განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002546244
საქმე №1/263-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ოთარ ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული მამია შ----–ის ძე კ-------ე - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. გორი, მ--------ს ქ. N1/66-ში.
ადვოკატი - ვახტანგ ფ-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. გორში, სამეფოს ქუჩა N54-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ---- კ-------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას - თინათინ ბ-----–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც თ------- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს. წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ თ------- ბ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ბრალდებულის დედაა, რაც ასევე დასტურდება მ---- კ-------ის განმარტებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------- ბ-----–---–ი ბრალდებულ მ---- კ-------ის ოჯახის წევრია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ხელის სახეში გატყმით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“
განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ხელის სახეში გარტყმის ფაქტი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის, ასევე, მოწმეების - ზაზა დ--------–--ის, ზურაბ გ--------ის, ვლადიმერ ძმანაშვილის, თეა ლ---–--–---–ის, ა-------–---–ისა და ნიკოლოზ უ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ თ------- ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ მ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, მ---- კ-------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა მ---- კ-------ემ ხელის სახეში გარტყმის ფორმით ჩაიდინა ძალადობა თ------- ბ-----–---–ის მიმართ, რომელიც საქმეში არსებული მასალების მიხედვით მისი დედაა.
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ
კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ თ------- ბ-----–---–ის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელის სახეში გარტყმის დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულ თ------ ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ მ---- კ-------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ---- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომლის მიხედვით თინათინ ბ----–---–ი ადასტურებს ბრალდებულთან შერიგებს ფაქტს და აცხადებს, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია.
მ---- კ-------ის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება ის, რომ ნასამართლეობის მქონეა და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის რეციდივს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- კ-------ეს რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 (ერთი) წელი, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ---- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მ---- კ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ივნისიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი