გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.07.2018
საქმის ნომერი
330310118002462870
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3202-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ------------–--ა

წარმომადგენელი - ე-------------------ე

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

წარმომადგენელი - თ-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 23 აპრილის №8------. განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სსიპ საჯარო სასამხურის ბიუროს 2018 წლის 05 მარტის №8---- ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ს------------------------------------------------------------–---–-----–------------------------------–ის ნ------------–--ას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ------------–--ას მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო სასამხურის ბიუროს 2018 წლის 05 მარტის №8---- ბრძანება - ს/ფ 168.

- 2018 წლის 18 აპრილის №-- დასკვნა - ს/ფ 165-167.

 

3.1.2. სსიპ საჯარო სასამხურის ბიურომ 2018 წლის 07 მარტის წერილით ნ------------–--ას აცნობა 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. ამავე წერილით ნ------------–--ას ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაცის, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში (2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 მარტის ჩათვლით) მისი და მისი ოჯახის წევრების კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშების ამონაწერების, საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის, ასევე 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 27 მარტამდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებების წარდგენა, რომელთა ღირებულება აღემატებოდა 3000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 მარტის წერილი - ს/ფ 169-170.

 

3.1.3. ნ------------–--ამ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა 2018 წლის 07 მარტის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ------------–--ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია - ს/ფ 240-241.

 

3.1.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 02 აპრილის წერილით ნ------------–--ას აცნობა, რომ მის მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები: მის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებულ უძრავ ქონებასა და საჯარო რეესტრის მონაცემებს შორის შეუსაბამობებია, კერძოდ, წარდგენილ დეკლარაციაში დაფიქსირებულია - ბინა - ქალაქი თბილისი, გ----------------------------------------------, ფართობი 50 კვ.მ, ხოლო აღნიშნულ მისამართზე საჯარო რეესტრის ბაზის მიხედვით ფიქსირდება 75 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) ამასთანავე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ბაზიდან ფიქსირდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, მას აქვს საკუთრებაში გ----------------თან, რომელიც არ აქვს დაფიქსირებული მის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში. ამასთან, ნ------------–--ას მიერ წარდგენილ დეკლარაციაში სს „თ----------თან“ დადებული სასესხო ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი დაფიქსირებული აქვს 2650.25 USD, ხოლო წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით მატერიალური შედეგი შეადგენს 3067.95 USD. აღნიშნული უზუსტობები შესაძლებელია გახდეს ბიუროს მიერ მისი ქონებრივი დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი. ამავე წერილით ნ------------–--ას განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების /დოკუმენტაციის წარდგენისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 02 აპრილის Nგ---- წერილი - ს/ფ 104.

 

3.1.5. ნ------------–--ამ 2018 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და განმარტა, რომ მის მიერ 2017 წლის 27 მარტს შევსებული დეკლარაციიდან, ისევე როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ის საკუთრების უფლებით ფლობს თბილისში, ი-–---------------------------------------------------ში 50 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, იგი გახლათ ამ 50 კვ.მ. ფართის 100% წილის მფლობელი. რაც შეეხება ამ ფართის საკადასტრო კოდში მოქცეულ დანარჩენ 25 კვ.მ. ფართს, მას ჰყავს სხვა მესაკუთრე (კერძოდ: გ----------------ი), რაც დაფიქსირებულია საჯარო რეესტრის ამონაწერშიც. იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მესაკუთრე მასთან კავშირში არ არის, ამიტომ არ იქნა მისი სახელი და გვარი მის მიერ მითითებული დეკლარაციაში. ნ------------–--ას მოსაზრებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დეკლარაციის მესამე გრაფის ჩანაწერის არასწორად აღქმის გამო და რაიმეს დამალვის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, ცნობილია, რომ მოცემული მონაცემები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასათვის. ნ------------–--ამ საჯარო სამსახურის ბიუროს დამატებით აცნობა, რომ მის მიერ ანალოგიური წესით იქნა შევსებული 2018 წლის დეკლარაციაც, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთი წესით შევსება ითვლებოდა სწორად შევსების წესად და მისი მოსაზრებით, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას დაშვებულს მისი მხრიდან. რაც შეეხება სს „თ----------თან“ დადებული სასესხო ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაფიქსირების საკითხს, ამასთან დაკავშირებით დამატებით წარადგინა ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან და განმარტა, რომ მის მიერ დეკლარაციაში სესხის გასავალში შესაბამისი ინფორმაცია მითითებული იქნა სს „თ----------იდან“ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, თუ დაჯამდება ამონაწერის შესაბამისად 01/01/2016 წლიდან 01/12/2016 - მდე გადახდილი თანხა, ზუსტად მიიღება მის დეკლარაციაში დაფიქსირებული 2650,25 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 აპრილის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 171-239.

 

3.1.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2018 წლის 18 აპრილს შეადგინა დასკვნა სსიპ-ს------------------------------------------------------------–---–-----–------------------------------–ის ნ------------–--ას 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, აღნიშნული დეკლარაცია საჯარო სამსაურის ბიუროს მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის18 აპრილის დასკვნა N-- - ს/ფ 165-167.

 

3.1.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 23 აპრილის განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ------------–--ას მიერ 2016 წლის 14 აპრილს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ------------–--ას 1000 (ათასი) ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 23 აპრილის №8------. განკარგულება - ს/ფ 163-164.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 23 აპრილის №8------. განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. მე-11 პუნქტის თანახმად კი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციაზე’’, რომლითაც განისაზღვრა სსიპ საჯარო სასმახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა. ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. მე-6 პუნქტის თანახმად კი, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

 

ამდენად, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმადგენს თანამდებობის პირისთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველს კი განსაზღვრავს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც ადგენს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ჰქმნის: 1) ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა; 2) დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა; 3) ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონისსაქართველოს კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის გამოვლენა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 05 მარტის №8---- ბრძანებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ს------------------------------------------------------------–---–-----–------------------------------–ის ნ------------–--ას ქონებრივი მდგომარობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ------------–--ას მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ------------–--ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ნ------------–--ას მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ და „ზ’’ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი).

 

დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, რომ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი დეკლარაცია არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დეკლარაციის მესამე გრაფის ჩანაწერის არასწორად აღქმის გამო და არა რაიმეს დამალვის მიზნით. ამასთან, ცნობილია, რომ მოცემული მონაცემები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასათვის. ნ------------–--ამ საჯარო სამსახურის ბიუროს დამატებით აცნობა, რომ მის მიერ ანალოგიური წესით იქნა შევსებული 2018 წლის დეკლარაციაც, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთი წესით შევსება ითვლებოდა სწორად შევსების წესად და მისი მოსაზრებით, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას დაშვებულს მისი მხრიდან. რაც შეეხება სს „თ----------თან“ დადებული სასესხო ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაფიქსირების საკითხს, ამასთან დაკავშირებით დამატებით წარადგინა ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან და განმარტა, რომ მის მიერ დეკლარაციაში სესხის გასავალში შესაბამისი ინფორმაცია მითითებული იქნა სს „თ----------იდან“ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, თუ დაჯამდება ამონაწერის შესაბამისად 01/01/2016 წლიდან 01/12/2016 - მდე გადახდილი თანხა, ზუსტად მიიღება მის დეკლარაციაში დაფიქსირებული 2650,25 აშშ დოლარი. რაც შეეხება ნ------------–--ას სახელზე სს „თ----------ში" არსებულ ანგარიშს, რაც არ არის ასახული დეკლარაციაში, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ანგარიში მის მიერ გაუქმებული იქნა 2016 წლის 07 ივნისს, თუმცა არ ყოფილა დახურული და იყო მოქმედი. ახალი სტატუს ბარათის მიბმა ვერ განხორციელდა ძველ ანგარიშზე და ამიტომ გაიხსნა ახალი.

 

სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მითითებული დარღვევების არსებობა ჰქმნიდა თუ არა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნორმის სწორ განმარტებას, კერძოდ, იმ გარემოების დადგენას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი - დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა გულისხმობს დეკლარაციაში გამოვლენილი ნებისმიერ უზუსტობას თუ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის არასახვას ან/და არასრულად ასახვას, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი უნდა განიმარტოს სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცით, რაც მოგვცემს მისი შინაარსის განსაზღვრისა და კანონმდებლის ნების სწორი განმარტების საშუალებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფცულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლებს თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემებს სისრულის და სიზუსტის შემოწმებაც (მონიტორინგი) ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს, რაც განსაზღვრულია კიდეც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. სწორედ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური ხასიათის მატარებელია, ასევე, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. სასამართლოს მოსაზრებით, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინპერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, ნ------------–--ას მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ჰქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ------------–--ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 23 აპრილის №8------. განკარგულება.

 

3. მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაეკისროს ნ------------–--ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი