განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №260100115794089
საქმე N1/5-16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შოთა ბიჭიამ
ელიზა შამათავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ვ------------------ს, ლ------------ს, დ----------------ს, ე-–------------ს, კ----------------------ს, ბ-------------–---–--ს, ლ--------–--ს
განსასჯელის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ-------------ს, მ-----------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------------------------------------–--------–--–---–---––---–---------–----–----------–-------------------------–------–--------------------–--------------–--------------–---------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 პუნქტებით, 17,104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებით (1999 წლამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდების თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ზ---------------ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ასევე განზრახ მკვლელობის მცდლეობა ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის.
ბრალდების მხარის მტკიცებით, 1----–-–---------------–ს, დაახლოებით 02 საათზე ზ----------------------------მ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნახა, რომ მისი ძმის შვილის - პ---------------ს საცხოვრებელ სახლს ეკიდა ცეცხლი და მეზობლების მიერ აღნიშნული სახლის დაწვით დაეჭვებულმა თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ხელყუმბარა, რომელსაც ინახავდა და ატარებდა უკანონოდ, ქუჩაში შენიშნა მეზობლები - დ-----------------------, ნი-------------------–-------ა, მ--------------------–-----------, ფი---------------------–--------, ლ-----------–--------–-------- და მათი გაზრახ მოკვლის მიზნით, მრავალ პირთა სისცოცხლისათვის საშიში საშუალებით, ხელყუმბარას, რომელიც წინასწარ ჰქონდა მომარჯვებული, მოხსნა დამცავი რგოლი, გადააგდო მათ მხარეს და მოახდინა მისი აფეთქება, რის შედეგადაც დ------------- გარდაიცვალა. ლ-------------მ მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში და მარცხენა დუნდულის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. მ--------------მ მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ფ------------ამ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარჯვენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ნ----------მ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ამ ქმედებებს, ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულების ჩვენებები.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულების: ნ----------ს და ლ-------------ს მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები, ექსპერტიზის დაკსვნები და სხვა მტკიცებულებები.
გამოძიების ეტაპზე არ არიან დაკითხული ამ ფაქტის თვითმხივლელი მოწმეები, ასევე დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ ორი პიროვნება.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად საბრალდებო დასკვნაში მითითებულ ფაქტებს, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას, კატეგორიულად დადგინდეს რაიმე ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულია მხოლოდ რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს განსასჯელზე - 1--- წელს დაზარალებულების დაკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვითაც ზ---------------მ ააფეთქა ხელყუმბარა, რასაც მოჰყვა დ-------------ს გარდაცვალება და სხვათა დაჭრა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები დაზიანებების წარმოშობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულები სასამართლოს წინაშე მხარეთა მონაწილეობით არ დაკითხულან. აღნიშნულ შემთხვევაში მტკიცებულების შეფასების წესს არეგულირებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” პუნქტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები. აღნიშნული გულისხმობს ბრალდებულის უფლებას, მისი ან ადვოკატის მონაწილეობით უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაიკითხონ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, რათა დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, კითხვები დაუსვას მას და ამ გზით გაარკვიოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van Mechelen v. Netherlands ); საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პირი ჩვენებას იძლევა ზეპირად; მე-3 ნაწილი, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით; 481-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მოწმის გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, გამოქვეყნებული ჩვენებები არ უნდა იყოს ერთადერთი ან არსებითად გადამწყვეტი მტკიცებულება პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხული მხოლოდ ორი დაზარალებულის ჩვენებების შინაარსის მხედველობაში მიღება, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს და ვერ გახდება არსებითად გადამწყვეტი გარემოება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ხელოვნურად მოხდა საქმის სასამართლოში წარმართვის გაჭიანურება, ვინაიდან მოცემულ საქმეზე წარმოება დაწყებულია 1--- წელს და სწორედ ამ წელს განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგ საქმე ფაქტიურად უმოძრაოდ იმყოფებოდა. ამდენად, საქმის სასამართლოში დროულად წარმართვის შემთხვევაში ბრალდების მხარეს მეტი შესაძლებლობა ექნებოდა მოწმეთა სასამართლოში წარმოდგენისა, რა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს წინაშე მხარეთა მონაწილეობით მოწმეთაგან ფაქტობრივი მონაცემების მიღება. ამისაგან განსხვავებით დღეს, იმ ორი დაზარალებულის შესახებაც ვერ იქნა ინფორმაცია მოძიებული საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში, უშუალოდ სასამართლოს წინაშე ორივე მხარის მონაწილეობით კითხვების დასმით გარკვეული საკითხების დაზუსტების გარეშე დღეის მდგომარეობით გაურკვეველ და დაუდგენელ დაზარალებულთა (რომელთა მოძიება შეუძლებელი გახდა) დაკითხვის 21 წლის წინანდელი ოქმების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არც ერთი ადამიანი, მათ შორის არც სამედიცინო ექსპერტი. შესაბამისად, არავის დაუდასტურებია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ავთენტურობა და სისწორე.
ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა საკმარისი, დამაჯერებელი, უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა განსასჯელის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ასევე მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა შინაარსის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზ---------------სთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, მოცემულ ნორმაშიც საუბარია რაოდენობრივ სტანდარტზე: მინიმუმ ორი მტკიცებულების აუცილებლობაზე და ხარიხსობრივ სტანდარტზე: ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობაზე, რაც ასევე არ არის დაკმაყოფილებული ბრალდების მხარის მიერ.
ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილისა და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია განსასჯელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება განსასჯელის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე, უტყუარად განსასჯელის მიერ არის ჩადენილი. ამასთან, აუცილებელია მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნეს სასამართლო სხდომაზე. მათ შორის, აუცილებელია, მოწმეები დაკითხულ იქნენ სასამართლოში ორივე მხარის მონაწილეობით. მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისს ამ წესიდან, როცა დასაშვებია მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნება მისი სასამართლოში დაკითხვის გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ წესით გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ეს არღვევს სისხლის სამართლის პროცესის ზეპირობის პრინციპს, დაცვის მხარის უფლებას, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ პირებს, რაც საბოლოოდ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
სასამართლო სხდომაზე არ არიან დაკითხულნი ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, გამოქვეყნებულ იქნა 21 წლის წინ შექმნილი დოკუმენტაცია, მათ შორის დაკითხვის ოქმები, რისი სისწორეც არავის დაუდასტურებია სასამართლო სხდომაზე ისევე, როგორც ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლოში წარმართვის გაჭიანურების გამო არავის, მათ შორის არც სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით დაესვა კითხვები და დაეზუსტებინა გარკვეული საკითხები.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა აშკარა, დამაჯერებელი, სხვა მტკიცებულებებთან თანხმობაში მყოფი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გაფანტავდა ყოველგვარ ეჭვს და უტყუარად დაადასტურებდა ზ---------------ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგოდ ბრალეულად განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებაში ზ--------------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 511-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება. გამართლებულს ასევე უნდა განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-496-ე, 498-ე, 502-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-512-ე, 523-ე, 602-ე, 604-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ--------------- საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 17.104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1999 წლამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---------------სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ ზ---------------ს განემარტოს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია