გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
101210018002559354
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის № 101210018002559354

№2/202-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.08.2018 წ. ჭიათურა

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში

დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი თამარ წერეთელი

მოსარჩელე - თ----------ე

წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი

მოპასუხე - თ--------------–------ე

წარმომადგენელი: ი--------------------–--ე

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის სარჩო-ალიმენტის დაკისრება ;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თ--------------–------ეს დაეკისროს შვილის ლ-----------–------ის (დაბადებული 20---–-–----- ნოემბერს, პ/ნ 5---------1) სარჩო ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე (სარჩელი აღძრულია 24.07.2018 წელს).

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე თ----------ემ და მისმა წარმომადგენელმა ნანა ღუღუნუშვილმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას იმავე საფუძვლებით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული; მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე თ--------------–------ესთან; 2017 წლის 06 სექტემბერს მოხდა მხარეებს შორის განქორწინება; თანაცხოვრების პერიოდში 20---–-–----- ნოემბერს შეეძინათ ერთი შვილი ლ---ა თ------ის ძე ფ----–------ე; კარგა ხანია მეუღლესთან აღარ ცხოვრობს; რამოდენიმე წელი წასული იყო საქართველოდან სამუშაოდ და ცდილობდა უზრუნველყოფილი ყოლოდა შვილი, იხდიდა ბავშვის სწავლა განათლებისა და აღზრდისათვის საჭირო თანხებს; აღნიშნული დროისათვის შვილი იმყოფებოდა მეუღლის ოჯახში, რომელიც მასთან ურთიერთობას უკრძალავდა რაც დაბრუნდა საქართველოში ბავშვი აღსაზრდელად მასთან იმყოფება; ცხოვრობს მშობლების ოჯახში; არა აქვს არავითარი შემოსავალი, ხოლო მოპასუხეს კმაყოფაზე არ ჰყავს არავინ, დასაქმებულია ავეჯის საამქროში, ცხოვრობს სოფლად და აქვს შემოსავალი და შვილს არ უწევს მატერიალურ დახმარებას;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ--------------–------ემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არა აქვს სამუშაო, არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, დაკავებულია სოფლის მეურნეობით ოჯახში და დამოკიდებულია დედის გზავნილებზე, რის გამოც მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლია შეუძლია;

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე თ--------------–------ემ და მისმა წარმომადგენელმა ინგა კუპპრავა-ნამგალაძემ ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და მოპასუხე თანახმაა შვილის სარჩო ალიმენტი ყოველთვიურად გადაიხადოს 90 ლარის ოდენობით;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე თ--------------–------ესთან და მხარეებს შორის განქორწინება მოხდა 2017 წლის 06 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ განქორწინების მოწმობა (№6---------5)

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები

_ სასამართლო სხდომის ოქმი

 

3.1.2 ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ-----------–------ე (დაბადებული 20---–-–----- ნოემბერს, პ/ნ 5---------1), რომელიც ამჟამად ჭიათურის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ-----------–------ის დაბადების მოწმობა (№6---------7)

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები

_ სასამართლო სხდომის ოქმი

 

3.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელე თ----------ესთან, რომელიც თავის მხრივ ცხოვრობს მშობლების სახლში, უმუშევარია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სარჩელი (ს/ფ. 1-12),_ ადმინისტრაცული ორგანოს ცნობა,_ მხარეთა ახსნა-განმარტებები,_ სასამართლო სხდომის ოქმი;

M

3.2.4. მოპასუხე უმუშევარია, არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, დაკავებულია სოფლის მეურნეობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ბავშვთა უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-18 მუხლის თანახმად კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე (აქ მოიაზრება ბავშვის რჩენაც);

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან;

 

6.4. აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრიათ ორივე მშობელს, მიუხედავად იმისა ვისთან ცხოვრობს ბავშვი; ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ყოველთვიური გადასახდელი სარჩო ალიმენტი უნდა განისაზღვროს 110 ლარით; საგულისხმოა გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გახდებოდა საფუძველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა ( სარჩო ალიმენტი-300 ლარის ოდენობით); ხოლო მოპასუხე თ--------------–------ემ დაადასტურა, რომ სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სარჩო ალიმენტი მოთხოვნილი ოდენობით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის ნაწილს ეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 49-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ----------ის (პN5---------5) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თ--------------–------ეს (პ/ნ 6---------8) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ლ-----------–------ის (დაბადებული 20---–-–----- ნოემბერს, პ/ნ 5---------1, კანონიერი წარმომადგენელი - დედა - თ----------ე - პN5---------5) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად სარჩო-ალიმენტი 110 ( ასათი) ლარის ოდენობით 2018 წლის 24 ივლისიდან (სასარჩელო განცხადების სასამართლოში შემოტანის დღიდან) შვილის სრულწლოვანებამდე;

 

3. თ--------------–------ეს (პ/ნ 6---------8) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე დავით კეკენაძე