გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-100-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 აგვისტო 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - მ----- მ-----–----ი,წარმომადგენელი - კ---- კ-----–---–ი,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური,წარმომადგენელი: თ---------–---–ი, გ--------ი გ------–-–---–ი,მესამე პირი- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტო,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გადადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ამონაწერის განახლების დავალებას.
2018 წლის 28 მაისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 გადაწყვეტილების მიღების გადადების შესახებ, 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მ----- მ-----–----ის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების დავალებას მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად. მოსარჩელის მითითებით, რამდენჯერმე მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა მის კუთვნილ მიწის ფართზე ამონაწერის განახლება, თუმცა მოპასუხე მხარე სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ამონაწერის განახლებაზე. 2018 წლის 28 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღბის გადადების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. 2018 წლის 31 იანვარს მ----- მ-----–----ის წარმომადგენელმა კ---- კ-----–---–მა №66979/17 ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 გადაწყვეტილების გაუქმება. 2018 წლის 27 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №9---- წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გამოითხოვა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 28 თებერვალს მიიღო №10---5 გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გადადების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გამოითხოვა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 06 ნოემბერს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურს №892012------ განცხადებით მიმართა მ----- მ-----–----მა და მოითხოვა ამონაწერის განახლება. გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 07 ნოემბერს მიიღო №892012-------03 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე. 2018 წლის 05 იანვარს მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებით წარადგინა განცხადება, ხოლო 08 იანვარს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო №892012-------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე.
მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ადმინისტრაცული საჩივრის განხილვის ფარგლებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა საქმეზე დამატებითი მასალები, რაც განპირობებული იყო საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვით გადაწყვეტილების მიღებაზე. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მიღებული იქნა აქტის გამოცემის გადადება, შესაბამისი ორგანოდან პასუხის მიღებამდე.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2005 წლის 15 სექტემბრის №53 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმით მ----- მ-----–----მა 16 763 ლარად შეიძინა გ--------ის რაიონი, სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე 369,07 ჰა მიწის ნაკვეთი. დასახელებული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 24 ივლისის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს, გ--------ის რაიონის გამგეობის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გ--------ის რაიონული ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 29 აგვისტოს №1--- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი (ტომი I, ს. ფ. 262);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 394, 395)
3.1.2. მოსარჩელის 2007 წლის 31 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე უძრავი ქონება ს. კ. 81.04.00.9-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ----- მ-----–----ის სახელზე, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 266)
3.1.3. 2007 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანს წაროადგენს მ----- მ-----–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, გ--------ის რაიონში, კ--–----ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 369,07 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდით 81.04.00.9--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2007 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს. ფ. 268-272);
3.1.4. გ--------ის რაიონი, სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე 362,07 ჰა, მიწის ნაკვეთი ს. კ. 81.04.99.226 (წინა ს. კ. 81.04.00.9--) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ----- მ-----–----ის სახელზე, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმი და 2007 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 28 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 64);
3.1.5. 2012 წლის 06 ნოემბერს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურს №892012------ განცხადებით მიმართა მ----- მ-----–----მა და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, მდებარე: გ--------ის რაიონი, კ--–----ის საკრებულოს ტერიტორია. გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 07 ნოემბერს მიიღო №892012-------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 06 ნოემბრის განცხადება (ტომი I, ს. ფ. 66);
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 67);
- გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 07 ნოემბერის №892012-------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 68);
3.1.5. 2018 წლის 05 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ----- მ-----–----ის წარმომადგენელმა და ითხოვა №892012-------03 საქმის წაროების განახლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა რაზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება გადავადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 თებერვალს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 05 იანვრის განცხადება (ტომი I, ს. ფ. 70);
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 73-74);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 75);
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი I, ს. ფ. 12, 76);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 13-14);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურირიდული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ რეგისტრირებული აქვს საკუთრება უძრავ ნივთზე, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითებს რეგისტრაციის მასალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე გადაგზავნას.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გადადების თაობაზე, 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად, (2013 წლის მდგომარეობით) რეგისტრაცია არის – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე'' 8.7. და 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
განსახილველ შემთხვევაში ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2005 წლის 15 სექტემბრის №53 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმით მ----- მ-----–----მა 16 763 ლარად შეიძინა გ--------ის რაიონი, სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე 369,07 ჰა მიწის ნაკვეთი. დასახელებული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 24 ივლისის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს, გ--------ის რაიონის გამგეობის საკუთრებას.
მოსარჩელის 2007 წლის 31 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე უძრავი ქონება ს. კ. 81.04.00.9-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ----- მ-----–----ის სახელზე, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული კი განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლებისწარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე'' მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება უფლების (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი მოთხოვნისას.
განსახილველ შემთხვევაში მ----- მ-----–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გ--------ის რაიონი, სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე 362,07 ჰა მიწის ნაკვეთზე მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ამასთან, მოსარჩელის მიერ ქონების შეძენის პერიოდში (2007 წლის აგვისტო) მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2005 წლის 15 სექტემბრის №53 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 29 აგვისტოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1--- ოქმით 16 763 ლარად შეიძინა გ--------ის რაიონი, სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე 369,07 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ოქმის კანონიერება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და განხორციელდა მოსარჩელის სახელზე ქონების რეგისტრაცია.
2012 წლის 06 ნოემბერს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურს №892012------ განცხადებით მიმართა მ----- მ-----–----მა და მოითხოვა ამონაწერის განახლება. გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 07 ნოემბერს მიიღო №892012-------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე. 2018 წლის 05 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით განმეორებით მიმართა მ----- მ-----–----ის წარმომადგენელმა და მოითხოვა №892012-------03 საქმის წაროების განახლება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს კვლავ განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გათხოვილი იქნა მ----- მ-----–----ის მიერ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ყველა საბუთი დედნების სახით. (ტომი I, ს. ფ. 83).
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 24 მაისის №13/12-39167 წერილის შინაარსით ირკვევა, რომ 2008 წლის 29 მაისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №089080019 საქმეზე, მ----- მ-----–----ისა და დ----- ლ-----ას მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების მიზნით დამზადებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19, 180-ე მუხლის მეოხთე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა შსს გ--------ის რაიონულ სამმართველოში. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე მ----- მ-----–----მა 2005 წლის 15 სექტემბერს გ--------ის რაიონის გამგებლის დ----- მ-------ისა და მიწათმომწყობ დ----- ლ-----ას მეშვეობით, ისე რომ რეალურად მონაწილეობა არ მიუღია მიწის იჯარით გადაცემის კონკურსში, იჯარით მიიღო სახელმწიფოს კუთვნილი 414 ჰექტარი ფართობის მიწა, რომლის გადასახადი თანაბრად უნდა ეხადათ მ----- მ-----–----ს და მასთან უკანონო კავშირში მყოფ დ----- მ-------ესა და დ----- ლ-----ას. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წელს მ----- მ-----–----მა მოახდინა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის შესყიდვა სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველოს უფროსის ზ---- ა------–--ლის მეშვეობით, რის უფლებასაც კანონი არ იძლეოდა ვინაიდან, 2005 წლის 08 ივნისის კანონით ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ" პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. სისხლის სამართლის №089080019 საქმე გამოძიების ეტაპზეა. აღნიშნული საქმის საფუძველზე სისხლისამართლებრივი დევნა არავის მიმართ მიმდინარეობს, შესაბამისად არ დამდგარა განაჩენიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 გადაწყვეტილებით გადადებული იქნა ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნის მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 თებერვალს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილთან დაკავშირებით მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო განმარტავს რომ გარემოება, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 გადაწყვეტილების მიღებას აღარ არსებობს. მოპასუხეს გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-------8 წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი მ----- მ-----–----ის სარეგისტრაციო დოკუმენტების სათანადაოდ დამოწმებული ასლები. ასევე დადგენილია, რომ სისხლის სამართლის №089080019 საქმე გამოძიების ეტაპზეა. აღნიშნული საქმის საფუძველზე სისხლისამართლებრივი დევნა არავის მიმართ მიმდინარეობს და შესაბამისად განაჩენიც არ დამდგარა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია დაცულია მოპასუხესთან. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხემ აუცილებლად მიიჩნია დამატებითი მასალის მოძიება, თუმცა გაურკვეველია რეგისტრირებული მონაცემების არსებობისას რა დამატებითი მასალის მოძიება ესაჭიროება მოპასუხეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ თავდაპირველი რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოიწვიოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და მისი მონაწილეობით განიხილოს მოსარჩელის მოთხოვნა. რაც შეეხება მ----- მ-----–----ის და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართალწარმოებას სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეუძლია აცნობოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელსაც უფლება აქვს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებით ყადაღა დაადოს სადავო უძრავი ქონებას. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, ანუ აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს მისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის №892012-------05 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ----- მ-----–----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის №10---5 ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების გადადების თაობაზე გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი