გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/3824-18
17 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი: მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ჰა-------–----------ი
წარმომადგენელი - გი----------–--–--ა
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი -თ---------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჰა-------–----------ისათვის ,,ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის №1--------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა- 2018 წლის 17 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოცემულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰა-------–----------მა (HA------------R დაბ: 0--------- წელს, ინდოეთში, პასპორტის N P-------) 2018 წლის 24 აპრილს N1--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ჰა-------–----------ის პასპორტი (ს. ფ 54-55.);
- ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ 2018 წლის 24 აპრილს N1--------- განცხადება (ს.ფ.50-53);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის №1--------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-18).
3.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 31 მაისს (18:54:18 სთ) სასაზღვრო გამშვები პუნქტი, თბილისის აეროპორტის მეშვეობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაცია (ს. ფ. 45)
3.3. დადგენილია, ჰა-------–----------ს ჰყავს ერთი შვილი, ნ-----–----------ი, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა (მოქმედების ვადა - 2021 წლის 12 დეკემბრამდე) და მეუღლე, ნა-------------ი, რომელზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილებით გაიცა შრომითი კატეგორიის, დროებითი ბინადრობის ნებართვა 4 წლის ვადით. 2018 წლის 24 აპრილს N1--------- განცხადებით, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიმართა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მუდმივი ბინადრობის მოწმობის ასლები (ს.ფ 13-14);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 50-53);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-18);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე (ს.ფ. 74-75).
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის საკადრო შემოწმების მიხედვით საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე ჰა-------–----------ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის ინფორმაცია (ს.ფ. 47)
3.5. სს „თ-----------ს“ ა-–-------------------------ში მდებარე სერვის ცენტრის N1, 2016 წლის 23 აპრილის N9-------- ცნობით ადასტურებს რომ, ჰა-------–----------ს (პასპორტის ნომერი: N P------- IN) გახსნილი აქვს შემნახველი ანგარიში (N GE67TB7008231366100044) აშშ დოლარში. ნაშთი აღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 23 აპრილის (დრო-17:32) მდგომარეობით შეადგენს 2693.45 (ორი ათას ოთხმოცდაცამეტი და 45) დოლარს. ასევე ანგარიში (ტიპი-ბარათი; N GE63TB7450645063700002) ეროვნულ ვალუტაში-ლარი. ნაშთი აღნიშნულ ანგარიშზე 2018 წლის 23 აპრილის (დრო - 17:32) მდგომარეობით შეადგენს 6767.97 (ექვსი ათას სამოცდაშვიდი და 97) ლარს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სს თ-----------ს 2018 წლის 23 აპრილის N9-------- ცნობა. (ს.ფ. 56)
3.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 26 აპრილის №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 აპრილის №1---------/1 წერილი (ს. ფ. 43)
3.7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 21 მაისის SSG 3------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ჰა-------–----------ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 21 მაისის SSG 3------------ წერილი (ს.ფ. 44).
3.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰა-------–----------ის (HA------------R დაბ: 0--------- წელს, ინდოეთში, პასპორტის N P-------) 2018 წლის 24 აპრილის N1--------- განცხადება. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ჰა-------–----------ის მიმართ არსებობს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-18).
3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, 2018 წლის 21 ივნისის განჩინების (საქმე №3/3824-18) პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის 30 ივნისს გამოგზავნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის №---------------- წერილი ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰა-------–----------თან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილზე თანდართული წერილობითი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საქმეზე №3/3824-18 (ს. ფ. 20-22)
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის N1/01/1-833-სს მომართვა (ს.ფ. 83)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰა-------–----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ჰა-------–----------ს უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ჰა-------–----------ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონიის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში გაიცემა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, ოჯახის წევრი არის უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი. მოცემული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო მხარეების ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს, კერძოდ: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-7 მუხლში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა ჰა-------–----------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
6.3. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე მიუთითოს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 21 მაისის SSG 3------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ჰა-------–----------ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
როგორც აღინიშნა, ჰა-------–----------ისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ’’ ქვეპუნქტები. სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა თვლის, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 21 მაისის N SSG 3------------ წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მართალია მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება ჰა-------–----------ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ბინადრობის მაძიებელი პირს, ჰა-------–----------ს ჰყავს შვილი, ნ-----–----------ი, რომელსაც აქვს ბინადრობის ნებართვა (მოქმედების ვადა 2021 წლის 12 დეკემბერი) და მეუღლე, ნა-------------ი, რომელზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილებით გაიცა შრომითი კატეგორიის, დროებითი ბინადრობის ნებართვა 4 წლის ვადით (2022 წლის 21 თებერვლამდე. სასამართლო მიუთითებს, რომ ჰა-------–----------ის ოჯახის წევრის მიმართ გაცემულია ბინადრობის ნებართვა ანუ მისი ოჯახი-შვილი და მეუღლე საქართველოში იმყოფებიან კანონიერად, მათ საქართველოში ცხოვრების ნებართვა შესაბამისი პროცედურის დაცვით მიიღეს, თუმცა მოსარჩელეს ოჯახის გაერთიანების მიზნით უარი ეთქვა საქართველოში ცხოვრების ნებართვის მოპოვებაზე. სასამართლო ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ოჯახურ ურთიერთობებს მიაკუთვნებს ადამიანის შინაგანი სამყაროს, პრივატულობის ნაწილს და შესაბამისად მასზე ავრცელებს მე-8 მუხლის დაცვას. ამავე დროს ამ მუხლის მიზნებისათვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში არ შედის ოჯახის შექმნისა და შვილების ყოლის უფლებაც, რაც კონვენციის სხვა მუხლითაა დარეგულირებული.
„ოჯახურ“ ურთიერთობებს სასამართლო განმარტავს ფართო კონტექსტში თითოეული შემთხვევის კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით. ოჯახურ ცხოვრებად სასამართლო ერთმნიშვნელოვნად აღიარებს ქორწინების ფარგლებში არსებულ მეუღლეებსა და შვილებს შორის ურთიერთობას, თუ ქორწინების მიზანია ოჯახის შექმნა და არა ფიქტიური კავშირი გარკვეული შეღავათების ან სტატუსის მიღების მიზნით. ოჯახური ცხოვრების კატეგორიაში შედის აგრეთვე სამართლებრივი გაფორმების გარეშე პირთა და მათი შვილების თანაცხოვრება, თუ ამ თანაცხოვრებას აქვს ხანგრძლივი და სტაბილური ხასიათი. გამონაკლის შემთხვევეში მე-8 მუხლით გათვალისწინებული დაცვა გავრცელდება პირებზე მიუხედავად თანაცხოვრების არსებობისა. ეს ძირითადად ეხება მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს.
სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს (Boughanemi v. France). საქმეში - ბუგანემი საფრანგეთის წინააღმდეგ (Boughanemi v. France)- ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, რომელზეც დაფუძნებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის კავშირის არსებობას, მიუხედავად იმისა, ქორწინება არის თუ არა რეგისტრირებული და მშობლები თანაცხოვრობენ თუ არა. საქმეში berrehab v.the Netherlands სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რომ დეპორტაცია უარყოფით გავლენას მოახდენდა განმცხადებლის ურთიერთობაზე მის ქალიშვილთან. ევროპული სასამართლოს დასკვნის თანახმად, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო განმცხადებლის განქორწინების შედეგად გამოწვეული გაძევება (და არა უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედება), გოგონას ადრეული ასაკი და მამასთან კონტაქტის შენარჩუნების საჭიროება და რომ დეპორტაცია გამოიწვევდა მე-8 მუხლის დარღვევას.
საქმეში Ciliz v. the Netherlands სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის ოჯახურ უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურების კოორდინირების განუხორციელებლობით ხელისუფლების ორგანოები იმგვარად მოიქცნენ, რომ განქორწინების შემდეგ მამისა და შვილის კავშირების განვითარებას ხელი არ შეეწყო. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა (რომელიც ეხებოდა, როგორც მის გაძევებას, ასევე შვილთან მისი ხელმისაწვდომობის საკითხს) არ უზრუნველყო მისი ინტერესების სათანადო დაცვა, რამაც გამოიწვია მე-8 მუხლის დარღვევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილება, ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, განცხადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას. აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ გაანალიზა რა ზემოაღნიშნული საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაცია, რომელმაც ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილებაში, მასთან ურთიერთშეჯერებით კი მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისის N1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 23-ე, 28-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჰა-------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 23 მაისს N1--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ჰა-------–----------ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი