გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3270-18
21 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ალ--------------–--------
მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - თი--------–-----ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ალ--------------–--------ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 ალ--------------–-------- მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნით ალ--------------–-------ს 1/4-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ძირითად სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით უცვლელად დაჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ალ--------------–--------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ალ---------------–------ვმა საქართვლოს სსკ-ის 72-ე მუხლით დადგენილი სასჯელის 2/3 მოიხადა 2018 წლის 09 აპრილს.
სასჯელის დასაწყისი - 09.04.2013 წელი
სასჯელის დასასრული - 09.10.2020 წელი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ალ--------------–--------ს პირადი საქმე.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 13-20);
3.1.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში იცავს სარეჟიმო და კანონით დაკისრებულ მოთხოვნებს. იგი დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია. ალ--------------–-------- სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:
- ალ--------------–--------ს პირადი საქმე.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი (ს.ფ.117-124).
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20).
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარსულში ნასამართლევი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ალ--------------–--------ს პირადი საქმე.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი (ს.ფ.117-124).
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20).
3.1.4. მსჯავრდებული ალ--------------–-------- თავს ცნობს დამნაშავედ, აქვს სინანულის განცდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი (ს.ფ.117-124).
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20).
3.1.5. ალ--------------–-------- დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აქტიურად არის ჩართული სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამაში. გავლილი აქვს სამოქალაქო განათლება, ხატვის შემსწავლელი კურსი, მცირე ბიზნესის მწარმოებელი, კომპიუტერული გრაფიკის ორი კურსი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მინანქრის შემსწავლელი კურსი, კომპიუტერის საბაზისო კურსი, Access ვებ დიზაინი, ვებ საიტის მარკირება html, ვებ სტილებით გაფორმება css, გერმანული ენის კურსი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება, საქმიანი ურთიერთობის კულტურა, ემოციების მართვა, კულინარიის კურსი. დაწესებულების ყოფნის პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გამოეცხადა მადლობა კონკურსში "ლოგო ჩემი, მოწონება -შენი" მონაწილეობისთვის და ინგლისური ენის კურსის ჩატარებისთვის, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 16 მაისს რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში "12 განრისხებული მამაკაცი". ალ--------------–-------ს აქვს სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი. სწავლას უთმობს დიდ ყურადღებას, დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ალ--------------–--------ს პირადი საქმე.
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი (ს.ფ.117-124).
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20).
3.1.6. მსჯავრდებულს ჰყავს მშობლები, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. ოჯახს აქვს ნორმალური მატერიალური მდგომარეობა. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული სარგებლობს სატელეფონო საუბრებითა და პაემნებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20)
3.1.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურმა დაწესებულებამ შუამდგომლობით მიმართა მოპასუხეს მსჯავრდებულ ალ--------------–--------ს პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ალ--------------–--------ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი (ს.ფ.117-124).
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-20).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალ---------------–------ვის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწლობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი რეგლამენტირებულია პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
6.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. გადაწყვეტილების მიღებისას შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ამავე დებულების მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ვინაიდან მან, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. ამგვარი უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 30 აპრილს საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ფაქტი, რომ ალ--------------–-------- არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. დადებითად შეაფასა მისი ჩართულობა დაწესებულებაში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობებში, გაეცნო წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს დაზარალებული პირის პოზიციის შესახებ, მხედველობაში მიიღო პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაზე, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. ვინაიდან, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავსუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, ის, თუ რა გარემოებებში იქნა ჩადენილი დანაშაული, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას დანაშაულის სიმიძიმის, ხასიათთან მიმართებაში, თუმცა ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე; სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. იგი დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია. ალ--------------–-------- სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა, თავს ცნობს დამნაშავედ, მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულებაში ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობებში, კონკრეტულად, გავლილი აქვს სამოქალაქო განათლება, ხატვის შემსწავლელი კურსი, მცირე ბიზნესის მწარმოებელი, კომპიუტერული გრაფიკის ორი კურსი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მინანქრის შემსწავლელი კურსი, კომპიუტერის საბაზისო კურსი, Access ვებ დიზაინი, ვებ საიტის მარკირება html, ვებ სტილებით გაფორმება css, გერმანული ენის კურსი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება, საქმიანი ურთიერთობის კულტურა, ემოციების მართვა, კულინარიის კურსი. დაწესებულების ყოფნის პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გამოეცხადა მადლობა კონკურსში "ლოგო ჩემი, მოწონება -შენი" მონაწილეობისთვის და ინგლისური ენის კურსის ჩატარებისთვის, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 16 მაისს რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში "12 განრისხებული მამაკაცი". მსჯავრდებულს ჰყავს მშობლები, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. ამასთან იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ალ--------------–-------ს აქვს სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი.
ზემოაღნიშნული გარემოებები, სასამართლოს აზრით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია. სადავო გადაწყვეტილებაში კი არ არის დასაბუთებული, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ალ--------------–--------ს მიმართ მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ დასკვნამდე, არის თუ არა მისი გამოსწორებისათვის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, რაც არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი იმგვარად არის აგებული, რომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში გადმოცემულია ალ--------------–--------ს საქმესთან დაკავშირებული ფაქტები, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოპასუხე მხარე მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით ასაბუთებს გადაწყვეტილებას, რომ ალ--------------–--------ს მიერ არაფხიზელ მდომარეობაში ჩადენილია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე. თუმცაღა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავს, არ ასაბუთებს თუ რატომ ასრულებს ალ--------------–--------ს ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის - დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მაშინ, როცა ალ--------------–--------ს საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგალითად, მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება,) მისსავე სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე; თუკი ალ--------------–--------ს საქმეში წარმოდგენილი რამოდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხე მხარეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ ალ--------------–--------ს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კონტექსტის მქონე კრიტერიუმები. ის გარემოება, რომ ალ--------------–--------ს მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენაზე ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, უფრო მეტიც, კანონმდებლობით დაწესებულია ასეთი შემთხვევებისათვის მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.
ამდენად, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით, იგი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი,დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის
მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ალ--------------–--------ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ალ--------------–--------ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ--------------–--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ალ--------------–--------ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე - ალ--------------–--------ს სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური