გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.08.2018
საქმის ნომერი
330310018002435376
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

საქმე №3/2785-18

 

24 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - დი---------------ძე

 

მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - გვ--–------–------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დი-----------------სთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 დი---------------ძე მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

საქართველოს საჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 თებერვლის N8117 ბრძანებით მსჯავრდებულ დი-----------------ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულებაში.

 

დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 29 სექტემბერს დი---------------ძემ, თე------------------მ და კიდევ ორმა პირმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, თბილისში ფ-------ის ქუჩის ბოლოს, წყ--–-------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიხში, კერძო ტაქსის მძღოლს - გი----------------–-–---–ს გასტაცეს კუთვნილი ავტომანქანა მერსედეს ბენცი.

 

დი---------------ძემ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლით სასჯელის 1/2 მოიხადა 2017 წლის 30 დეკემბერს.

 

სასჯელის დასაწყისი - 30.12.2013 წელი

სასჯელის დასასრული - 30.12.2021 წელი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი-----------------ს პირადი საქმე.

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია. დი---------------ძე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, იგი წახალისებულია 8 ჯერ, ბოლოს 2017 წლის 22 დეკემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- დი-----------------ს პირადი საქმე

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №0----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი-----------------ს პირადი საქმე.

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.4. მსჯავრდებული დი---------------ძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ქცევის მაპროვოცირებელ კონკრეტულ გარემოებებს ასახელებს. ამასთან მას აფასებს როგორც შემთხვევითს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი-----------------ს პირადი საქმე.

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №0----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.5. დი---------------ძე ესწრება დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს და სარგებლობს დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკით. აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება. დაწესებულებაში დაკავებულია კითხვითა და ვარჯიშით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი-----------------ს პირადი საქმე.

- მხარეთა ახსნა განმარტება.

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №0----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.6. დი---------------ძე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი, და, პენსიონერი დედა, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. ოჯახს აქვს ნორმალური მატერიალური მდგომარეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №0----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

 

3.1.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციურმა დაწესებულებამ შუამდგომლობით მიმართა მოპასუხეს მსჯავრდებულ დი-----------------სთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

 

საკითხის განხილვის პროცესში დი-----------------ს მიერ წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არ ქონის თაობაზე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ დი-----------------სთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები (ს.ფ.49-52).

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის ოქმი (ს.ფ.86-90).

- - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №0----–----- გადაწყვეტილება(ს.ფ. 18-22).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დი-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწლობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით. აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის

 

გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

 

შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემომითითებული დებულების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოთ მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.3. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 30 მარტს საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური

 

პირობები, ის გარემოება, რომ მსჯავრდბულია წახალისებულია რამდენჯერმე, გაეცნო წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებს დაზარალებული პირების პოზიციის შესახებ, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის (სხვადასხვა ეპიზოდი). ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებულ უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, ის, თუ რა გარემოებებში იქნა ჩადენილი დანაშაული, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა და მიიღო გადაწყვეტილება შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, თუმცა ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე. სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

 

პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. ამასთან კანონმდებლობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპზე დაყრდნობით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. იგი დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია, დაწესებულებაში ყოფნისას წახალისებულია რამდენიმეჯერ, მის მიმართ შეღავათის გავრცელებაზე თანხმობას აცხადებს დაზარალებული მხარეც, ამასთან იგი წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, სასამართლოს აზრით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან და მის საზოგადოებაში ინტეგრაციასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, რაც არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი იმგვარად არის აგებული, რომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში გადმოცემულია დი-----------------ს საქმესთან დაკავშირებული ფაქტები, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოპასუხე მხარე მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით ასაბუთებს გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის. თუმცაღა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავს, არ ასაბუთებს თუ რატომ ასრულებს დი-----------------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის - დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მაშინ, როცა დი-----------------ს საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგალითად, მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება,) მისსავე სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე; თუკი დი-----------------ს საქმეში წარმოდგენილი რამოდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე, მოპასუხე მხარეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებულიყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ დი-----------------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი

 

კონტექსტის მქონე კრიტერიუმები. ის გარემოება, რომ დი-----------------ს მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენაზე ნასამართლობა არ გამორიცხავს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობას, უფრო მეტიც, კანონმდებლობით დაწესებულია ასეთი შემთხვევებისათვის მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის

მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დი-----------------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს დი-----------------ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დი-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მარტის №03----–----- გადაწყვეტილება და მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დი-----------------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

3. მოპასუხეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე - დი-----------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ.

 

რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური