გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001917907
საქმე № 2/429-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.08.2018 წ. ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ბა--------ი”;
წარმოამდგენელი -ან-----–--ე;
მოპასუხეები - ი.მ. არ-------–---ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ი.მ. არ-------–---ს მოსარჩელე - სს ,,ბა--------ის”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 37142.99(ოცდაჩვიდმეტი ათას ას ორმოცდაორი და 99) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 33545.43 ლარი, სარგებელი 1908.84 ლარი, ჯარიმა 1688.72 ლარი. პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით 2017 წლის 8 მაისის ყოველი შემდგომი ვადაგადაცილებული დღისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
სს ,,ბა--------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე არ-------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, მესაკუთრე - არ-------–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.2-.5-.3--, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
თუ დავალიანების სრულად დასაფარად არ იქნება საკმარისი უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მაშინ სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.
გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით წლიური 14%, 10 თვის ვადით, პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე არ-------–---ის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ჩი------- სუ-–--------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის არ-------–---ის ფულად ვალდებულებებზე 150000 აშშ დოლარის ფარგლებში. (თავდების მიმართ სარჩელი დარჩა განუხილველი)
2015 წლის 14 იანვარს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა არ-------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ზონა - საგარეჯო, კოდი - 5-, სექტორი - ლ-----–--, კოდი - 2-, კვარტალი - 5-, ნაკვეთი - 3--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 1000.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - N01/1, საცხოვრებელი განაშენების ფართი - 193,7 კვ.მ. მის. რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, მესაკუთრე - არ-------–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.2-.5-.3--;
2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 37142.99 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 33545.43 ლარი, სარგებელი 1908.84 ლარი, ჯარიმა 1688.72 ლარი. პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით 2017 წლის 8 მაისის ყოველი შემდგომი ვადაგადაცილებული დღისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით წლიური 14%, 10 თვის ვადით, პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება(ს/ფ 17-24)
3.1.2. მოპასუხე არ-------–---ის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ჩი------- სუ-–--------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის არ-------–---ის ფულად ვალდებულებებზე 150000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ჩი------- სუ-–--------- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 31-32 )
3.1.3. 2015 წლის 14 იანვარს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა არ-------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ზონა - საგარეჯო, კოდი - 5-, სექტორი - ლ-----–--, კოდი - 2-, კვარტალი - 5-, ნაკვეთი - 3--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 1000.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - N01/1, საცხოვრებელი განაშენების ფართი - 193,7 კვ.მ. მის. რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, მესაკუთრე - არ-------–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.2-.5-.3--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 იანვარს სს ,,ბა--------სა’’ და არ-------–---ს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება (ს/ფ 27-28)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 268-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, როგორც არსებული ისე სამომავლო ჯარიმის შემცირება 20%-მდე. ჯარიმის ოდენობა ნაცვლად 7810.28 -სა უნდა განისაზღვროს 1562.05 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვინაიდან მოვალემ სს ,,ბა--------ი’’-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში 104.12 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სარჩელის ცნობის ნაწილში 1006.36 ლარის ოდენობით მას უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. გადაწყვეტილების აღსრულება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს მხარეთა შეთანხმებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, რაც წარმოადგენ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველს .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ბა--------ი''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ი.მ. არ-------–---ს მოსარჩელე სს ,,ბა--------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 37 016.32 (ოცდაჩვიდმეტი ათას თექვსმეტი და 32) ლარის გადახდა.
1.2. სს ,,ბა--------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე არ-------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, მესაკუთრე - არ-------–---ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.2-.5-.3--, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
თუ დავალიანების სრულად დასაფარად არ იქნება საკმარისი უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მაშინ სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.
2. მოსარჩელე სს ,,ბა--------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 1006.36 (ათას ექვსი და 36) ლარის ოდენობით.
3. მოპასუხეს მოსარჩელე სს ,,ბა--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 104.12 (ას ოთხი და 12) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოდნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი