გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2018
საქმის ნომერი
160310018002348906
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002348906

№3/35-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე-ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი- ლედი ყულიაშვილი

 

მოსარჩელე - ნა-------–---------ი

წარმომადგენელი- დი----------–--–-–---–ი

მოპასუხეები- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-კა-----------–--ე, ბე-------–--–ი

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის N314 ბრძანება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ნა-------–---------ის დაჯარიმების შესახებ;

 

მოსარჩელის განმარტებით, მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის N314 ბრძანებით იგი დაჯარიმებული იქნა 2 000 ლარით, აღნიშნული ბრძანება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ქ. მა-------–ში, რუ-------–ის ქუჩა N3-ში საცხოვრებელ სახლზე ს/კ 83.02.17.567 მას საკუთრებაში არავითარი უძრავი ქონება არ გააჩნია და არც მშენებლობა უწარმოებია. იქ დედას რა--------–--------ვას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება სადაც განთავსებულია მაღაზია, პროექტის საფუძველზე აივანი შემოღობილია მეტალოპლასტმასით, რომელიც არავის ხელს არ უშლის, პირიქით როგორც სხვების მიმდებარე ტერიტორიაზე ამშვენებს ფასადს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი მხრიდან და სამშენებლო პირობების დარღვევას ადგილი არ აქვს.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკადასტო კოდი N83.02.17.5--------- რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს რა--------–--------ვა (მოსარჩელე ნა-------–---------ის დედა);

 

3.1.2. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2018 წლის 25 იანვარს ნა-------–---------ის მიმართ შედგა №19 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ ნა-------–---------მა კომერციულ ობიექტზე მდებარე ქ.მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში, ს/კ N83.02.17.5--------- განახორციელა ვიტრაჟის მიშენება.

 

დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2018 წლის 25 იანვარს №19 მითითება.

 

3.1.3. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა №30 შემოწმების აქტი ნა-------–---------ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 5 თებერვლსი N30 შემოწმების აქტი.

 

3.1.3. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს მიიღებული იქნა ბრძანება N314 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ნა-------–---------ი დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით ქ. მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე (ს/კ N83.02.17.5---------) ვიტრაჟის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 20 თებერვალის ბრძანება N314.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი, ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც თამარ ჩაფიძის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - 2018 წლის 20 თებერვლის N314 ბრძანება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ნა-------–---------ის დაჯარიმების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2018 წლის 25 იანვარს ნა-------–---------ის მიმართ შედგა №19 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ ნა-------–---------მა კომერციულ ობიექტზე მდებარე ქ.მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში, ს/კ N83.02.17.5--------- განახორციელა ვიტრაჟის მიშენება. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული დღე.

 

დადგენილია ასევე, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს შედგენილ იქნა №30 შემოწმების აქტი ნა-------–---------ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

 

მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ, მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს მიიღებული იქნა ბრძანება N314 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ნა-------–---------ი დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით ქ. მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე (ს/კ N83.02.17.5---------) ვიტრაჟის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილების 36-ე მუხლის, პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, „მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.“ ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, „შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.“ ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, „დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები.“ აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები.“

 

სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

ამდენად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს, შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რასაც I კლასის შენობა ნაგებობასთან მიმართებით წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადასტურება. შესაბამისად, პირი რომელიც აპირებს I კლასის მშენებლობის განხორციოელებას ვალდებულია სამუშენებლო სამუშაოები აწარმოოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნაბართვო მშენებლობის სახით, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა ,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ადმინისტრაციული წარმოების დროს მოსარჩელე ნა-------–---------ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქ. მა-------–ი, რუ-------–ის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განათავსა ვიტრაჟის უნებართვო მშენებლობა, უფრო მეტიც მან ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ აღნიშნული ვიტრაჟი ამშვენებს ფასადს (I კლასის მშენებლობა) და ვერც მითითებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა, მშენებლობის განხორციელების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც უპირობოდ წარმოადგენს მითითებული ობიექტის უნებართვოდ განთავსების ფაქტს.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება, ნ დაჯარიმების შესახებ, რადგან მოსარჩელემ არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, მის მიერ არ იქნა დემონტირებული უნებართვოდ მოწყობილი ობიექტები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის N314 ბრძანება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ნა-------–---------ის დაჯარიმების შესახებ კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნა-------–---------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა-------–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი დარჩეს გადახდილად;

 

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე