).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა დანაწესით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----------------“-ის დავალიანება მოსარჩელე შ----------------–-----ა“-ს მიმართ შეადგენს 56 932.45 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის 2012 წლის 16 ივლისს შ----------------–-----ა“-ს და შ----------------“-ს შორის გაფორმებული ,,პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ახორციელებდა საკუთარი გამოცემების მოპასუხისათვის მიწოდებას, ხოლო გამავრცელებელი უზრუნველყოფდა მის საცალო ქსელში მიწოდებას რეალიზაციის მიზნით და ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება მოსარჩელესთან ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.
გარდა იმისა რომ დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია შ----------------–-----ა“-ს მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იმის თაობაზე რომ 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) შ----------------–-----ა“-ს მიერ მოპასუხე კომპანისათვის მიწოდებულ იქნა ჯამში 7 623 356.22 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოსარჩელემ უკან დაიბრუნა 1 515 960.16 ლარის ღირებულების პროდუქცია, მოპასუხემ კი ს--------------ის“ მეშვეობით გადაიხადა 5 819 328.01 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების გზით _ 219 693.60 ლარი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც გაამყარებდა შ--------------“-ის პოზიციას და დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ მოპასუხის მიერ სრულად იქნა შესრულებული მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებები.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესზე, რომლის თანახმადაც თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს, ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინებით, დანიშნულ იქნა საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს. ექსპერტიზის წინაშე დასმულ იქნა შემდეგი კითხვები:
- საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან, ანგარიშფაქტურებიდან (სამოქალაქო საქმეზე №---------------------------------------), 2016 წლის 06 ივნისს წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართული ზედნადებებიდან (ტ.1 ს.ფ. 341-353) და 2----–-–-----------------ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ქვითრის (ტ. 8, ს.ფ. 20) მონაცემებიდან გამომდინარე განისაზღვროს შემდეგი: 1) 2015 წლის 09 დეკემბრის შემდგომ, შ----------------”-ის მიერ რა რაოდენობის თანხა იქნა გადახდილი შ----------------–-----ა”-სათვის; 2) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა მიწოდებული შ----------------–-----ა”-ს მიერ ,------------”-სთვის და 3) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა დაბრუნებული შ----------------”-ის მიერ შ----------------–-----ა”-სათვის;
- საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან, ანგარიშფაქტურებიდან (სამოქალაქო საქმეზე №---------------------------------------) და 2016 წლის 06 ივნისს წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართული ზედნადებებიდან (ტ.1 ს.ფ. 341-353) და 2----–-–-----------------ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ქვითრის (ტ. 8, ს.ფ. 20) მონაცემებიდან გამომდინარე განისაზღვროს შემდეგი: 1) 2012 წლის ივლისიდან 2014 წლის 01 იანვრამდე, შ----------------”-ის მიერ რა რაოდენობის თანხა იქნა გადახდილი შ----------------–-----ა”-სათვის; 2) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა მიწოდებული შ----------------–-----ა”-ს მიერ ,------------”-სთვის და 3) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა დაბრუნებული შ----------------”-ის მიერ შ----------------–-----ა”-სათვის;
- საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან, ანგარიშფაქტურებიდან (სამოქალაქო საქმეზე №---------------------------------------) და 2016 წლის 06 ივნისს წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართული ზედნადებებიდან (ტ.1 ს.ფ. 341-353) და 2----–-–-----------------ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ქვითრის (ტ. 8, ს.ფ. 20) მონაცემებიდან გამომდინარე განისაზღვროს შემდეგი: 1) 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე საერთო ჯამში შ----------------”-ის მიერ რა რაოდენობის თანხა იქნა გადახდილი შ----------------–-----ა”-სათვის; 2) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა მიწოდებული შ----------------–-----ა”-ს მიერ ,------------”-სთვის და 3) რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია იქნა დაბრუნებული შ----------------”-ის მიერ შ----------------–-----ა”-სათვის;
განჩინებით, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ხარჯების ანაზღაურება თანაბარწილად დაეკისრათ მხარეებს, რომელთაც ასევე განემარტათ ექსპერტიზის მითითების შესრულების სავალდებულოობისა ან სხვაგვარად ხელშეშლის სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა როგორც, 2017 წლის 22 თებერვლის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს N---------- მომართვიდან (იხ.ტ მე-9, ს.ფ.224) ირკვევა, შ----------------–-----ა“-ს მიერ ექსპერტიზის ბიუროსთან კონტრაქტი გაფორმდა 2016 წლის 02 დეკემბერს, ხოლო მოპასუხეების წარმომადგენელმა ა-----–---------ემ სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის გამოც საქმე სასამართლოში დაბრუნდა შეუსრულებელი სახით. ამდენად ცალსახაა, რომ საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხე მხარემ არ გადაიხადა ხარჯები ექსპერტიზის ჩასატარებლად, რითაც ხელი არ შეუწყო და დააბრკოლა საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება.
სასამართლომ არაარგუმენტირებულად მიიჩნია 2----–-–----------ის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, მოპასუხეთა ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების არ არსებობის გამო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) პოზიცია, იმის თაობაზე რომ შ----------------“-ის დავალიანება შ---------------–-----ას“ მიმართ შეადგენს მიწოდებული და დაბრუნებული/ანაზღაურებული პროდუქციის ღირებულებას შორის სხვაობას _ 56 932.45 ლარს.
3.2.2. ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა თუ კონკრეტულად რა პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეებისაგან.
შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო პროცესზე არაერთგზის დაფიქსირებული განმარტებას და დადგენილად მიიჩნევს რომ, შ----------------“-ის დავალიანება შ---------------–-----ას“ მიმართ წარმოადგენს 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე პერიოდში მიწოდებული საქონლის აუნაზღაურებელ ღირებულებას.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------------–-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 891-893-ე, 898-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მითითებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები.
ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად უნდა შეასრულონ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო იმ მხარეს, რომელსაც საპასუხო შესრულება არ მიუღია, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.
დადგენილია რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება „პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში მიაწოდა პროდუქცია, ხოლო ამ უკანასკნელმა ნასყიდობის საზღაური სრულად არ გადაიხადა. მოსარჩელე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას ასევე აფუძნებს, 2015 წლის 09 დეკემბერს შ----------------–-----ა“-სა და შ----------------“-ს შორის გაფორმებულ ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების“ შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, შ----------------“-ის მიერ აღიარებულ იქნა დავალიანება შ----------------–-----ა“-ს მიმართ 2014 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდზე, 67 370.4 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, როგორც გამყიდველმა, მიაწოდა (საკუთრებაში გადასცა) მყიდველს (გამავრცელებელს) _ 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე ჯამში 7 623 356.22 ლარის ღირებულების ნაბეჭდი პროდუქცია, საიდანაც შ--------------–-----ამ“ უკან დაიბრუნა 1 515 960.16 ლარის ღირებულების არარეალიზირებული საქონელი, ხოლო შ---------------“-ის მიერ ეტაპობრივად გადახდილ იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი 6 050 463.61 ლარის ოდენობით და მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩა 56 932, 45 ლარი, რომელიც შეადგენს შ---------------–-----ას“ მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ და დაბრუნებულ/ანაზღაურებულ პროდუქციის ღირებულებას შორის სხვაობის თანხას.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად პირველი მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, სახეზეა კრედიტორის უფლების დარღვევა და მოვალის მიერ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შეუსრულებლობის ფაქტი.
მითითებული ნორმებისა და გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 56932.45 ლარის ოდენობით მიწოდებული საქონლის ღირებულების შ---------------“-ისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. რაც შეეხება შ----------------–-----ა"-ს სასარჩელო მოთხოვნას ა-–-------------–------ის, როგორც სოლიდარული თავდების მიმართ, შ---------------“-ის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ამ ნაწილში არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა რა მოსარჩელესა და მოპასუხე შ---------------“-ს შორის 2012 წლის 16 ივლის გაფორმებული ,,პერიოდული გამოცემების მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით“ შეთანხმებული პირობებით მხარეთა შორის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობა, გადაწყვეტილების 3.2.1 და 3.2.2. პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ შ---------------“-ს მოსარჩელისათვის შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება _ 56 932, 45 ლარის ოდენობით; სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე პერიოდში მიწოდებული საქონლის აუნაზღაურებელ ღირებულებას და არა კონკრეტულად, 2015 წლის 09 დეკემბერს შ----------------–-----ა“-სა და შ----------------“-ს შორის გაფორმებული ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების“ შესახებ ხელშეკრულებით აღიარებულ დავალიანებას.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალება, რომლის ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდების წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული უნდა იყოს თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული ის მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებში გარანტი პასუხს აგებს იმ ვალდებულებისათვის, რომლის მოთხოვნის უფლებაც გააჩნია კრედიტორს (892-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 09 დეკემბრის ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შ----------------–-----ა“-სა და ა-–--------------–------ეს შორის 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სოლიდარულად და სრულად ყოფილიყო პასუხისმგებელი შ----------------“-ის მიერ შ----------------–-----ა“-ს მიმართ 2015 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობად განისაზღვრა 87000 ლარი. უშუალოდ შ----------------“-სა და შ----------------–-----ა“-ს შორის 2015 წლის 09 დეკემბერს ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების შესახებ“ ხელშეკრულების პირველ და მეორე პუნქტებში კი ცალსახადაა მითითებული, რომ შ---------------“-ი აღიარებს შ--------------–-----ას“ მიმართ არსებულ კონკრეტული პერიოდის დავალიანებას, რომელიც წარმოშობილია 2014 წლის 1 იანვრიდან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის შეადგენს 67 370.4 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ „წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეთა შორის მოხდებოდა ბუღალტრული ურთიერთშედარება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა, რომ შ----------------“-ს შ--------------–-----ას“ მიმართ აქვს დავალიანება, რომლის წარმოშობაც მოხდა 2014 წლის 1 იანვრამდე“. აღნიშნული დავალიანებაზე, ისევე როგორც კრედიტორის წინაშე მოვალის დარჩენილ დავალიანებაზე განხორციელდებოდა შესაბამისი გადახდის გრაფიკის შედგენა (ხელშეკრულების მე-5-6 პუნქტები).
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რომ მხარეთა შორის არ განხორციელებულა ბუღალტრული ურთიერთშედარება 2014 წლის 1 იანვრამდე მიწოდებულ პროდუქციაზე, ხოლო მოსარჩელის განმარტების თანახმად „მოპასუხე თითქოს ასრულებდა ამ (2015 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ) ვალდებულებას, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მიწოდებული პროდუქციის საფასურს იხდიდა და ვალი ფაქტიურად შემცირების ნაცვლად იზრდებოდა“.
სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
აღნიშნული ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, თავდებობისა და ძირითადი ვალდებულების განუყოფელ კავშირზე და განმარტავს, რომ თავდებობა მოქმედებს მოვალის მხოლოდ იმ ვალდებულებებზე, რომელმაც ასახვა ჰპოვა თავდებობის ხელშეკრულებაში; ამიტომაც, თუ ძირითადი ვალდებულების მოვალე რაიმე გარიგებას დადებს თავდებობის აღების შემდეგ ან თავდებობის გაფორმებამდე, ასეთი გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე თავდებობა ვერ გავრცელდება და შესაბამისად ვერც თავდების ვალდებულება გაიზრდება.
ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე ვერ აკონკრეტებს და ადასტურებს, რომ დავალიანება, რომლის გადახდასაც ითხოვს მოპასუხეთაგან წარმოადგენს 2012 წლის ივლისიდან 2016 წლის 02 ივნისამდე პერიოდში მის მიერ შ---------------“-სათვის მიწოდებული საქონლის აუნაზღაურებელ ღირებულებას და არა კონკრეტულად, 2015 წლის 09 დეკემბერს შ----------------–-----ა“-სა და შ----------------“-ს შორის გაფორმებული ,,პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების აღიარებისა და გადახდის განაწილვადების“ შესახებ ხელშეკრულებით აღიარებულ დავალიანებას (მის ნაწილს), რომლის სოლიდარულად და სრულ შესრულებაზეც ა-–-------------–------ემ იკისრა პასუხისმგებლობა, სასამართლო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში თავდები პირისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება ძირითად მოვალესთან ერთად, ეწინააღმდეგება თავდებობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირებისათვის არსებით, თავდები პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრულობის კანონისმიერ დათქმას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ----------------–-----ა“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 2330.30 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე - 150 ლარის ოდენობით.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, შ--------------–-----ას“ მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2330.3 ლარი) უნდა დაუბრუნდეს - სარჩელის დაზუსტების შედეგად ზედმეტად გადახდილი _ 179.07 ლარი, ასევე 343.26 ლარი _ მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების პროპორციულად, ხოლო მოპასუხე შ----------------“-ს მოსარჩელე შ----------------–-----ა”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1707.97 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-------წ განჩინებით დაკმაყოფილდა შ--------------–-----ას“ შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: ა-–-------------–------ეს აეკრძალა კუთვნილი ბინის მდებარე: ქ. თ---–-------–---------------------------------------------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და ასევე ამავე განჩინებით, ყადაღა დაედო შ---------------”-ის (ს/კოდი: №4--------) სახელზე, საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკში გახსნილ ანგარიშებს 77 675.04 ლარის ფარგლებში
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა თავდები პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, ა-–-------------–------ის მიმართ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში, ხოლო შ---------------“-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----------------–-----ა"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შ----------------“-ს მოსარჩელე შ----------------–-----ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 56932.45 ლარის გადახდა;
1.2. შ----------------–-----ა"-ს სარჩელი ა-–-------------–------ის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე შ----------------–-----ა"-ს (ს/კ: 2--------) დაუბრუნდეს შ--------------ის (პ/ნ 0----------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2230.30 ლარი) - 522.33 ლარი, რომელიც გადახდილია სს-----------------–---–ი“ 2----–-–------------–ს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საკრედიტო საგადახდო დავალება N1).
3. მოპასუხე შ----------------“-ს შ----------------–-----ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 1707.97 ლარის ოდენობით, ასევე, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი