განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ი--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ა-–----------- ძე ფ-----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ნ-------–-- ქ.#5-
ადვოკატი - ა------ ბ---------–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 6 დეკემბერს, 16:00 საათზე, თ---–--–-- ნ-------–-- ქ.#5--ში, მ------ ფ-----ემ დას, მ------ ფ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ ფ-----ეს დაუდგინდა ცხვირის ზედაპირული ტრავმა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.1. მოწმე ე----- ს-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, შეესწრო ოჯახურ კონფლიქტს, რომელიც განვითარდა მისი დის - ნ---- ფ-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–---- ნ-------–-- ქ.#5--ში. კონფლიქტის დროს მ------ ფ-----ემ სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა დას - მ------ ფ-----ეს. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.
2.2. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ------ ფ-----ემ, ძალადობის თვითმხილველმა მოწმეებმა ნ---- ფ-----ემ და შ--–-- ფ-----ემ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის მ------ ფ-----ის წინააღმდეგ, ბრალდებულის ბრალეულობა დადასტურდა როგორც თვითმხილველი მოწმის ე----- ს-----–---–ის ჩვენებით, ასევე პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებით - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, მ------ ფ-----ეს სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. საექსპერტო კვლევის პროცესში უშუალოდ იქნა შემოწმებული დაზარალებული მ------ ფ-----ე, რომელსაც პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, ასევე დადასტურდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ დაადგინა დაზარალებულ მ------ ფ-----ის სხეულზე არსებული დაზიანების წარმოშობის მექანიზმი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია პირადი შემოწმების მონაცემები, რომლის მიხედვით შესამოწმებლის გადმოცემით, 06.12.17 წლის 15:00 საათიდან - 18:00 საათამდე ინტერვალში, მ------ ფ-----ეს, ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ურტყამდა მუშტებს თავში (სახეში). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და შესამოწმებელი პირი გადაყვანილი იქნა სამედიცინო კლინიკაში. შემოწმების მომენტში დაზარალებული უჩიოდა ტკივილს სახის არეში.
2.4. მ------ ფ-----ის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დაზარალებული 2017 წლის 6 დეკემბერს სახეზე დაზიანებებით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში ამბულატორიული მკურნალობისთვის, სადაც მას დაუდგინდა ცხვირის ტრავმა. სამედიცინო დოკუმენტაციით ასევე დგინდება, რომ პაციენტი უჩიოდა ცხვირის ტკივილს ტრავმის გამო.
2.5. #2------ შეტყობინებით დგინდება, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, თავად ძალადობის მსხვერპლმა მ------ ფ-----ემ მიმართა პოლიციის განყოფილებას და განუცხადა, რომ თ---–--–-- ნ-------–-- ქ.#5--ში, ძმამ მ------ ფ-----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.6. ბრალდებულმა მ------ ფ-----ემ საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული, დაადასტურა 2017 წლის 6 დეკემბერს დაზე - მ------ ფ-----ეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
2.7.სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების შინაარსი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გარდა ამისა, ასევე შეფასდა ბრალდებულის პოზიცია ბრალის აღიარებასთან მიმართებაში, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე დამტკიცებულად იქნა მიჩნეული მ------ ფ-----ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
2.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მ------ ფ-----ემ, 2017 წლის 6 დეკემბერს ფიზიკურად იძალადა დაზე მ------ ფ-----ეზე. მსხვერპლის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერები. გარდა ამ ჩანაწერებისა, სასამართლო დაზიანების მასშტაბის - ცხვირის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის მხედველობაში მიღებით, ობიექტურადაც ადგენს, რომ დაზიანების სიმძიმე გონივრულად გამოიწვევდა ტკივილის შეგრძნებას.
2.9.საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მსხვერპლი მ------ ფ-----ე არის მოძალადის მ------ ფ-----ის და. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება და, შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ოჯახში ჩადენილ ძალადობად.
2.10. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ------ ფ-----ის ბრალეულობა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------ ფ-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------ ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა - დანაშაულის რეციდივი და დაზიანების მასშტაბი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის სიმძიმეს - მ------ ფ-----ემ ძალადობის შედეგად მიიღო ცხვირის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, ასევე სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, როგორიცაა დანაშაულის რეციდივი და ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც პირობით ვადამდე ადრე იქნა გათავისუფლებული და იმყოფებოდა საპრობაციო რეჟიმში.
5.3. დანაშაულის რეციდივის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, კერძოდ: გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1---------- განაჩენით მ------ ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით- 15(თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 273-ე მუხლით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ------ ფ-----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16(თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 18 იანვრიდან.
2008 წლის 21 ნოემბრის, 2009 წლის 20 ნოემბრის და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ------ ფ-----ეს შეუმცირდა სასჯელი და საბოლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების საფუძველზე მოსახდელად განესაზღვრა 11(თერთმეტი) წლით და 3(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 1--------ის #0----------- გადაწყვეტილებით, მ------ ფ-----ე პირობით ვადამდე გათავისუფლდა 11(თერთმეტი) თვით და 6(ექვსი) დღით ადრე.
5.4. დანაშაულის ჩადენის დროს, 2017 წლის 6 დეკემბერს მ------ ფ-----ე იყო ნასამართლევი და პრობაციონერი პირი.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას მ------ ფ-----ისთვის სასჯელის სახედ და ზომად 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ზუსტად განმარტავს დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის წესს. ნორმის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარი იწყება 6 თვიდან, ხოლო მაქსიმალური ვადა არის 1 წლამდე. ამდენად, 1 წელზე ნაკლები სასჯელის განსაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს ეწინააღმდეგება კანონს - სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლს.
5.6. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მკაფიოდ ადგენს სასჯელის ნაწილის მოხდის განსაზღვრის შესაძლებლობას. მითითებული ნორმის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შემთხვევა არ აკმაყოფილებს ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას, ვინაიდან მოცემულ საქმეში დანაშაულის აღიარებასთან ერთად კუმულაციურად არ გვაქვს გამოძიებასთან თანამშრომლობა. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამოძიებამ დანაშაულის შესახებ ფაქტები დაადგინა და მტკიცებულებები მოიპოვა ბრალდებულის თანამშრომლობის გარეშე, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა გულისხმობს ბრალდებულის მხრიდან აქტიურ ქმედებებს - შედეგიან ხელშეწყობას დანაშაულის გახსნაში (მაგ: მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარება, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ბრალის აღიარებით და ა.შ) და არა პასიურ როლს, როგორც ეს მ------ ფ-----ის შემთხვევაში იყო. პასიურ როლზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის ადგილსამყოფელი თვეების განმავლობაში იყო დაუდგენელი. ბრალდებულ მ------ ფ-----ის დაკავება მოხერხდა მხოლოდ 2018 წლის 2 აპრილს, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში (გამოძიება დაიწყო 2017 წლის 6 დეკემბრს). ბრალდებულის დაკავება გახდა გამოძიების ფაქტობრივად დასრულების საფუძველი, ვინაიდან, დაკავების შემდეგ გამოძიებას ბრალდებულის თანამშრომლობის საფუძველზე რაიმე სახის მტკიცებულება არ მოუპოვებია. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის არარსებობიდან გამომდინარე.
5.7. ბრალდებულ მ------ ფ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების და დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ------ ფ-----ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (და-ძმა) მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და სინანულს, რაც აისახება საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს და აღნიშნულიდან გამომდინარე ნაცვლად სრული ან ნაწილობრივ შეკრებისა, გამოყენებული იქნება შთანთქმის პრინიციპი.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და დაზარალებულის მ------ ფ-----ის ცხვირის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემები ელექტრონულ დისკებზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ფ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად გაუქმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 1--------ის გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლება 11(თერთმეტი) თვისა და 6(ექვსი) დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) თვისა და 6(ექვსი) დღის ვადით და მ------ ფ-----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით მ------ ფ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და დაზარალებულის მ------ ფ-----ის ცხვირის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემები ელექტრონულ დისკებზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა