გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002328041
№2-821 /18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - დ--–------------ე
წარმომადგენელი - მ--–----------–---
მოპასუხე - შპს “B-----------------“
წარმომადგენელი - მ-----–---------ე
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დავალდებულდეს მოპასუხე შპს “B-----------------“ განახორციელოს მოსარჩელის კვერცხუჯრედით შექმნილი ემბრიონის ტრანსფერი სუროგატი დედის ორგანიზმი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ--–------------ე და გ--------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 2 სექტემბრიდან. წყვილს ქორწინების განმავლობაში არ შეეძინათ შვილი, მათ უშვილობის მიზეზის დასადგენად და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმჩენის მიზნით მიმართეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის წყვილს სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხე შპს “B-----------------“-მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. გ--------------ე პროფესიით იყო მეზღვაური და იგი გარდაიცვალა შრომითი მოვალეობის შესრულების დროს 2017 წლის 23 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გ--------------ის გარდაცვალების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ--–------------ემ და მისმა მეუღლემ, აწ. გარდაცვლილმა გ--------------ემ ერთობლივად მიმართეს მოპასუხე კლინიკას სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, რის შემდეგაც 2015 წლის 11 ივნისს მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება კვერცხუჯრედის მიღებისა და სათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ. ამავე დროს დამატებით იმავე მხარეებს შორის გაფორმდა თანხმობა კვერცხუჯრედის დონაციაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, წყვილმა, დ--–------------ემ და გ--------------ემ გამოხატეს ნება იმ მიზნით, რათა განხორციელებულიყო კვეცხუჯრედის დონაცია და ხელოვნური განაყოფიერება, როგორც დ--–------------ის ორგანიზმში, ასევე საჭიროების შემთხვევში სუროგატი დედის ორგანიზმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- კვერცხუჯრედის მიღების და დომანაცის შესახებ 2015 წლის 11 ივნისის ხელშეკრულებები ერთის მხრივ დ--–------------ესა და გ--------------ეს და მეორე მხრივ შპს “B-----------------“-ს შორის.
3.2.2. 2015 წლის 11 ივნისს ექიმსა და პაციენტებს (გ--------------ე და დ--–------------ე) შორის გაფორმდა შეთანხმება სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რაც გულისხმობდა აღებული კვერცხუჯრედის მეუღლის სპერმასთან ხელოვნური გზით ან მიკროინექციით განაყოფიერებას, განაყოფიერების შედეგად განვითარებული ემბრიონის მისთვის აუცილებელ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში შენახვას, ყველაზე საუკეთესო განაყოფიერებული ემბრიონის და რაოდენობის შერჩევას წყვილთან შეთანხმებით, ინვიტრო განაყოფიერებას და ემბრიონის ტრანსპლანტაციას. ასევე, ექიმის მიერ ჩამორთმეული იქნა ხელწერილი პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის შესახებ. გარდა ამისა, გ--------------ის მიერ მოპასუხე კლინიკაში ჩაბარებულ იქნა სპერმა განაყოფიერების მიზნით, რაც დასტურდება 2015 წლის 4 მარტის სპერმის შენახვის ხელწერილით, რომელიც დამოწმებულია გ--------------ის და დ--–------------ის ხელწერებით და კლინიკის ბეჭდით.
გარდა აღნიშნულისა დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ნოემბერს, წყვილსა და კვერცხუჯრედის დონორს შორის გაფორმდა დონაციის ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე კლინიკის მიერ როგორც გ--------------ეს, ისე დონორს ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო პროცედურები და შექმნილი იქნა რამდენიმე ჯანმრთელი ემბრიონი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შეთანხმება ექიმსა და პაციენტს შორის 2015 წლის 11 ივნისის;
- 2015 წლის 4 მარტის სპერმის შენახვის ხელწერილი;
- 2016 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულება წყვილსა და კვერცხუჯრედის დონორს შორის;
3.2.3. 2016 წლის 10 ნოემბერს ერთი მხრივ გ--------------ეს და დ--–------------ეს და მეორე მხრივ „სუროგატ დედას“ შორის გაფორმდა სუროგაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, „სუროგატი დედა“ და წყვილი (გ--------------ე და დ--–------------ე) შეთანხმდნენ რომ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდებოდა წინასწარ სამედიცინო ჩარევის შედეგად "პოტენციური მშობლების" (წყვილის) თანხმობით და მათი ნების საფუძველზე მიღებული ემბრიონ(ებ)ის გადატანა „სუროგატი დედის“ საშვილოსნოში, ხოლო „სუროგატი დედა“ ვალდებული იყო „პოტენციური მშობლებისაგან“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ, მშობიარობის დაწყებამდე მუცლით ეტარებინა ემბრიონ(ებ)ი, დაეცვა ორსულობის უსაფრთხოებისა და ბავშვის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სამედიცინო მოთხოვნები და ნაყოფის მომწიფების შემდეგ გაეჩინა ბავშვი, რომელსაც გადასცემდა პოტენციურ ერთ-ერთ მშობელს და თავიდანვე აცხადებდა თანხმობას იმაზე, რომ დაბადებული ბავშვის მშობლები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არსებული ჩანაწერებით იქნებოდნენ პოტენციური მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 10 ნოემბრის სუროგაციის ხელშეკრულება.
3.2.4. წყვილის ნების შესაბამისად, 2016 წლის 14 ნოემბერს ერთ-ერთი ემბრიონის ტრანსფერი განხორციელდა დ--–------------ის ორგანიზმში. მართალია ორსულობა თავდაპირველად აღმოჩნდა დადებითი, მაგრამ დ--–------------ეს 2017 წლის 21 მაისს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა, რის შედეგადაც მას შეეძინა დღენაკლული შვილი, გ-----------ე, რომელიც დაბადებიდან 21-ე დღეს გარდაიცვალა. ახალშობილი დღენაკლული დაიბადა და იგი გარდაიცვალა დაუზუსტებელი ბაქტერიული სეფსისის შედეგად, რაც დასტურდება გ-----------ის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობით. შესაბამისად, გ-----------ეზე დ--–------------ის ორსულობა ინვიტრო ანუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად წარუმატებელი აღმოჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ცნობა დ--–------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემული 2018 წლის 25 იანვარს;
- გ-----------ის დაბადების მოწმობა;
- გ-----------ის გარდაცვალების მოწმობა;
- გ-----------ის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
3.2.5. დადგენილია, რომ ვიდრე გ-----------ე დაიბადებოდა და შემდგომში გარდაიცვლებოდა, მანამდე 2017 წლის 23 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა მოსარჩელე დ--–------------ის მეუღლე გ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ--------------ის გარდაცვალების მოწმობა;
3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კლინიკაში დღემდე ინახება დ--–------------ის და გ--------------ის კუთვნილი რამდენიმე ჯანმრთელი ემბრიონი, რომლებიც შექმნილია გ--------------ის სიცოცხლეში და მისი ნების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ წყვილს გ--------------ის სიცოცხლეში ქონდა გამოხატული ნება და დადებული ქონდა ხელშეკრულება აღნიშნული ემბრიონების როგორც დ--–------------ის ორგანიზმში, ასევე სუროგატი დედის ორგანიზმში ტრანსფერის განხორცილების მიზნით. თუმცა დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული ხელშეკრულებები არ ყოფილა დამოწმებული სანოტარო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2016 წლის 10 ნოემბრის სუროგაციის ხელშეკრულება.
- შეთანხმება ექიმსა და პაციენტს შორის 2015 წლის 11 ივნისის;
- 2015 წლის 4 მარტის სპერმის შენახვის ხელწერილი;
- 2016 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულება წყვილსა და კვერცხუჯრედის დონორს შორის;
3.2.7. 2017 წლის 18 დეკემბერს დ--–------------ემ წერილობითი განცხადებით მიმართა მოპასუხე შპს “B-----------------“-ს და მოსთხოვა მისი და მისი აწ. გარდაცვლილი მეუღლის გ--------------ის კუთვნილი ემბრიონის ტრანსფერის განხორციელება სუროგატი დედის ორგანიზმში. აღნიშნულზე კლინიკის 2017 წლის 20 დეკემბრის N24 წერილით დ--–------------ეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სუროგაციის ხელშეკრულებაზე გ--------------ის ხელმოწერა არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ--–------------ის 2017 წლის 18 დეკემბერის განცხადება;
- კლინიკის 2017 წლის 20 დეკემბრის N24 წერილი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლი, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.
ამავე კანონის 144-ე მუხლის შესაბამისად, ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთაღნიშნული მუხლების თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერება და შემდგომ ემბრიონის სუროგატი დედის საშვილოსნოშო გადატანა ხდება წყვილის შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, კანონი რეგულირების გარეშე ტოვებს საკითხს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს დავა მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში და რა ბედი უნდა ეწიოს უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს - ემბრიონს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის პირობებშიც, სასამართლო ვალდებულია განიხილოს და გადაწყვიტოს დავა.
6.2. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს “B-----------------“-მა მხოლოდ იმ მიზეზით უთხრა უარი დ--–------------ეს მისი კუთვნილი ემბრიონის სუროგატი დედის ორგანიზმში ტრანსფერის განხორციელებაზე, რომ სუროგაციის ხელშეკრულებაზე განხორციელებული აწ. გარდაცვლილი გ--------------ის ხელმოწერა არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანობნის 143-ე მუხლი არ ითვალისწინებს წყვილის წერილობითი თანხმობის დამოწმებას ნოტარიულად იმ მიზნით, რათა განხორციელდეს მათი ნების საფუძველზე შექმნილი ემბრიონის ტრანსფერი სუროგატი დედის ორგანიზმში. კანონის ნორმა ითვალისწინებს წყვილის მხოლოდ წერილობით თანხმობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობს და მხარეებს შორის სადაო არ არის. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან "სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად "ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად". ანუ ეს კანონიც პირდაპირ არ ითვალისწინებს წყვილის კუთვნილი ემბრიონის სუროგატი დედის ორგანიზმში ტრანსფერის განხორციელების მიზნით ნოტარიულად რაიმე თანხმობის დამოწმებას. რაც შეეხება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანების მე-19 მუხლს, აღნიშნული ნორმა არეგულირებს არა ემბრიონის სუროგატი დედის ორგანიზმში ტრანსფერის განხორციელების საკითხს, არამედ, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საკითხს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ვერ გამოდგება, დ--–------------ის მოთხოვნაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად. მოპასუხე კლინიკა ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის მოქმედებები, რომლებიც წყვილთან დადებული წერილობითი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული და კლინიკას ასეთი მოქმედებების განხორციელებისათვის არა აქვს უფლება დ--–------------ეს მოსთხოვოს იმაზე მეტი დოკუმენტი, ვიდრე ამას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
6.3. სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ მითითებული დავა უაღრესად სენსიტიურია და მოიცავს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ, ეთიკურ და მორალურ დილემასაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი მრავალ სამართლებრივ, ეთიკურ თუ მორალურ კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა სფეროებში და ერთი შეხედვით მარტივი საკითხი შესაძლებელია, ურთულეს პრობლემად მოგვევლინოს. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემა წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ შესაძლებელი გახდა ადამიანის ემბრიონის მიღება ხელოვნურად, დედის საშვილოსნოს გარეთ. შესაბამისად, შესაძლებლია, არსებობდეს დროის გარკვეული შუალედი ემბრიონის შექმნასა და საშვილოსნოში მის იმპლანტაციას შორის. ეს პერიოდი რასაკვირველია, მოითხოვს შესაბამის რეგულირებას. ამასთან, მითითებული საკითხის შეფასება და მოწესრიგება უნდა განხორციელდეს მხარეთა უფლებების, საპირისპირო ინტერესების გაანალიზებისა და, მათ შორის, სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გახდე ან არ გახდე მშობელი წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შემადგენელ ნაწილს. თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადამიანის არჩევანის თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასამართლო მიუთითებს, რომ ერთის მხრივ, შთამომავლობის ყოლა არის ადამიანის ბუნებრივი დანიშნულება, მოთხოვნილება, მისი სოციალური მისია საკუთარი თავის, საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე.
ადამიანის თვითრეალიზება, ცხოვრების არსისა და თვითმყოფადობის შეგნება სწორედ რომ შთამომავლის არსებობის პირობებში ჰპოვებს სრულ გამოხატულებას. შვილის ყოლა არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც იწვევს ადამიანური ღირებულებებისა და პრიორიტეტების გადაფასებას, პიროვნული განვითარებისა და მორალური სრულყოფისაკენ სწრაფვას. ეს არის, ასევე, ადამიანური ცოდნის, მიღწევების, ღირებულებებისა და მორალის შთამომავლობით გადაცემის საშუალება. ამასთან, გენეტიკური შთამომავლის არსებობა დამატებითი დატვირთვის მატარებელია და ქმნის ადამიანური არსებობის მუდმივობის განცდას, ვინაიდან ადამიანის გენეტიკური კოდი აგრძელებს არსებობას. შესაბამისად, პირადი ცხოვრების აღნიშნული ასპექტის რეალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული, ისე სოციალური დანიშნულების კუთხით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კლინიკაში დღემდე ინახება დ--–------------ის და გ--------------ის კუთვნილი რამდენიმე ჯანმრთელი ემბრიონი, რომლებიც შექმნილია გ--------------ის სიცოცხლეში და მისი ნების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ წყვილს გ--------------ის სიცოცხლეში ქონდა გამოხატული ნება და დადებული ქონდა ხელშეკრულება აღნიშნული ემბრიონების როგორც დ--–------------ის ორგანიზმში, ასევე სუროგატი დედის ორგანიზმში ტრანსფერის განხორცილების მიზნით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხე კლინიკაში განთავსებული მოსარჩელის კვერცხუჯრედის განაყოფიერებით მიღებული ემბრიონის სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანა არის მოსარჩელის ერთადერთი შანსი გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. აღნიშნულის გარეშე მოსარჩელეს წაერთმევა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წამოადგენს ადამიანის არსებობის უმთავრეს დანიშნულებას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--–------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დავალდებულდეს მოპასუხე შპს “B-----------------“-ი განახორციელოს დ--–------------ის და აწ. გარდაცვლილი გ--------------ის კუთვნილი ემბრიონის ტრანსფერი სუროგატი დედის ორგანიზმი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს დ--–------------ის სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. დავალდებულდეს მოპასუხე შპს “B-----------------“ განახორციელოს დ--–------------ის და აწ. გარდაცვლილი გ--------------ის კუთვნილი ემბრიონის ტრანსფერი სუროგატი დედის ორგანიზმი.
1.2. მოპასუხე შპს “B-----------------“ დაეკისროს დ--–------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე