გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002485490 (N2/586-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - ვი----–-------------------ვ
წარმომადგენელი - კახა ჩავლეშვილი
მოპასუხე - გუ-------------–-ა
თარჯიმანი - ზუ-------------–ია
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გუ-------------–-ას ვიაჩესლავ გუბერნატოროვის სასარგებლოდ დაეკისროს 4315 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე მხარის მითითებით, 2015 წელს გუ-------------–-ამ სთხოვა თანხა, რომელიც მას სჭირდებოდა საკუთარი მეურნეობის მოსაწესრიგებლად. თხოვნის საფუძველზე, ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს სს ,,საქართველოს ბანკის" საშუალებით საკუთარი ანგარიშიდან მოპასუხის ანგარიშზე სესხის სახით განხორციელდა 4315 ლარის ჩარიცხვა; მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, მოპასუხემ ნასესხები თანხა არ დააბრუნა, შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ გააჩნია სასესხო დავალიანება 4315 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გუ-------------–-ამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მასზედ, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის" საშუალებით მოპასუხის ანგარიშზე დარიცხული თანხა 4315 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა არა სესხს, არამედ უნდა მოხმარებოდა მხარეთა ერთობლივ საქმიანობას, კერძოდ, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას'' გასაწევი სამუშაოებისათვის ჩასარიცხ თანხას, იმავე დღეს მოხდა თანხის აღრიცხვა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას'' ანგარიშზე, თუმცა იმის გამო რომ ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ'' გასაწევის სამუშაოებისათვის დამატებით კიდევ მოითხოვა 18000 ლარის გადახდა, გადარიცხული თანხა უკან იქნა დაბრუნებული, მოპასუხე მიუთითებს, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის შპს ,,ოქროს კვერცხის’’ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამტკიცდა შპს ,,ოქროს კვერცხის’’ დამფუძნებელ გუ-------------–-ას მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი არაფულადი შენატანის თანხობრივი შეფასება, კერძოდ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი 24605 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, (მდებარე მისამართზე მუნიციპალიტეტის ოზურგეთი სოფელი ნატანები ს/კ 26.01.62.011) 120 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,ოქროს კვერცხის’’ დამფუძნებელ ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ ფულადი სახსრები 120 000 აშშ დოლარის ოდენობით საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანა.
2016 წელს 14 იანვარს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან'' დაბრუნებული 4315 ლარი ვიაჩესლავ გუბერნატოროვთან შეთანხმებით, მოპასუხის მიერ გადარიცულ იქნა სს ,,თიბისი ბანკის" ანგარისზე მისი პირადი ვალის დასაფარად, თუმცა მხარეთა შეთახმებით აღნიშნული თანხა ჩაითვლებოდა მოსარჩელეს მიერ შპს ,,ოქროს კვერცხის’’ შემდგომში ,,ოქროს ტაურისის" ანგარიშზე შესატან 120 000 აშშ დოლარში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილი, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ გურამ კუნჭულას ნაგარიშზე სესხის სახით დაერიცხა 4315 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.10.2015 საგადახდო დავალება N1 (იხ. ს/ფ 14);
- მხარეთა ახნა-განმარტება;
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის" საშუალებით გუ-------------–-ას ანგარიშზე დარიცხული 4315 ლარი წარმოადგენდა არა სესხის სახით, არამედ ერთობლივი საქმიანობის მიზნით გადაცემულ თანხას, ასევე განმარტებას, თითქოს 2016 წელს 14 იანვარს სწორედ ვიაჩესლავ გუბერნატოროვთან შეთანხმებით, მოხდა მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხის სს ,,თიბისი ბანკის" ანგარიშზე ჩარიცხვა მისი პირიდი ვალის დასაფარად, რომელიც მხარეთა შეთახმებით ჩაითვლებოდა მოსარჩელეს მიერ შპს ,,ოქროს კვერცხის’’ შემდგომში ,,ოქროს ტაურისის" ანგარიშზე შესატან 120 000 აშშ დოლარში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამოდინარე ვერ ჩაითველბა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადაო ფაქტობრივი გარემოების - ფულადი ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - 13.10.2015 საგადახდო დავალება N1 - ს.ფ 14;
- ამონაწერი ანგარიშიდან - ს.ფ.86-87
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 361-ე, 400-ე, 365-ე, 411-ე, 403-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთო სასამართლოები სარგებლობენ კანონის განმარტების უფლებამოსილებით. ზოგადი საკანონმდებლო ნორმების შინაარსი სწორედ მათი კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას განმარტებით ზუსტდება და ვითარდება. ამავდროულად, ევროპის სასამართლოს განმარტებით, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია შემდეგი კუმულაციური წინაპირობების არსებობა - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ იგი დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენს ვიაჩესლავ გუბერნატორვის მიერ გუ-------------–-ას ანგარისზე დარიცხული თანხა სესხად მიღებულია, თუ მათ ერთობლივი საქმიანობისთვის მიზნით;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ვიაჩესლავ გუბერნატოროვის მიერ გუ-------------–-ას ანგარიშზე დარიცხული 4315 ლარი წარმოადგენდა არა ერთობლივი საქმიანობის მიზნით, არამედ სწორედ სესხის სახით გადაცემულ თანხას, რასაც თავად 13.10.2015 წლის გაცემული N1 საგადასახადო დავალებაც ადასტურებს (გადახდის დანიშნულება - სესხი ს.ფ.14), ასევე მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამდასტურებელი მტკიცებულება არსებობდა თუ არა მხარეთა წინასწარი შეთახმება გადაცემული თანხის, შპს ,,ოქროს კვერცხის’’ შემდგომში ,,ოქროს ტაურისის" ანგარიშზე შესატან 120 000 აშშ დოლარში ჩათვლის თაობაზე, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთობის ერთობლივ საქმიანობად, მიჩნევისთვის აუცილებელია მხარეებს შორის ერთობლივი მიზნის არსებობა. ასრულებდნენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად. ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას. ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ერთობლივი მოქმედება საერთო მიზნის მისაღწევად, ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოქმედებები ხორციელდება ნებაყოფლობით, მონაწილეთა მიერ „კეთილი ნების“ ერთობლივად გამოხატვით. ხელშეკრულების მონაწილეთა ნება უნდა ატარებდეს საერთო ხასიათს, იყოს შეთანხმებული და მიმართული საერთო მიზნის მისაღწევად. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეთა შორის ურთიერთნდობით განპირობებული პირადი დამოკიდებულებაა. სწორედ დასახელებული კრიტერიუმის გათვალისწინებით ერთიანდება ორი ან მეტი პირი ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. ეკონომიკური სარგებლისა და ინტერესის მხრივ ხელშეკრულების სუბიექტები ერთ მხარეს არიან. აღნიშნული ნიშანი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. სახეზეა ორ სხვადასხვა მხარეს მდგომი პირები, რომელთაც თავ-თავისი მიზნები და ინტერესები გააჩნიათ: ერთის (გამსესხებელი) ინტერესი და მიზანია თანხის გადაცემა, ხოლო მეორის (მსესხებლის) - თანხის მიღება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლების მიზანია, სესხის ხელშეკრულების მიმართ ფორმის თავისუფლების დაწესებით და სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ფაქტების დადასტურების წესის განსაზღვრით დაიცვას სესხის მონაწილეთა უფლებები, უზრუნველყოს მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირება.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა.
სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში. ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს. სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის მან უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება, როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, გარემოება მასზედ, რომ ვიაჩესლავ გუბერნატოროვმა გუ-------------–-ამ 4315 ლარი ჩაურიცხა არა სესხის, არამედ ერთობლივი საქმიანობის მიზნით, ასევე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა მათ ერთობლივ საქმიანობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 65 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შეთხვევაში მოპასუხე გუ-------------–-ას მოსარჩელე ვიაჩესლავ გუბერნატოროვის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილის - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 65 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვი----–-------------------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე გუ-------------–-ას ვი----–-------------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 4315 (ოთხი ათას სამას თხუთმეტი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხე გუ-------------–-ას მოსარჩელე ვიაჩესლავ გუბერნატოროვის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 65 (სამოცდახუთი) ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. ქ.№14) მეშვეობით;
მოსამართლე ციცინო როხვაძე