გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14840-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აგვისტო, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე: ჰ------ ა--- ჩ--------
მოსარჩელის წარმომადგენელი: ა-- ს--------- ი-–----ი
მოპასუხე: შპს „შ----------------ი“
მოპასუხის წარმომადგენლები: ნ----- ქ---------–-–---–ი, ქ------- ზ---------–ი, ვ------- ს-----–-–---–ი
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „შ----------------ის“ 2018 წლის 26 აპრილის #0---- ბრძანება ჰ------ ა--- ჩ--------ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.2. შპს „შ----------------ს“ მოსარჩელე ჰ------ ა--- ჩ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა 24 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 72 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა: იხ. 2018 წლის 09 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ჰ------ ა--- ჩ-------- შპს „შ----------------ში“ 2000 წლიდან მუშაობს კონსულტანტის თანამდებობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ აქვს კომპანიაში უწყვეტად მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, იგულისხმება, რომ დასაქმებულია განუსაზღვრელი ვადით. ხელფასი ბოლო წლების განმავლობაში ერიცხებოდა 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სარჩელში მითითებულია, რომ შვებულებაში ყოფნის დროს, 2018 წლის 18 აპრილს დამსაქმებელმა მას გაუგზავნა შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც ერთვოდა 2018 წლის 15 მარტით დათარიღებული მიმართვა #0----. წერილის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ საშვებულებო ანაზღაურების დროულად მისაღებად მას უნდა მოეწერა მიმართვაზე ხელი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულმა ქმედებამ დაადასტურა დამსაქმებლის სურვილი, გაეთავისუფლებინა დასაქმებული სამსახურიდან, რისთვისაც იყენებდა ყველაზე აპრობირებულ და მარტივ გზას - ორგანიზაციულ ცვლილებებს და 2 თვის კომპენსაციით გადაწყვიტა დასაქმებულის გათავისუფლება.
სიმართლეს არ შეესაბამება 2018 წლის 30 აპრილის წერილის პასუხად დამსაქმებლის განმარტება, თითქოს მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე. რეალურად, მოლაპარაკება მოპასუხესთან შედგა მხოლოდ ხელფასის შემცირებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რის გამოც გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა. აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „შ----------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არსებობის, ისევე როგორც 2018 წლის 26 მარტიდან მოსარჩელის ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის ფაქტი. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შვებულებაში ყოფნის დროს, 2018 წლის 2 აპრილს, მოსარჩელემ მისთვის გაუგებარი მიზეზით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწერა წერილი, სადაც ითხოვდა მისი შვებულებაში ყოფნის ფაქტის დადასტურებას. პასუხად, 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხემ გაუგზავნა საპასუხო წერილი, რომელსაც კიდევ ერთხელ დაერთო 2018 წლის 5 აპრილის მიმართვა და განემარტა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა მხარე ანაზღაურებად შვებულებაში 26 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 4 აპრილს ჰ------ ა--- ჩ--------ს ჩაერიცხა ხელფასი სრულად. რაც შეეხება გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, მოსარჩელე თავს არიდებდა აღნიშნული დოკუმენტის ჩაბარებას.
მოსარჩელის მიერ მითითებული და სადავოდ გამხდარი 18 აპრილის წერილით კი დამსაქმებელი ითხოვდა ხელმოწერას კომპენსაციის თანხის და არა აპრილის თვის ხელფასის ჩასარიცხად.
რაც შეეხება კომპანიაში არსებულ მდგომარეობას და მოსარჩელის რეალური დამსაქმებლის ვინაობას, შესაგებელში მხარე განმარტავს, რომ კომპანია „შ----------------ი“ წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც უწევს დისტრიბუციას ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რამდენიმე ბრენდს. მოსარჩელე დასაქმებული იყო კონკრეტულად უ---–-----ის ბრენდის მიმართულებით, კონსულტანტის თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ინტენსივობა დამოკიდებული იყო უ---–-----ის წარმომადგენლის მოთხოვნებზე. კერძოდ, მოსარჩელეს ევალებოდა სხვადასხვა ინფორმაციისა და რეპორტინგის მიწოდება, რომელსაც აგროვებდა მის დაქვემდებარებაში არსებულ ჯგუფთან ერთად. ვინაიდან ბრენდს აღარ ესაჭიროებოდა აღნიშნული ფუნქციების შესრულება, საჭიროების არარსებობის გამო, აუცილებელი გახდა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფის გათავისუფლება და უ---–-----ის განყოფილების საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსარჩელე. საორგანიზაციო ცვლილებების თაობაზე მოსარჩელისთვის ცნობილი იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჰ------ ა--- ჩ-------- მუშაობდა შპს „შ----------------ში“ კონსულტანტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულებები (ს.ფ. 18-22);
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. ჰ------ ა--- ჩ-------- იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში 2018 წლის 26 მარტიდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 19.03.2018წ. მიმართვა (ს.ფ. 125;
- 25.03.2018წ. ბრძანება (ს.ფ. 124).
3.1.3. 2018 წლის 26 აპრილის #0---- ბრძანებით კონსულტანტი ჰ------ ა--- ჩ-------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2018წ. ბრძანება (ს.ფ. 179)
3.1.4. 2018 წლის 15 მარტის #0---- მიმართვით ეცნობა ჰ------ ა--- ჩ--------ს, რომ კომპანიაში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების გამო აუცილებელი გახდება ძალების შემცირება, რის გათვალისწინებითაც 2018 წლის 26 აპრილიდან შეწყდება მასსა და კომპანიას შორის არსებული შრომითი ურთიერთობა.
აღნიშნული მიმართვის ჩაბარებას მოსარჩელე ადასტურებს 2018 წლის 18 აპრილის თარიღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელ. ფოსტიდან ამონაწერი (ს.ფ.24;
- მიმართვა #0---- (ს.ფ. 25);
3.1.5. შპს „შ-----------------ის“ მიერ ჰ------ ა--- ჩ--------ს გარდა სამსახურიდან გათავისუფლდნენ სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის ს--–---- მ---------ე, ნ---- ქ-------ე, ლ-- ტ------ე, ნ---- კ-----ე, ნ--- ლ------ე და ქ--------- ყ-----–---–ი. თითოეულ მათგანს მიეცა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანებები, მიმართვები (ს.ფ. 180-191).
3.1.6. შპს „შ----------------ი“ არის სადისტრიბუციო კომპანია, რომლის ბრენდის განყოფილებაშიც 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შედის ისეთი სტრუქტურული ერთეულები, როგორიცაა უ---–-----ი და უ---–----- საკონსულტაციო და რეპორტინგის განყოფილება.
2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ორგანიზაცია შპს „შ----------------ის“ შემადგენლობაში აღარ შედის უ---–----- საკონსულტაციო და რეპორტინგის განყოფილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ორგანიზაციის საშტატო განლაგება (ს.ფ. 167-178).
3.1.7. 2018 წლის 10 იანვრის #0------ ბრძანებით ვინაიდან უ---–-----ის ბრენდის მწარმოებელმა პარტნიორმა კომპანიამ შეცვალა საქმიანობის სტრატეგია, შპს „შ----------------ის“ უ---–-----ის განყოფილების საკონსულტაციო ჯგუფი გაუქმდა ეტაპობრივად 2018 წლის 25 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 10.01.2018წ. ბრძანება #0------ (ს.ფ. 131).
3.1.8. მოსარჩელე ჰ------ ა--- ჩ--------ს აპრილის თვის ხელფასი ჩაერიცხა 04 აპრილს, 7 178.70 ლარის ოდენობით, ხოლო კომპენსაცია (2 თვის ანაზღაურება) – 2018 წლის 13 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული საგადახდო დავალება #30549 (ს.ფ.130);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ჰ------ ა--- ჩ-------- შპს „შ----------------ში“ წარმოადგენდა უ---–-----ის წარმომადგენელს და მისი ფუნქცია-მოვალეობებიც შემოიფარგლებოდა უ---–-----ის საქმიანობის გათვალისწინებით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არსებობდა შპს "შ----------------ში" ორგანიზაცილი ცვლილებების გატარების აუცილებლობა. მართალ--, ჰ------ ა--- ჩ-------- მუშაობდა შპს "შ----------------ში", თუმცა იგი წარმოადგენდა უ---–-----ის ბრენდს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით და წერილებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ უ---–-----ის „დაკვეთით“ შექმნილ განყოფილებას წარმოადგენდა მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი საკონსულტაციო ჯგუფი. შესაბამისად, მისი საქმიანობაც უშუალოდ მას ეხებოდა, რაც განაპირობებდა სწორედ ამ კომპანიის ნების არსებობას ხსენებული საკონსულტაციო ჯგუფის არსებობასთან დაკავშირებით. ეს ნება კი არსებობდა იმ დრომდე, ვიდრე უ---–-----ი აზერბაიჯანში შექმნიდა ფილიალს და აღარ ექნებოდა საქართველოში დამხმარე ჯგუფის არსებობის საჭიროება. აღნიშნული ფაქტი დასტურდება მიმოწერით, კერძოდ კი 2018 წლის 12 ივლისის წერილით, რომლის ადრესატიც გახლავთ ს---–------ მ------–---–ი და სადაც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და განხორციელებული ცვლილებების მიზეზებს. კერძოდ, აღნიშნული წერილით, რასაც ასევე ამყარებს მოწმეთა ჩვენებებიც, სასამართლოსთვის ნათელია, რომ შპს "შ----------------ი" ნამდვილად ახდენდა პირთა დასაქმებას უ---–-----ის მენეჯმენტის საჭიროებებიდან გამომდინარე და მისი ბიზნესის დასახმარებლად. წერილიდან ნათლად იკვეთება, რომ ეს პირები არ წარმოადგენენ უ---–-----ის თანამშრომლებს, მაგრამ მათი გამოყენება ხდებოდა მათი საქმის შესასრულებლად. წერილში მითითებულია, რომ განხორციელდა დეპარტამენტის სტრუქტურის გარკვეული ცვლილება, შეიცვალა პოზიციების კვალიფიკაციები, როგორიცაა მაგალითად ჰ------ის პოზიცია. ამასთან, ვინაიდან გარკვეული სამუშაო უნდა განხორციელებულიყო აზერბაიჯანის ოფისში, აღარ იყო კონკრეტული საქმის საქართველოში კეთების საჭიროება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების - ლ--–- ხ--–-–---–ისა და ვ-–-------- მ------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ ჰ------ ა--- ჩ--------ს ხარჯები, მათ შორის ხელფასი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით, შესაბამისი ინვოისების გამოწერის შემდეგ სრულად ანაზღაურდებოდა უ---–-----ის მიერ დაახლოებით კვარტალში ერთხელ. აღნიშნული გარემოებაც ნათელს ხდის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსს, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ მართალია შრომითი ხელშეკრულება არსებობდა დავაში მონაწილე პირებს შორის, მაგრამ რეალურად მოსარჩელე წარმოადგენდა უ---–-----ის წარმომადგენელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ აღარ იარსებებდა მისი წარმომადგენლობის საჭიროება, არც მოპასუხე კომპანია იქნებოდა ვალდებული მოეხდინა მოსარჩელის და მისი ჯგუფის შტატების შენარჩუნება. მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის ხელფასი არ შეესაბამებოდა მოპასუხე ორგანიზაციის სტანდარტს და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მსგავს თანამდებობაზე არსებული სხვა ბრენდების წარმომადგენლების ხელფასის ოდენობას.
3.2.2. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ 2018 წლის 18 აპრილს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილი ეხებოდა სწორედ გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ჩაბარებასა და კომპენსაციის თანხის ჩარიცხვის თაობაზე ინფორმაციაზე ხელმოწერის მოთხოვნას და არა აპრილის ხელფასის ჩარიცხვის საკითხს, როგორც ამას მიუთითებდა მოსარჩელე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილის შინაარსზე, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ წერილის ავტორი ითხოვს ხელმოწერას გაფრთხილებაზე #0---- კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღების მიზნით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას ეხება აღნიშნული საკითხი და არა საშვებულებო ხელფასის, რაზეც აპელირებდა მოსარჩელე. აღნიშნულს ადასტურებს გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც, საიდანაც ირკვევა, რომ 04 აპრილს ჩაერიცხა კუთვნილი ხელფასი დასაქმებულს.
3.2.3. შპს „შ----------------ში“ განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოჩვენებით განხორციელებულ ცვლილებას და ის გამომდინარეობდა არსებული საჭიროებებიდან.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებისას, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, ანუ შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით ორგანიზაციის სტრუქტურის ცვლილებების გამო, რამაც გამოიწვია მანამდე არსებული სტრუქტურული ერთეულის გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.
სასამართლომ დაადგინა, რომ უ---–-----ის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იყო შექმნილი მოპასუხე ორგანიზაციაში ისეთი სტრუქტურული ერთეული, როგორიც იყო უ---–----- საკონსულტაციო და რეპორტინგის განყოფილება. ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული შემდგომში ისევ უ---–-----ის მოთხოვნით იქნა გაუქმებული და არა საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, ამ პირობებში, მოსარჩელის განმარტება, თითქოს ეს ცვლილება მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, სასამართლოსთვის უსაფუძვლოა.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლ--ნად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრების ჭრილში მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მთელ რიგ საქმეებში (მათ შორის, 2016 წლის 29 ივლისის საქმე №ას-194-185-2016; 2015 წლის 18 მარტის საქმე №ას-1276-1216-2014; 2015 წლის 23 მარტის საქმე №ას-122-114-2015). ხსენებულ პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს.
ამდენად, დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელთა გამოც შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. მან უნდა დაასაბუთოს მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს რეორგანიზაციის საჭიროების დასაბუთების აუცილებლობას. განსახილველ დავაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მისი ქმედების მართლზომიერება და კანონიერება, რაც გამოიხატა უ---–-----ის საკონსულტაციო და რეპორტინგის განყოფილების გაუქმებაში და ამ განყოფილებაში დასაქმებული პირების გათავისუფლებაში, შესაბამისი კომპენსაციის გადახდით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაადასტურა სტრუქტურული ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რამაც გამოიწვია უ---–-----ის საკონსულტაციო და რეპორტინგის განყოფილების გაუქმება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი
საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს შპს „შ----------------ის“ გადაწყვეტილებიდან, გაეთავისუფლებინა ჰ------ ა--- ჩ-------- კონსულტანტის თანამდებობიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
სასამართლო თავდაპირველად ზოგადად განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელმა - ანუ ურთიერთობის შეწყვეტისაკენ გამოვლენილი ნების ინიციატორმა და ავტორმა, უნდა დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება:
დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის (ასეთი შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, საქმისწარმოების უკეთესად ორგანიზება თუნდაც ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხარჯზე, ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული ფინანსური წყაროების გამოთავისუფლება და სხვა). ხშირ შემთხვევებში, რეორგანიზაცია იწვევს შტატების შემცირებას, თუმცა განსახილველ საქმეში ასეთი გარემოება არ არის. მოპასუხე კომპანიაში გაუქმდა ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული და ეს გარემოება გამოიწვია თავად პარტნიორი კომპანიის მოთხოვნის არარსებობამ, კიდევ ეარსება მისი ფუნქციების შესასრულებლად რაიმე განყოფილებას.
ამის შემდეგ, საკვლევ საკითხს უკვე წარმოადგენს თვითონ რეორგანიზაციისა (თუ შტატების შემცირების) ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც მან წამოიწყო ეს ცვლილებები, მიღწეული იქნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში არ მოხდება თუნდაც თვალთმაქცური რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით.
დამსაქმებელმა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს (მას შემდეგ რაც ის სასამართლოს დაუსაბუთებს ასეთი პროცესის დაწყების ლეგიტიმურ მიზანს), უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში. მან სასამართლოს უნდა დაანახოს ის ცვლილებანი, რომელიც განიცადა თუნდაც ორგანიზაციის სტრუქტურამ (ე.წ. „სტრუქტურული ხე“), საშტატო განრიგმა; მან უნდა წარმოაჩინოს რეალური ცვლილებების ამსახველი დოკუმენტაცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს შემოწმების პროცესი არ უნდა იყოს იმდენად მკაცრად შეფასებული, როგორც შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული გათავისუფლების სხვა საფუძვლები. გარკვეულწილად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კომპანიის მმართველობითი ტაქტიკა და პოლიტიკა. გერმანიაში, ფედერალურმა შრომის სასამართლომ იმსჯელა, რომ სასამართლოები არსებითად ვერ შეაფასებენ ბიზნეს გადაწყვეტილებას და ვერ უკარნახებენ ბიზნესს უკეთეს და მეტად მისაღებ სამეწარმეო პოლიტიკას. სასამართლოები ამოწმებენ მხოლოდ იმას, მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა ცალსახად არარაციონალური, დაუსაბუთებელი და მიანიშნებს უფლების ბოროტად გამოყენებაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებს სტრუქტურის შეცვლა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, მართვის ოპტიმიზაცის იწვევს თუ არა ახალი სტრუქტურა და ა.შ.
აქვე სასამართლო გამოყოფს და გამოავლენს კიდევ ერთ ე.წ. „საფეხურს“, რომელიც უნდა გაიაროს დამსაქმებლის მიერ მიღებულმა სადავო გადაწყვეტილებამ, რათა იგი ჩაითვალოს ლეგიტიმურად და კანონიერად.
რეორგანიზაციის მოტივით პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმების დროს უნდა დადგინდეს, რა შინაარსის რეორგანიზაცია, სტრუქტურული ცვლილებები მოხდა ორგანიზაციაში, შეიცვალა თუ არა სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობების ფუნქცია, ხომ არ გაჩნდა ახალი საკვალიფიკაციო და პროფესიული მოთხოვნები. ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებები თავისთავად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არის, თუ მას არ ახლავს მაგალითად სამუშაო ძალთა შემცირება, ორგანიზაციის და კონკრეტულ თანამდებობათა ფუნქციების ცვლილება. რეორგანიზაციის მოტივით სამუშაოდან გათავისუფლებისას არ უნდა დაირღვეს საყოველთაო თანასწორობის პრინციპი, დაუშვებელია დისკრიმინაცია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-414-391-2014). შესაბამისად, რეორგანიზაციის დროს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად ადგილი ჰქონდა: შტატების შემცირებას ან თანამდებობრივი ფუნქციების შეცვლას.
განსახილველ დავაში სასამართლოს მოსაზრებით, შპს „შ----------------მა“ შეძლო წარმოეჩინა რეალური სურათი, რასაც მოყვა რეორგანიზაცია და კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის გაუქმება და განყოფილებაში დასაქმებული ყველა თანამშრომლის გათავისუფლება. მოპასუხემ ასევე შესთავაზა დასაქმებულს სხვა ალტერნატიული სამუშაო, ნაკლები ხელფასით, თუმცა ჰ------ ჩ--------მ უარი განაცხადა. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ მოპასუხის ყველა ქმედება მიმართული იყო მოეხდინა მისი გათავისუფლება სამსახურიდან, მოკლებულია საფუძველს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ არის დასაბუთებული.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის განსაზღვრავს, რომ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
განსახილველ დავაში შპს „შ----------------ის“ მიერ ჰ------ ა--- ჩ--------ს მიეცა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო მოსარჩელე პირვანდელ სამუშაოზე უნდა აღდგეს, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტოლფას სამუშაოზე მისი დასაქმება. ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მართლზომიერად, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც. რაც შეეხება ტოლფას პოზიციაზე აღდგენას, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელეს აღარ დაუყენებია აღნიშნული საკითხი და ამდენად სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს ეს მოთხოვნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს ჰ------ ა--- ჩ--------ს სარჩელი შპს „შ----------------ის“ მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის და ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური