გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002282327
№2/286-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.08.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს “ტ----------ს” 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი დ--------------–--ე;
წარმომადგენელი- დ-------------ე;
მოპასუხე - შპს “ტ----------”-ს (დირექტორი გ-----------------ე), თ------------–--ე;
წარმომადგენელი- რო-------------–--–--ა;
დავის საგანი- დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-----------------ე გადაყენებული იქნას შპს „--------------ს დირექტორის თანამდებობიდან.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1998 წელს თ------------–--ის და დ--------------–--ის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „-------------, რომლის 50% წილის მფლობელი გახდა თ------------–--ე, ხოლო 50% წილის მფლობელი დ--------------–--ე. შპს-ს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2000 ლარით. დ--------------–--ე 1998 წლიდან 20 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად შპს-ს მოგებაზე ორიენტირებული ახორციელებდა საქმიანობას. მოსარჩელემ შპს-ს საწესდებო კაპიტალში ასევე შეიტანა პირადი ქონება. რამდენიმე თვის წინ საწარმოს 50% წილის მფლობელმა თ------------–--ემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით და საქმის სასამართლოში განხილვამდე საჯარო რეესტრში მოახდინა საწარმოს ცვლილება, შპს „--------------ს დირექტორად დაარეგისტრირა ახლო ნათესავი გ-----------------ე. დირექტორის შეცვლისთანავე ახალმა დირექტორმა გააუქმა იჯარის ხელშეკრულებები და ხელშეკრულება გააფორმა სხვა მოიჯარეებთან. დაილუქა საწარმო, სადაც განთავსებულია შპს ლ-------ის თხევადი გაზით სავსე ცისტერნები, გაუშვეს მოიჯარეები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური ცოდნა თხევადი გაზის ცისტერნასთან მუშაობის კუთხით, ასეთ პირობებში ერთმა გაუთვალისწინებელმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს აფეთქება. შპს ტ---------- დგას გაკოტრების საფრთხის წინაშე. სარჩელით ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხის ლეგიტიმურობაზე არ დაობს, ამტკიცებს, რომ ახალი დირექტორი მიზანმიმართულად აკოტრებს შპს „ტ---------ს„. ასევე განმარტა, რომ გ-----------------ეს არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, მას კომპანიაში მხოლოდ პირადი ინტერესები გააჩნია და კომპანიის საკეთილდღეოდ არ მოქმედებს და საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი არ არის. შპს „ტ---------ში„ არ იღებს შრომის ანაზღაურებს. ის ასევე წარმოადგენს სხვა საწარმოს დირექტორსაც და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „--------------ს დირექტომა სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ საწარმოს ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერად და ორიენტირებულია მის მოგებაზე, მოსარჩელე მხარე ხელს უშლის მას და საწარმოს მოგების მიღებაში. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გაზის რეალიზაცია და მოსარჩელე მხარე ცდილობს, როგორც ფიზიკურმა პირმა შეიტანოს საწარმოს ტერიტორიაზე პირადი გაზი და მოახდინოს მისი რეალიზაცია, განახორციელოს საწარმოსთან კონკურენცია, რის უფლებასაც არ აძლევს. შპს „ლ-------ს„ და შპს „ტ---------ს„ შორის ერთ დღეს დადებული იყო 2 იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა იყო სხვადასხვა, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების ნამდვილობა ეჭვს ბადებდა, თუმცა იჯარის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა იჯარის ქირის გადაუხდელობა. ახალი დირექტორის მიერ იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა და საწარმოს ქონება შპს -ს მფლობელობაშია სადაც შპს ტ---------- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ახალი დირექტორი არ აკოტრებს საწარმოს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. (იხ. შესაგებელი)
2.2. მოპასუხე თ------------–--ემ სარჩელი არ ცნო. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1998 წელს დაფუძნდა შპს „-------------, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა თ------------–--ე, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი დ--------------–--ე. შპს „--------------ს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2000 ლარით. საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა დ--------------–--ეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- წესდება;
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;
3.1.2. 2017 წლის 08 დეკემბრის პარტნიორთა კრების #3 ოქმის საფუძველზე დ--------------–--ე გათავისუფლდა შპს „--------------ს დირექტორის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-08.12.2017წ პარტნიორთა კრებოს იქმი #3;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენლია, რომ 2017 წლის 08 დეკემბრის პარტნიორთა კრების საფუძველზე შპს „--------------ს დირექტორი დ--------------–--ე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან. ამავე პარტნიორთა კრებაზე შპს ტ----------ს დირექტორად დაინიშნა გ-----------------ე. სამეწარმეო რეესტრში სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 21 დეკემბერს, შესაბამისად 2017 წლის 21 დეკემბრიდან დღემდე გ-----------------ე წარმოადგენს შპს „ტ---------„-ს დრექტორს და იგი ახორციელებს წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას საწარმოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-31.08.2017 წ პარტნიორთა კრების ოქმი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2.2. მოსარჩელე მხარის მტკიცებით ახალი დირექტორი თავისი საქმიანობით აკოტრებს საწარმოს, მან გააუქმა იჯარის ხელშეკრულებები და ახალი 20 წლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა სხვა პირებთან. ასევე თავდასხმებს ახორციელებს შპს „-------------ს მოიჯარეებზე. გ-----------------ეს არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, მას კომპანიაში მხოლოდ პირადი ინტერესები გააჩნია, კომპანიის საკეთილდღეოდ არ მოქმედებს და საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით შპს ტ---------ს იჯარით ჰქონდა ფართი გადაცემული და მისი შემოსავლის წყაროს სწორეს ეს თანხა წარმოადგენდა, რაც გაუქმებული იქნა ახალი დირექტორის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;
- შეტყობინებები, რეაგირების ოქმები;
- იჯარის ხელშეკრულებები;
3.2.3. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გ-----------------ე ახორციელებს ერთი და იგივე საქმიანობას რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში, და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, საქმიანობის სფეროა გაზის საცალო და საბითუმო რეალიზაციის საქმიანობა) დირექტორის ან/და პარტნიორის სტატუსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე ლ-----–---–---–-ა განმარტა, რომ ის წარმოადგენდა ი-------–--------ის ბუღალტერს. ი-------–--------ის ბუღალტერის საქმინობის პროცესში მოუწია ტ----------ს ანგარიშების გაცნობა. შემოწმებისას აღმოჩნდა რომ საწარმოში იყო დარღვევები და მასალები გადაეცა ფინანსურ პოლიციას. რამდენიმე თვეში ის დაინიშნა ლ-------ის დირექტორად. 2017 წლის დეკემბერში შპს ტ----------ს დირექტორად დაიშნა გ-----------------ე, რომელიც საწარმოში მივიდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ამ პერიოდში მას არ ქონია რაიმე გეგმა საწარმოს საქმიანობისთვის. შპს ტ----------ს ტერიტორია გაცემული იყო იჯარით ლ-------ე, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუღია. როგორც მისთვის ცნობილია ტ---------ს ქონდა ფართი გადაცემული იჯარით, საწარმო სხვა საქმიანობას არ ახორცილებდა.
მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე ე-------–--------–მა განმარტა, რომ გ-----------------ის წარომადგენლობას ახორციელებდა საწარმოში, გ-----------------ე ზრუნავს საწარმოზე და მისი საქმიანობით საწარმოს ზიანი არ ადგება. პირიქით კონტროლს ახორციელებს საწარმოს საქმიანობაზე, მას სურდა ინვენტარიზაციის ჩატარება თუმცა დ--------------–--ე მას არ აძლევდა ამის საშუალებას. მოწმის სახით მოწვეულმა ლ-–--------–--ემ მის ჩვენებაში დაადასტურა, რომ შპს „--------------ს პარტნიორებს წარმოადგენენ დ--------------–--ე და თ------------–--ე. ბოლო პერიოდში მათ შორის მდგომარეობა დაიძაბა. დ--------------–--ე დაუკავშირდა თავის ძმას და აცნობა, რომ საწარმოს ჰქონდა ვალები დაახლოებით 200000 ლარის ოდენობით და საჭირო იყო თანხების მოზიდვა, რაზეც დაინტერესდნენ, თუ რატომ იყო ზარალი წარმოშობილი, რაც გარკვევას საჭიროებდა და დ--------------–--ეს სთხოვეს ანგარიშის წარდგენა რაზეც უარი განაცხადა. რამდენიმე დღეში მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ტ---------- ასხვისებდა ქონებას ვინმე ნ-----–------–--ის ვალის გამო. პარტნიორის მიერ მიჩნეული იქნა, რომ დ--------------–--ე საზოგადოების საზიანოდ წარმართავდა საქმიანობას. რის გამოც დ--------------–--ე გადაყენებული იქნა დირექტორის თანამდებობიდან და დანიშნული იქნა გ-----------------ე, რომლის საქმიანობით საწარმოს მდგომარეობა გაუმჯობესდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ლ-----–---–---–ის ჩვენება (28.06.2018 წლის სხდომის ოქმი);
- მოწმე ე-------–--------–ის ჩვენება (25.07.2018 წლის სხდომის ოქმი);
- მოწმე ლ-–--------–--ის ჩვენება (25.07.2018 წლის სხდომის ოქმი);
3.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ივლისს დ--------------–--ეს როგორც შპს „--------------ს დირექტორს და შპს „ლ-------ს„ შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ტ---------„-ს საკუთრებაში არსებული 1766 კვმ მიწის ფართი. იჯარის ობიექტი გამოიყენებოდა თხევადი გაზის შემოტანა რეალიზაციისათვის. იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცა 2017 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 10 ივნისამდე. იჯარის ობიექტით სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენდა 500 ლარს. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება 2017 წლის 27 დეკემბრის შპს ტ----------ს დირექტორის გ-----------------ის #1 ბრძანების საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ტ---------ს„ მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი;
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს გ-----------------ეს, როგორც შპს ტ---------„-ს დირექტორს და ირ---–-----------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „--------------ს საკუთრებაში არსებული 1766 კვმ მიწის ფართი და მასზე განთავსებული თხევადი გაზის გასამართი სადგური. იჯარის ობიექტით სარგებლობის ფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველგადამუშავებულ ერთ ტონა თხევად გაზზე 165 ლარის ოდენობით. იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რესტრში 2017 წლის 29 დეკემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
მოსარჩელე მხარემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებია, რომ გ-----------------ემ დაარღვია საწარმოს მიმართ ზრუნვის, ერთგულების ან კეთილსინდისიერების მოვალეობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მხარეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებისას და პაექრობისას მიუთითეს ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელზედაც არაფერი იყო თქმული, არც სარჩელში და ასევე არც მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეებს შეეძლოთ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ--------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-91, 47-ე, მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. თუმცა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი და მას აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, მის უკან დგანან პარტნიორები, რომლებიც “მათი წილის შესაბამისად” იღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კრებაზე და განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის პოლიტიკას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პარტნიორთა ურთიერთდამოკიდებულება უნდა ხასიათდებოდეს ნდობის მაღალი ხარისხით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია საზოგადოების მიერ იმ მიზნის მიღწევა და პარტნიორთა ნების განხორციელება, რომ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობიდან (მეწარმეობიდან) საწარმომ მიაღწიოს წარმატებას და მისგან პარტნიორებმა მიიღონ სარგებელი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების თაობაზე. შპს „ტ---------ს„ წესდების 6.7. პუნქტის „დ„ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს საწარმოს დირექტორის დანიშვნა/გამოწვევა.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისთვის ძირითად საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, შპს „--------------ს დირექტორი გ-----------------ე აყენებს თუ არა საწარმოს ზიანს თავისი საქმიანობით და ხომ არ უქმნის საფრთხეს საწარმოს გაკოტრებას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბრიდან შპს „--------------ს დირექტორია გ-----------------ე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე გ-----------------ე გადაყენებული იქნას შპს „--------------ს დირექტორის თანამდებობიდან. მხარე სადავოდ არ ხდის დირექტორის დანიშვნის ლეგიტიმურობას, მისი მტკიცებით ახალი დირექტორი მიზანმიმართულად აკოტრებს საწარმოს.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების გამო საწარმო დგას გაკოტრების წინაშე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა არათუ ზიანის არსებობა და საწარმოს გაკოტრების საფრთხის წინაშე ყოფნა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებებიც კი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ზიანის გამომწვევია. ის მოსაზრება, რომ მისი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის, არ მოქმედებს საზოგადოების საკეთილდღეოდ, არ არის საწარმოს კეთილსინდისიერი სტანდარტების მატარებელი სააზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ არადამაჯერებელი და საფუძველს მოკლებულია. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებაც, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის გზები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის (საწარმოს დირექტორის) სუბიექტურ ხედვაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ. დირექტორის საქმიანობის შეფასებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შედეგი, გამოხატული დამდგარ ზიანში, რომელიც აისახება საწარმოს განვითარების ეკონომიკურ მაჩვენებლებში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გ-----------------ის მხრიდან საწარმოსთვის ზიანის მიყენების ან გაკოტრების საფრთხის წინაშე დაყენების ფაქტი.
6.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.1. პუნქტში დასახელებულ პირებს საზოგადოების მიმართ გააჩნიათ ფიდუციური მოვალეობები. ერთის მხვრივ საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანლოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
მტკიცების თვალსაზრისით მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს იმ ფაქტის არსებობის დამტკიცება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ-----------------ის მიერ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საწარმოს გაკოტრების საფრთხის წინაშე ყოფნის და ზიანის მიყენების ფაქტს ამყარებდა შპს ტ---------ს მიერ შპს ლ-------თან იჯარის ხელშეკრულების გაუქმებით, თუმცა იჯარის ხელშეკრულების გაუქმებით, რომ საწარმომ განიზაცადა ზიანი, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
6.3. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გ-----------------ე ახორციელებს ერთი და იგივე საქმიანობას რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში, და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, საქმიანობის სფეროა გაზის საცალო და საბითუმო რეალიზაციის საქმიანობა) დირექტორის ან/და პარტნიორის სტატუსით.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.5. მუხლის თანახმად ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ამგვარ მოსაზრებას და განმარტავს, რომ ფიდუციური ვალდებულებების არსი მოითხოვს ხელმძღვანელისაგან არ იმოქმედოს ინტერესთა კონფლიქტის დროს საწარმოს ინტერესების საპირისპიროდ. არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერსებს. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როცა ხელმძღვანელი პირი გარიგების მხარეა, გარიგების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს, ან იცის, რომ მასთან დაკავშირებული პირი გარიგების მონაწილე არსებითი ინტერესის მქონეა. სამართლის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას. მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება აღნიშნულის დასაბუთებისათვის.
6.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვს დასაბუთებულ მოტივაციას. დირექტორის გათავისუფლების საფუძველია საწარმოს წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დირექტორის მხრიდან მის უფლებამოვალეობათა დარღვევა. სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე ნაწილი, სადაც ნათქვამია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საწარმოს წესდებით. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლი ადგენს თუ ვინ არის დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი. მითითებული ნორმის თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე როგორიცაა - დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და საზოგადოების წესდების ნორმების ანალიზის შედეგად, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, ხორციელდება პარტნიორების მიერ თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია ნებაზე ზემოქმედება იძულების წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დირექტორის გ-----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოსარჩელის მოთხოვნა ამ მხვრივაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში დ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე #2/286-18) და 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „--------------ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის დ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე #2/286-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „--------------ს დირექტორს გ-----------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს „--------------ს სახელით ნებისმიერი გარიგებების დადება პარტნიორების დ--------------–--ის (პ/ნ 0----------) და თ------------–--ის (პ/ნ 0----------) თანხმობის გარეშე;
4. გაუქმდეს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით (საქმე #2/286-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს ,,ე-------------------------’’ (დასავლეთ ცენტრალური ფილიალი) (ს/კ 2--------) დაევალა - ქ. ქუთაისში, წ-------–----------------ში (შპს „-------------, ს/ნ 2--------, აბონენტის ნომერი: 1---------) ფიქსირებული აბონენტზე აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება და აეკრძალა მისი შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ იქნება გადახდილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური (ან/და თუ არ იარსებებს დაუძლეველი ძალის შემთხვევა).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე