გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.08.2018
საქმის ნომერი
080310018002477871
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002477871

საქმე №3/363-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო

წარმომადგენელი - გულო ღვარჩლიანი

 

მოპასუხე - შპს ,,ი-------------’’

დირექტორი - ლ-–- ჩ------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ი-------------’’-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 28 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს ,,ი-------------’’-ს შორის გაფორმებულ იქნა №604 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველყო შპს ,,ი-------------’’-ს არაგაბარიტული ტვირთის დაცვა-გაცილება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას.

 

2017 წლის 28 ნოემბერს მოპასუხემ მიმართა სამმართველოს და ითხოვა ტვირთის გადატანა 28 ნოემბრიდან - 01 დეკემბრამდე ქ. ქუთაისი, ჭ-------ის 33-დან - ჭ-------ის კვ. ბენზოგასამართ სადგურ ,,რომპეტროლის’’ მიმართულებით. 01 დეკემბერს ითხოვა მოეხდინათ ტვირთის გაცილება 2 დეკემბერს. 04 დეკემბერს ითხოვა ტვირთის გაცილება 05 დეკემბერს. 2017 წლის 2 დეკემბერს და 5 დეკემბერს მოსარჩელემ მოახდინა ტვირთის გაცილება-დაცვა. მოპასუხემ დაარღვია მისი ვალდებულება და არ გადაიხადა დაცვის მომსახურების საფასური, რაც შეადგენს 300 (სამასი) ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ი-------------’’-ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შპს ,,ი-------------’’-ს შორის გაფორმებულ იქნა №604 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შემსრულებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველყო შპს ,,ი-------------’’-ის არაგაბარიტული ტვირთის გაცილება-დაცვა.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, რომელიც ასახული იქნება ორმხრივად ხელმოწერილი სამუშაოს შესრულების აქტში ,,დაცვას’’ გადაუხდის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიწოდებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება №604.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ,,ი-------------’’-ის დირექტორმა მიმართა იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და ითხოვა არაგაბარიტული ტვირთის გადატანა 28 ნოემბრიდან - 01 დეკემბრამდე ქ. ქუთაისი, ჭ-------ის 33-დან - ჭ-------ის კვ. ბენზოგასამართ სადგურ ,,რომპეტროლის’’ ჩრდილოეთ მხარეს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს შპს ,,ი-------------’’-ის დირექტორმა მიმართა იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და ითხოვა ტვირთის გაცილება 2 დეკემბერს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 04 დეკემბერს შპს ,,ი-------------’’-ის დირექტორმა მიმართა იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და ითხოვა ტვირთის გაცილება 05 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები;

 

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ 2017 წლის 02 დეკემბერს ორი შეიარაღებული პოლიციელის მეშვეობით, უზრუნველყო შპს ,,ი-------------’’-ის არაგაბარიტული ტვირთის დაცვა-გაცილება ქ. ქუთაისი, ჭ-------ის გამზ. N33-დან ქ. ქუთაისი, ნინოშვილი-ჭ-------ის კვეთა ბენზოგასამართი სადგური ,,რომპეტროლის’’ ჩრდილოეთი მხარის მიმართულებით. აღნიშნულზე 2017 წლის 02 დეკემბერს შედგა სამუშაოს შესრულების აქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 01 დეკემბრის N2893703 ბრძანება.

- სამუშაოს შესრულების აქტი;

 

3.1.4. დადგენილია, რომ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ 2017 წლის 05 დეკემბერს ორი შეიარაღებული პოლიციელის მეშვეობით, უზრუნველყო შპს ,,ი-------------’’-ის ტვირთის დაცვა-გაცილება ქ. ქუთაისი, ჭ-------ის გამზ. N33-დან ქ. ქუთაისი, ნინოშვილი-ჭ-------ის კვეთა ბენზოგასამართი სადგური ,,რომპეტროლის’’ ჩრდილოეთი მხარის მიმართულებით, აღნიშნულზე 2017 წლის 05 დეკემბერს შედგა სამუშაოს შესრულების აქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 01 დეკემბრის N2909032 ბრძანება.

- სამუშაოს შესრულების აქტი;

 

3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ი-------------’’-ის დებიტორული დავალიანება 2018 წლის 4 ივნისის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ შეადგენს 300 (სამასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის 2018 წლის 4 ივნისის ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი; 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც აღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით განხილვას ექვემდებარება (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის № ბს-1078-1030 (გ-07) გადაწყვეტილება).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ი-------------’’-მა ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ დაცვის მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჯამში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რის გამოც არსებობს ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ღირებულება არაქონებრივ დავებზე შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანდ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი, მას არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ი-------------’’-ს (პ/ნ 412726625) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა.

3. მოსარჩლე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. საგადახდო დავალება 166904, გადამხდელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, გადახდის თარიღი 31.05.2018 წელი, სახაზინო კოდი 300183150.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი