გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
010210117001862182
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001862182

საქმე №2-929/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“

წარმომადგენელი - მ-----–----------–---–---–--–-----–--–---–-

მოპასუხე - შპს ”ჩ--------–ი”

წარმომადგენელი - ა-------–-–--–--ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ”ჩ--------–ს“ ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, თ----–---–-ს ქუჩა ქ№36-ში, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 18 744,73 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს, რომ უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N05.23.26.010.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეზობლად, კერძოდ ქ. ბათუმი, თ----–---–-ს ქN38-ში (საკადასტრო კოდი: 05.23.26.003.01.113) მდებარეობს მოპასუხე შპს „ჩ--------–ის“ საკუთრებაში არსებული, მის მიერვე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული.

 

დადგენილია, რომ შპს „ჩ--------–ის“ მიერ ზ/აღნიშნული მრავალსართულიანი კორპუსი აშენებული იქნა პროექტის დარღვევით, რის გამოც მისი აშენების დროს მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა შპს „ჩ--------–ს“ და ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს შორის, რომელიც ეხებოდა როგორც შპს „ჩ--------–ის“ მიერ პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობას, ასევე მშენებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წერილი.

- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება და შემოწმების აქტი.

 

3.2.2. 2017 წლის 01 თებერვალს შპს „ჩ--------–ის“ საკუთრებაში არსებული და მის მიერ ქ. ბათუმი, თ----–---–-ს ქN38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოცვივდა თოვლის დიდი მასა, რომელმაც ჩაანგრია მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული რელიგიური შეკრებებისათვის გათვალისწინებული შენობა.

 

მოწმეთა ჩვენებებით და ქ. ბათუმის საქალაქო სამმართვლოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მომდევნო დღეებშიც ცვიოდა ქ. ბათუმი, თ----–---–-ს ქN38-ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან თოვლი, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ დადგენილია, რომ შპს „ჩ--------–ის“ სახურავიდან თოვლის დიდი მასის ჩამოვარდნის შედეგად ჩამოინგრა ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს საკუთრებაში არსებული შენობის სახურავი, დაზიანდა შენობის მეორე სართული და მასში არსებული ავეჯი. ასევე წყლის ჩაჟოვნის გამო დაზიანდა შენობის პირველი სართულიც, რის გამოც მოსარჩელეს ხელი შეეშალა რელიგიური შეხვედრების ჩატარებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- მოწმეთა ჩვენებები.

- საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან გამოთხოვილი საქმის მასალები.

- ფოტოსურათები.

 

3.2.3. სასამართლო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 21 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე მეზობელი კორპუსიდან თოვლის ცვენის შედეგად მიყენებული ზიანის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა ნორმატიული ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 17 864,73 ლარს.

 

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 14 თებერვლის სასაქონლო ექსპერიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაში მეზობელი კორპუსიდან თოვლის დიდი მასის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ავეჯის აღდგენა-რესტავრაციის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 880 ლარს.

 

ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს საკუთრებაში არსებულ შენობაზე მეზობელი შენობიდან ჩამოცვენილი თოვლის დიდი მასის გამო მოსარჩელეს მიადგა სულ 18 744,73 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 21 თებერვლის სასაქონლო ექსპერიზის დასკვნა.

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 14 თებერვლის სასაქონლო ექსპერიზის დასკვნა.

 

3.2.4. 2017 წლის 22 მარტის სპეციალისტების ერთობლივი დასკვნით და ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ჩ--------–ის“ მიერ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN38-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მოწყობილი იქნა 2015 წლის 20 აპრილის N314 კორექტირებული პროექტის დარღვევით. აღნიშნული სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ კი გამოიწვია სახურავზე თოვლის დიდი მასის წარმოქმნა და ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე ორსართულიანი შენობის დაზიანება მრავალსართულიანი კოპრუსის პროექტის დარღვევით მოწყობილი სახურავიდან თოვლის ჩამოცვენის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სპეციალისტების ერთობლივი დასკვნა.

- ფოტოსურათები.

- მოწმეთა ჩვენება.

- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 თებერვლის წერილი.

- ქ. ბათუმი, თ----–---–-ს ქN38-ში მდებარე კორპუსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და თანდართული დოკუმენტები.

 

3.2.5. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაწეული იქნა მთელი რიგი ხარჯები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 760,21 ლარს, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელთა მგზავრობის ხარჯი შეადგენს 865,79 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერიზის ჩატარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

- საწვავის ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ”ჩ--------–ი”-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 18744,73 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე და 1000 მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სწორედ შპს ”ჩ--------–ის“ მიერ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს N38-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის პროექტის დარღვევით მოწყობამ გამოიწვია აღნიშნული სახლის სახურავიდან თოვლის დიდი მასის ჩამოცვენა, რომელიც დაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული შენობის და იქ არსებული ინვენტარის დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, თ----–---–-ს ქN36-ში მდებარე ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს საკუთრებაში არსებულ შენობაზე მეზობელი შენობიდან, კერძოდ შპს „ჩ--------–ი“ მიერ აშებებული შენობის სახურავიდან ჩამოცვენილი თოვლის დიდი მასის გამო მოსარჩელეზე მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა სულ 18 744,73 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1000 მუხლის დანაწესზეც, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ „თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი“, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ „თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.“

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 18 744,73 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემული შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა შემდეგი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები: სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 595,35 ლარი, ასევე როგორც საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გადახდილი იქნა 760,21 ლარი, ხოლო მოსარხცელეის წარმომადგენელტა მგზავრობისათვის გაწეული იქნა ხარჯი 865,79 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე შპს ”ჩ--------–ი”-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 595,35 ლარი, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გადახდილი 760,21 ლარი, მოსარჩელის წარმომადგენელთა მგზავრობისათვის გაწეული ხარჯი 865,79 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შპს „ჩ--------–ის“ დაეკისროს ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს სასარგებლოდ 18 744,73 ლარის გადახდა მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

1.2. შპს „ჩ--------–ის“ დაეკისროს ააიპ „ი-----------–-------------------–-------------–--------------–--ში“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 595,35 ლარის ოდენობით, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 760,21 ლარის ოდენობით და წარმომადგენელთა მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება 865,79 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე