გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002305566
საქმე #2/121-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.09.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)- მა-------–-------–---–ი
წარმომადგენელი - ალ-------------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ვე------ ლ-------–---–ი
წარმომადგენელი - ლი---------–---–ი
მესამე პირი - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“
წარმომადგენელი - თა---------------–---–ი
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით (დაზუსტებული):
· შეწყდეს მოსარჩელე მა-------–-------–---–ს და მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ს შორის 2016 წლის 14 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება;
· მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის ან-------- ლ-------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე.
(იხ. სასამართლოს 04.09.18 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:32:28-15:33:21 სთ. 15:57:19-15:16:00 სთ, 16:07:57-16:09:00 სთ)
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვე------ ლ-------–---–თან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი ან-------- ლ-------–---–ი. მეუღლეები ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. თბილისში მოპასუხის საცხოვრებელ სახლში, თუმცა მოპასუხე არ ზრუნავდა ოჯახის რჩენა-შენახვაზე, ჰქონდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორც მოსარჩელის, აგრეთვე შვილის მიმართ. 2018 წლის იანვრის თვეში მოსარჩელემ შვილთან ერთად დატოვა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. შვილის რჩენა-აღზრდაში მოსარჩელეს ეხმარებიან მისი მშობლები. მოპასუხე კი თავს არიდებს ბავშვის რჩენის ვალდებულებას.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
· ვე------ ლ-------–---–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი ან-------- ლ-------–---–ი წაიყვანოს ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ერთი წლის ასაკამდე, ხოლო ერთი წლის ასაკიდან ვე------ ლ-------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვი ყოველი კვირის შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 19:00 საათამდე.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მა-------–-------–---–თან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი ან-------- ლ-------–---–ი. 2018 წლის იანვრის თვეში მოპასუხემ მშობლების ხელშეწყობით წაიყვანა შვილი და წავიდა საცხოვრებლად ყვ----–----------ის სოფელ ზ--------ში თავის მშობლებთან, სადაც დღემდე ცხოვრობს.
2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ვე------ ლ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო, ალიმენტის ნაწილში მისი 50 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე მა-------–-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელი ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ თანახმაა ვე------ ლ-------–---–ს მიეცეს შვილის ნახვის უფლება ნებისმიერ დროს, ვინაიდან ბავშვს ნამდვილად ესაჭიროება მამასთან ურთიერთობა. მა-------–-------–---–ის თანახმაა 2 წლის ასაკიდან მამამ წაიყვანოს ბავშვი დატოვების უფლებით ყოველი კვირის შაბათ დღეს და კვირა დღეს დააბრუნოს.
(იხ. სასამართლოს 04.09.18 წლის სხდომის აუდიო ჩანაწერი 15:37:20-15:40:55 სთ)
2.3. მესამე პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა თა---------------–---–მა განმარტა, რომ იგი გაეცნო სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის თანახმად ვე------ ლ-------–---–ს არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები, არ გააჩნია შემოსავალი და გაუგებარია როგორ შეძლებს იგი ყოველ შაბათ-კვირას ბავშვის წაყვანას. პირველ ეტაპზე მამას უნდა მიეცეს უფლება ინახულოს შვილი, ვინაიდან აუცილებელია მამას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან მისი სრულფასოვანი განვითარებისთვის და აღზრდისთვის. შესაბამისად აღნიშნულ პირობებში იგი წინააღმდეგია ერთ წლამდე მამამ წაიყვანოს თავისთან შვილი მისივე საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე. თუ მამას არ გამოუსწორდა საცხოვრებელი პირობები და ფინანსური მდგომარეობა წინააღმდეგია ბავშვის წაყვანის უფლების მიცემაზე.
(იხ. 04.09.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:09:15-16:12:17 სთ)
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 მა-------–-------–---–ი და ვე------ ლ-------–---–ი 2016 წლის 14 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში წყვილი ქ. თბილისში ცხოვრობდა. 2017 წლის 24 ოქტომბერს შეეძინათ შვილი ან-------- ლ-------–---–ი.
3.1.2. მოსარჩელე და მოპასუხე 2018 წლის იანვარში დაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამჟამად მა-------–-------–---–ი არასრულწლოვან ან-------- ლ-------–---–თან ერთად ყვ----–----------ის სოფელ ზ--------ში ცხოვრობს.
3.1.3. ყვ----–----------ული განყოფილების სოციალური სამსახურის დასკვნის თანახმად, მა-------–-------–---–თან არასრულწლოვანი ბავშვისთვის შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.
3.1.4. ვე------ ლ-------–---–ი უმუშევარია. ცხოვრობს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის #13-ში მდებარე ერთოთახიან ბინაში, რომელიც გასარემონტებელი და მოსაწესრიგებელია. ბინაში სანიტარულ ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. ბინა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.
3.1.5. ვე------ ლ-------–---–ს საბანკო ანგარიშებზე ბრუნვა არ აქვს და შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად მას 01.01.2017-დან 28.02.2018-ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
3.1.6. სოციალური მუშაკის რეკომენდაციის მიხედვით ან-------- ლ-------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ან--------ს კავშირი ჰქონდეს, როგორც დედასთან ისე მამასთან, ვინაიდან ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ორივე მშობელთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17; 19);
- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები (ს.ფ. 98-99; 128-129);
- მა-------–-------–---–ის განმარტება (იხ. სასამართლოს 04.09.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება მხარეების მიერ სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი განქორწინების და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ ევროპული კონვენცია;
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამართლებრივი შეფასება ძირითადი სარჩელის ნაწილში:
6.1.1. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განქორწინება ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. დაუშვებელია რომელიმე მხარის ნების საწინააღმდეგო ქორწინება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო ვინაიდან ოჯახის აღდგენა და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში. მხარებმა მიუთითეს, რომ 2018 წლის იანვრიდან ერთმანეთს დაშორდნენ და მას შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამდენად, მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლები. ამიტომ, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს მოსარჩელე მა-------–-------–---–ს და მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ს შორის 2016 წლის 14 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება.
6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 02 ივლისიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად,1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე.2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფნ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. 3. მონაწილე სახელმწიფოები ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობები ფარგლებში მიმართავენ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალურ დახმარებას უწევენ და ხელს უწყობენ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრამებს.
ამდენად, მოცემული კონვენციით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - მა-------–-------–---–თან ერთად. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც მოსარჩელემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, იგი აღარ არის აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებული. მოპასუხის განმარტებით იგი არ მუშაობს, მისი დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების არქონის ფაქტი მოსარჩელემაც დაადასტურა, მაგრამ გასათვალისწინებელია გარემოება მისი შრომისუნარიანობის შესახებ.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ამდენად, მითითებული ნორმის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს და მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებლობის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ან-------- ლ-------–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის გარეშე დარჩენას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვე------ ლ-------–---–ის ოფიციალურ და სტაბილურად დასაქმების ფაქტს, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის მხრიდან სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
ამრიგად, სამართლებრივი რეგულაციების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების მატერიალური მდგომარეობისა და დადგენილი საარსებო მინიმუმის (იხ. ინფორმაცია ვებგვერდზე ), აგრეთვე ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.
6.2. სამართლებრივი შეფასება შეგებებული სარჩელის ნაწილში:
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ოქმი №7) მე-5 მუხლის მიხედვით, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-------–-------–---–ი და მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2017 წლის 24 ოქტომბერს შეეძინათ შვილი ან-------- ლ-------–---–ი. მხარეები ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ან-------- ლ-------–---–ი კი დედასთან ერთად ცხოვრობს.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოცილურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა. ამასთან, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, სასამართლო მიუთითებს რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მა-------–-------–---–მა შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ არასრულწლოვან შვილთან მამას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა და მზად არის თავის მხრივ ხელი შეუწყოს მათ. აგრეთვე მიუთითა, რომ ვე------ ლ-------–---–ს უფლება აძლევს ნებისმიერ დროს იქონიოს ურთიერთობა შვილთან, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე ყოველკვირა წაყვანის უფლებას ვერ მისცემს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვე------ ლ-------–---–ის მოთხოვნა ბავშვის თავისთან წაყვანის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბავშვი მცირეწლოვანია და ამ ასაკში ბავშვები უფრო მეტად დედის მხრიდან მზრუნველობაზე არიან დამოკიდებულები. ამავდროულად მხარეთა საცხოვრებელი ადგილები ერთმანეთისგან საკმაო მანძილით არის დაშორებული. ვე------ ლ-------–---–ი ქ. თბილისში ცხოვრობს მა-------–-------–---–ი კი ყვ----–----------ის სოფელ ზ--------ში. მანძილი მშობლების საცხოვრებელი ადგილებს შორის არის მნიშვნელოვანი გარემოება და სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანი ბავშვისთვის ყოველკვირა შორ მანძილზე მგზავრობა რთული და დამღლელი იქნება, რაც მასზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, ერთი წლის ასაკიდან საცხოვრებელი ადგილის ყოველკვირეულად თუნდაც დროებით შეცვლა ვერ იქნება ბავშვისთვის სასიკეთო. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია რომ ვე------ ლ-------–---–ს ბავშვის ორი წლის ასაკამდე მიეცეს ქ. თბილისში წაყვანის უფლება. ამიტომ, მამა უნდა ეცადოს ორი წლის ასაკამდე ბავშვთანი ქონიოს ხშირი ურთიერთობა, რათა მის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის შემთხვევაში ბავშვს არ შეექმნას დისკომფორტი და დედასთან თუნდაც ერთი ღამით დაშორება არ გახდეს მისთვის უარყოფითი განცდის გამომწვევი მიზეზი. ორი წლის ასაკიდან კი ვე------ ლ-------–---–ს უნდა მიეცეს თვეში ერთხელ წაიყვანოს ბავშვი თავისთან შაბათ დღეს და კვირას დააბრუნოს დედასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე ვე------ ლ-------–---–ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, ვე------ ლ-------–---–ს უნდა მიეცეს უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ან-------- ლ-------–---–ი ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უნდა მიეცეს უფლება ყოველი თვის ერთ-ერთი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში და კვირა დღეს 19:00 საათზე ბავშვი დააბრუნოს დედასთან - მა-------–-------–---–თან.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების საქმეებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სარჩელის, აგრეთვე შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, მხარეები რეგისტრირებულები იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდნენ შემწეობას. შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულები იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამიტომ, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 208-ე, 243-245-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე მა-------–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. შეწყდეს მოსარჩელე მა-------–-------–---–ს (პ.ნ. 45001034447) და მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ს (პ.ნ. 59001101460) შორის 2016 წლის 14 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი 54163000036) და მეუღლეები განქორწინდნენ;
1.2. მოპასუხე ვე------ ლ-------–---–ს არასრულწლოვანი შვილის ან-------- ლ-------–---–ის (დაბადებული 24.10.2017 წელს; პ.ნ. 01450155216) რჩენა აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 14.02.2018 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
2. ვე------ ლ-------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1. ვე------ ლ-------–---–ს მიეცეს უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ან-------- ლ-------–---–ი (დაბადებული 24.10.2017 წელს; პ.ნ. 01450155216) ყოველი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
2.2. ვე------ ლ-------–---–ს მიეცეს უფლება, არასრულწლოვანი ან-------- ლ-------–---–ი (დაბადებული 24.10.2017 წელს; პ.ნ. 01450155216) ორი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ყოველი თვის ერთ-ერთი კვირის შაბათ დღეს 10:00 საათიდან წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში და კვირა დღეს 19:00 საათზე ბავშვი დააბრუნოს დედასთან - მა-------–-------–---–თან;
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე