განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/568-18
(№092210618002)
რ-------ის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 აგვისტო 2018 წელი ქ.რ-------ი
რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ნ---- ს----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ხ-–------------------------–----–- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------------–--–---–----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 ივნისიდან, ქ.რ-------ში, მ----------------------------ში მდებარე შპს ,---------------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა ნ---- ს----–---–ი. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის გატარება, შესაბამისი თანხის მიღება და მიღებული თანხის სამუშაო პერიოდში სალაროში შენახვა, ხოლო სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მაღაზიის მესაკუთრისთვის გადაცემა ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში შენახვა. 2018 წლის 17-18 ივნისს ღამის ცვლაში მუშაობის დროს, ნ---- ს----–---–მა განიზრახა შპს ,---------------ის კუთვნილი მაღაზიიდან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---- ს----–---–მა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შპს ,---------------ის კუთვნილი თანხა ჯამში 1300 ლარი, ნაწილ-ნაწილ აიღო მაღაზიის სალაროდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომელიც გამოიყენა პირადი საჭიროებისამებრ, კერძოდ ონლაინ ტოტალიზატორში სათამაშოდ. აღნიშნული ქმედებით შპს ,---------------ს მიადგა 1300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ნ---- ს----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რ-------ის საქალაქო სამმართველოს 2018 წლის 18 ივნისის მომართვის წერილს, ბ--იკ გ-------ის 2018 წლის 18 ივნისის განცხადებას, მოწმეების: ბ--იკ გ-------ის და ე----- ც---–--–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან შ.პ.ს ,---------------ზე, ოქმს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დანართით, დანართი-3 ფურცლად, ამოღების ოქმს დანართით, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 16 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს, რომ სხვისი ქონება არა მარტო დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, არამედ ამ ქონების მიმართ მას განსაზღვრული უფლებამოსილებაც გააჩნია, დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით და შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით აღმოჩნდა მის მართზომიერ მფლობელობაში და რომელიც მას აქვს მინდობილი, ასევე ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება.
სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, ნ---- ს----–---–ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 1300 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ნ---- ს----–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მისი უკიდურესად მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლო ზიანის ანაზღაურება, ცხოვრობს დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთდ, დაზარალებულთან დადებული აქვს ხელშეკრულება ზიანის ეტაპობრივად ანაზღაურების შესახებ, არის სტუდენტი, თუმცა ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ აგრძელებს სწავლას, რაც არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის საფუძველს და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ იგი უნდა განისაზღვროს 2500 ლარით. ასევე მოცემულ საქმეზე ბრალდებულს მცირე ვადით - 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, ვინაიდან ზიანის ანაზღაურებას ახდენს სამსახურში საქმიანობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ნ---- ს----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული სალაროს ქვითრები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
მასვე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაემოერთვას საჯარო და კერძო ორგანიზაციებში საქმიანობის უფლება.
2. ნ---- ს----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
3. საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული სალაროს ქვითრები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე